ახალი ამბები

გავმკლავებივარ და ახლაც გავუმკლავდები – ანა სუბელიანის ზეპირი ისტორია 5 ივლისის შემდეგ

28 ივლისი, 2021 • 2662
გავმკლავებივარ და ახლაც გავუმკლავდები – ანა სუბელიანის ზეპირი ისტორია 5 ივლისის შემდეგ

როგორ აისახა 5 ივლისის მოვლენები ქვიარ თემსა და აქტივისტებზე? “ნეტგაზეთი” იწყებს ზეპირი ისტორიების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ “თბილისი პრაიდის” აქტივისტის, ანა სუბელიანის ისტორიას:


5 ივლისი: რას (არ) ველოდი

გულწრფელი რომ ვიყო, ის, რაც მოხდა 5 ივლისს, რაღაცებში ნამდვილად ასცდა ჩემს მოლოდინებს, თუმცა რაღაცები სწორად გვქონდა გათვლილი. მაგალითად,  ე.წ. კონტრაქციის მონაწილეები რაოდენობრივად ძალიან ბევრნი არ იქნებოდნენ – ეს ზუსტად განვსაზღვრეთ.  შსს-სთან შეხვედრებზე [უწყების წარმომადგენლები] გვეუბნებოდნენ, რომ მათი რაოდენობა მიაღწევდა 30 000-ს, ხანდახან გვისახელებდნენ 50 000-ს… ეს რომ აბსურდი იყო, თავიდანვე ვაანალიზებდით.

თუმცა, იმასთან დაკავშირებით, როგორი ხარისხითაც გამოვლინდა ეს ძალადობა — რომ დილიდანვე დაიწყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოფისებში შეიჭრნენ და ოფის-ოფის დაგვდევდნენ… — ასეთ ფორმებს ნამდვილად არ ველოდით.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვაანალიზებდით, რომ რისკები არსებობდა. არ გვინდოდა, სახელმწიფოსთვის გვეჩვენებინა, რომ ერთ-ერთ ალტერნატივად მარშის გაუქმებას განვიხილავდით, თუმცა, შიგნით, საორგანიზაციო ჯგუფში ამაზე მსჯელობა მიდიოდა: 5-ში დილით დავაკვირდებოდით მოვლენებს, ვნახავდით, რას გააკეთებდა შსს ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად და თუკი ჩავთვლიდით, რომ მარშის ჩატარება სრულიად ირაციონალური რისკი იქნებოდა, ვაპირებდით რამდენიმე საათით ადრე გაგვეუქმებინა ღონისძიება.

ასეც გავაკეთეთ, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. ვერ შევძელით ამ ძალადობის თავიდან აცილება, იმდენად ადრე დაიწყეს ძალადობრივ ქმედებებზე გადასვლა. იქ აღარ იყო საუბარი იმაზე, რომ ღირსების მარშის ჩატარებაში გვიშლიდნენ ხელს. ისინი გვდევნიდნენ: მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ, ნადირობდნენ ჩვენზე.

როცა იცი, რომ სამიზნე ხარ და შენს მოსაკლავად მოდიან, გარბიხარ, რაღაცას შეეფარები… მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებულნი აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ასეთი საფრთხე დაემუქრებოდათ. მათზე აგრესია აქამდეც ყოფილა, მაგალითად, ასე მოხდა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერაზე კინოთეატრ “ამირანთან”, მაგრამ ასეთი მასშტაბით და ასეთი ფორმით ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. სამწუხაროდ, სწორედ ამას ემსხვერპლა ლექსო ლაშქარავა. მირანდაც ამის მსხვერპლი აღმოჩნდა.

“მორბიან ჯოჯოხეთური ხმებით”

როგორც კი მივიღეთ შეტყობინება “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტისგან, რომ [ძალადობრივი ჯგუფები] “სირცხვილიას” ოფისისკენ მოდიოდნენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ძალიან სწრაფად დაგვეტოვებინა შენობა. მირანდამ და ლექსომ გადაწყვიტეს, მშვიდად გამოსულიყვნენ, დაესრულებინათ ჩართვა და გადაეღოთ მნიშვნელოვანი კადრები. მათ ძალიან, ძალიან არ გაუმართლათ. რუსთაველზეც იყვნენ ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტები, მაგრამ გაშლილ სივრცეში გაქცევის საშუალება მაინც გაქვს. კიბის უჯრედში ამდენი ადამიანი ასე უსწორდებოდა ორ ადამიანს.

ისინი მორბოდნენ დაგეშილები ჩვენთვის ანგარიშის გასასწორებლად. პირდაპირ თქვეს, რომ სწორედ იმ ოფისში იყვნენ შეკრებილნი “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები. პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა.

კიბეზე ჩამორბენის შემდეგ, შენობიდან გასვლისას, გამახსენდა, რომ სკუტერი მეყენა შესასვლელთან. არ ვიცი, რა დროს ამაზე ფიქრი იყო, მაგრამ ვიფიქრე, ამ სკუტერს გადავარჩენ-მეთქი. გავედი სკუტერის შემოსაყვანად, მე და ჩემს ძმას ამოგვქონდა და ამ დროს გვესმის, რომ მორბიან ჯოჯოხეთური ხმებით, მომენტებში “სუბელიანიც” ისმის. მათ რომ დავეჭირე, ზუსტად ვიცი, რომ იმდენად შევიდოდნენ ძალადობის ვნებაში, იქვე მომკლავდნენ.

მოვასწარით უცებ [სადარბაზოში] შევარდნა, კარის დაკეტვა და სანამ უკანა კარიდან გავრბოდით, უკვე გვესმოდა წინა კარის მტვრევის ხმა. ძალიან მალე ჩაამტვრიეს, თუმცა პატარა ბარიერი მაინც შეექმნათ და მის ხარჯზე მოვასწარით გასვლა. ამის პარალელურად ხდება ის, რომ [მოძალადეების] ნაწილი არბის სადარბაზოში და ლექსოს და მირანდას ესხმის თავს.

“კაცმა გვითხრა, რომ თავად მოგვკლავდა, თუ არ წავიდოდით”

უკან გაქცეულთა ნაწილმა მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა და წასვლა, მე და რამდენიმე ადამიანი კი, რომლებიც სკუტერის შეყვანაში მეხმარებოდნენ, აღმოვჩნდით ცოტათი უფრო უკან და დავრჩით ტრანსპორტის გარეშე. ეს უბანი არც ვიცი წესიერად. ბოლოს ერთ ჩიხამდე მივედით, საიდანაც ვერსად ვეღარ გავიქცეოდით. გადარჩენის ერთადერთ გზად წარმოგვედგინა, რომ რომელიმე ოჯახს შევეშვით სახლში.

სამ კარზე დავაკაკუნეთ. ერთმა საერთოდ არ გაგვიღო. ერთმა გაგვიღო და გვითხრა, რომ ქმარი ჰყავდა ცუდად და ვერ შეგვიშვებდა. მესამე კაცმა გვითხრა, რომ თავად მოგვკლავდა, თუ არ წავიდოდით. ჩხუბი და ყვირილი დაგვიწყო, თქვენ თუ კარგი ხალხი ხართ, აქ რა გინდათო. ძალიან არ გაგვიმართლა ამაშიც. მერე ამ კაცს ვეხვეწებოდით, არსად შემოვალთ, უბრალოდ, ჩუმად იყავით, რომ არ გაიგონ იმათ-მეთქი.

ხმით ვხვდებოდით, რომ ძალიან გვიახლოვდებოდნენ. ძალიან პატარა სიგანის რაღაც გვფარავდა კედელზე ატუზულებს. პროფილში ვიდექით, რომ ცხვირი არ გამოგვჩენოდა შემთხვევით. საბედნიეროდ, არ შემოუხედავთ ჩვენთან. მაგრამ, აშკარად გვეძებდნენ.

სამნი ვიყავით, რომელთა იდენტიფიცირებაც ადვილად შეეძლოთ — მე, ჩემი ძმა დათო სუბელიანი და ეთო ბუზიაშვილი. თუმც, ჩვენთან ერთად მორბოდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ მარტივად იდენტიფიცირებადნი. თქვეს, გავიხედავთ, რა ხდებაო და გავიდნენ ამ ხალხში.  ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ და ამაზე ცალკე პანიკა გვქონდა. საბედნიეროდ, არაფერი შემთხვევიათ. ბოლოს ტაქსი გააჩერეს რაღაცნაირად, შემოიყვანეს იქ და გაგვიყვანეს იმ ტერიტორიიდან.

დევნა ოფისიდან ოფისში

ამის შემდეგ გაეროს ოფისში მივედით. იქვე მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დილით “სირცხვილიას” ოფისში ვერ შემოგვიერთდნენ, თავდასხმის გამო.

იქვე გადავწყვიტეთ, რომ ვაუქმებდით პრაიდს, იმიტომ, რომ სრული სიგიჟე ხდებოდა, ვიგებდით, რომ რუსთაველზე ჟურნალისტებსაც აგრესიულად ექცეოდნენ, იყვნენ უკონტროლოები… იმ მომენტში ლექსოს ამბავი არ ვიცოდი. თუმცა გვესმოდა სხვა ჟურნალისტების ამბები, ვხვდებოდით, რომ უკონტროლო სიტუაცია იყო და დავიწყეთ მუშაობა განცხადებაზე ღირსების მარშის გაუქმების შესახებ.

ამავდროულად ვიგებთ, რომ “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ, ყველაფერი დალეწეს. საშინელი კადრები იყო. პატარა ლეკვი გვყავდა იქ. ეს ცალკე ტრავმა იყო ჩვენთვის: თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად, რაღაც სამალავი მოუძებნია.

პრაიდის ოფისში შეჭრასთან დაკავშირებით გაეროს ოფისიდან ვურეკავდი შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც დადიოდა ჩვენთან შეხვედრებზე და წინა საღამოსაც შევხვდით. ყოველთვის ხაზზე იყო, როცა საჭირო იყო მანამდე. იმ დღეს საერთოდ გვაიგნორებდნენ. სხვებთანაც რეკავდნენ [აქტივისტები], თუმცა სრულიად გაწყვეტილი იყო ჩვენთან კომუნიკაციის ყველა არხი.

გაეროს ოფისში შეკრებიდან ძალიან მალევე ვიგებთ, რომ იქაც მოდიან… რომ საეჭვო ადამიანები იწყებდნენ შეკრებას და ძალიან მალე იზრდებოდა მათი რაოდენობა. საკმაოდ პატარა სივრცეა გაეროს ოფისი, ნორმალურად ვერც ვეტეოდით, დიდად დაცულიც არ იყო ის სადარბაზო… ამიტომ, გვირჩიეს, წავსულიყავით “ადამიანის უფლებათა სახლში”, შედარებით დაცული, უსაფრთხო სივრცეა და თან უფრო დაშორებულია ცენტრალური უბნებიდან, ადვილად ვერ მოგვაგნებდნენ.

გამოვედით, ერთმანეთის მანქანებში ვსხდებოდით 5-5 და 6-6. მე უსაფრთხოდ გამოვედი, თუმცა გიორგი თაბაგარმა რამდენიმე წამით დააგვიანა თავის მანქანასთან მისვლა, რადგან უფრო მოშორებით ეყენა. როცა სხდებოდნენ მანქანაში თაბაგარი და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები — თორნიკე და დათო — რომლებიც თან ახლდნენ მას, თორნიკეს სცემეს. ეს რომ დაინახა, დათო გადავიდა მანქანიდან, გიორგიმ კი ძლივს მოასწრო მანქანის ჩაკეტვა, თორემ უმტვრევდნენ უკვე.

ვიღაცებმა საერთოდაც ვერ მოასწრეს ოფისიდან გამოსვლა, შებრუნდნენ და დღის ბოლომდე გაეროში მოუწიათ დარჩენა. მერე უკვე მობილიზდა პოლიცია, რადგან მაინც გაეროა და არ დაუშვეს თავდასხმა.

“უკვე იმასაც ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა, ბომბი აეფეთქებინათ”

გაეროდან წავედით “ადამიანის უფლებათა სახლში”. იქ კიდევ უფრო მეტნი ვიყავით, ვინაიდან უშუალოდ იმ ოფისში მომუშავე ორგანიზაციებიც შემოგვიერთდნენ მსჯელობაში, გვამხნევებდნენ. შენობა სამსართულიანია, თუმცა, ჩვენ სარდაფში ვიყავით, მიწისქვეშა სივრცეში, სადაც ასევე სამუშაო სივრცეა მოწყობილი. თითქოს დაცულად უნდა გვეგრძნო თავი: ვერც წარმოგვედგინა, რომ მანდ მოგვაგნებდნენ.

ვართ იმ პროცესში, რომ მარშის გაუქმების შესახებ განცხადება უნდა დავასრულოთ და დავდოთ და უცებ ისმის აფეთქების ხმა. ჩამორბის კიბეზე გვანცა პერტია, რომელიც ეზოში იყო მანამდე და მუცელზე აქვს სისხლი. სანამ გავიგეთ, რომ სერიოზული დაზიანება არ ჰქონია, ჩემი დამემართა. აღმოჩნდა, რომ ასაფეთქებლის ნაწილი მოხვდა და დაუზიანა მუცელი. თუმცა, ასეთი რამ თვალში რომ მოგხვდეს, თვალს დაკარგავ, სულ მცირე.

უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, იმასაც ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა, ბომბი აეფეთქებინათ. ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, ნადირობა, რომელიც წაახალისა სახელმწიფომ.

მერე დაგვირეკა ნიკა გვარამიამ და გვითხრა, რომ გამოგვიგზავნიდა ბრონირებულ მანქანებს დაცვის თანხლებით და გაგვიყვანდა იმ სივრციდან სადმე, უსაფრთხო სივრცეში. შემოგვთავაზა “მთავარი არხის” ერთ-ერთ პავილიონში გადასვლა, რომელსაც დიდი ეზო და გალავანი აქვს. კომფორტულადაც იქნებით ამ სივრცეში და დაცულადაც იგრძნობთ თავსო.

იქ რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ იმ დიდი გალავნის კარი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. რომ გადაწყვიტეს დახურვა, ის უზარმაზარი კარი გადმოვარდა და დაეცა ადვოკატ გიორგი მახარაძეს. სკუტერით იყო და ამ უზარმაზარი კარის ქვეშ მოექცა. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. თან სასწრაფოს ველოდებით და თან ვფიქრობდით, იმ სიტუაციაში რომ მოეკითხათ ჩვენთვის [ჰომოფობიურ ჯგუფებს], გიორგისაც გადათელავდნენ, არავინ  ვიქნებოდით დაცული.

საბედნიეროდ, გიორგი მალე წაიყვანა სასწრაფომ, ჩვენც მანქანებით გაგვიყვანეს, თუმცა არავითარი სივრცე არ გაგვაჩნდა უკვე, სადაც ერთად შევიკრიბებოდით, ვიმუშავებდით, რაღაც უკუკავშირს მივცემდით საზოგადოებას.

5-ში ჩვენი ხმა საერთოდ არ ისმოდა, იმ ერთი განცხადების გარდა. არც შემდგომ დღეებში, სიმართლე რომ ვთქვათ. არავის აღარ აინტერესებდა შემდეგ, რა გადაგვხდა 5-ში და რა გამოვიარეთ. ამ პროტესტის ფოკუსიც ძალიან დავიწროვდა, როცა პირიქით, ფართო უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით. ამაზე ცოტათი მწყდება გული.

შემდეგ ერთმანეთის სახლებში მოგვიწია გადანაწილება. მთელი დღის განმავლობაში ვწვალობდით, რომ რაღაც მომენტში მაინც შეკრების და სულ მცირე, ემოციების გაზიარების საშუალება მოგვცემოდა. მე პირადად 8 ლოკაცია გამოვიცვალე. მთელი დღე გავატარე მანქანაში, ნერვიულობაში და იმის გადამოწმებაში, ყველა ცოცხალი იყო თუ არა. მეტი მიზანი არ გამაჩნდა. ვერც ვერაფერს გავაკეთებდი.

მოძალადეების საეჭვო ოპერატიულობა და უმოქმედო სახელმწიფო

საკომუნიკაციოდ დაცულ პლატფორმებს ვიყენებდით, სატელეფონო ზარებზე უარი ვთქვით, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ადგილსამყოფელს ძალიან მალე იგებდა სუსი, ალბათ, რადგან ეს ადამიანები პირდაპირ ვერ გაიგებდნენ.

მართლა ვერ ვხვდები, სხვა რა ბერკეტი უნდა ჰქონოდათ ძალადობრივ ჯგუფებს, თუ არა სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მის ხელში არსებული მექანიზმები ადამიანების მოსმენისთვის, მათი კონტროლისთვის. სხვა რა მექანიზმები შეიძლებოდა ჰქონოდათ? ასე ოპერატიულად, ასე სწრაფად ინფორმაციის მიღება ჩვენ შესახებ… ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. თუ ვინმე დამარწმუნებს ამის საპირისპიროში, მოვისმენ. თუმცა ჩემთვის ერთადერთი ლოგიკა მუშაობს…

ერთი სიახლე იყო ჩემთვის 5 ივლისს, რომელიც მანამდე არსებულ მოლოდინებს ასცდა:

რა თქმა უნდა, [ფაქტია], რომ სახელმწიფო არ იქცეოდა კეთილსინდისიერად, არ გაუკეთებია არცერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ძალადობას არ დაუშვებდა და არცერთი ორგანიზატორი და ძალადობისკენ მომწოდებელი ადამიანი არ დაუკავებიათ. არაფერი გაუკეთებიათ, რაც უნდა გაეკეთებინათ.

მაგრამ ამას ვხსნიდი ისე, რომ ღია დაპირისპირებაში არ უნდოდა მათთან შესვლა, მით უმეტეს, საპატრიარქო იყო პროცესში ჩართული. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ამის ძალა არ ჰყოფნიდა ხელისუფლებას და ცდილობდა, ჩვენ მივეყვანეთ იმ მდგომარეობამდე, რომ უბრალოდ უარი გვეთქვა მარშის ჩატარებაზე.

ეს იყო ჩემი მოლოდინი, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად ფასდებოდა, მაგრამ შიგნით არ წარმოგვედგინა, რომ სისხლისღვრას და ადამიანების ასეთ სერიოზულ დაზიანებას დაუშვებდნენ. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს ხელისუფლებას არ აწყობდა. თუ მაინც მოუწევდათ ამ რეალობის წინაშე დადგომა, ბოლო-ბოლო, რაღაცას გააკეთებდნენ და ცოტათი მაინც დაიცავდნენ ადამიანებს.

[მხოლოდ] ის კი არ არის, რომ სუსტად იმუშავეს, საერთოდ არ იმუშავეს. და მეტიც: ითანამშრომლეს მათთან. ეხმარებოდნენ მოგნებაში, გზას უხსნიდნენ მოძალადეებს ჩვენკენ. სხვა რა შეფასება უნდა გაკეთდეს, მართლა არ მესმის.

6 ივლისის მუხტი

მახსოვს, 5 ივლისს [ღამით] “სირცხვილიას” ოფისში დავრჩი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იქ ვიგრძენი თავი შედარებით უსაფრთხოდ, ჩემიანებთან ყოფნის ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გავითიშე და 6 ივლისის შუადღემდე მეძინა.

მახსოვს, რაღაც მომენტში ჩვენი გამგეობის თავმჯდომარემ, ლელა ცისკარიშვილმა დამირეკა. გამეღვიძა, პატარა საუბარი მქონდა. მითხრა, აქცია იგეგმება დღეს საღამოს და ცოტათი გავაქტიურდეთო. მართლა ასე მოხდა, რომ 6 ივლისის აქცია ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად დაიგეგმა. რა თქმა უნდა, იყო კომუნიკაცია ჩვენს წარმომადგენლებთან, თუმცა მაინც თავისით დაიგეგმა. ცხადია, ორგანიზატორებს ამის სრული უფლება ჰქონდათ და ძალიან კარგიც ქნეს, რაც გააკეთეს. ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა იყო და კარგი იყო ისიც, რომ მაინცდამაინც ჩვენ კი არა, სხვა ადამიანებმა აიღეს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე. მახსოვს, ძალიან გამიხარდა ეს, დავმშვიდდი და კიდევ რამდენიმე საათით განვაგრძე ძილი.

ძალიან დანგრეული ვიყავი ემოციურად. ძალიან მიჭირდა ყველაფერი. მაგრამ 6-ში აქციაზე იმხელა მუხტი ვიგრძენით, ისეთი დიდი ბედნიერება იყო ის, რომ ლგბტ თემის უამრავი წევრი მოვიდა და თავს გრძნობდა უსაფრთხოდ… ესეც უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან გარედან[ძალადობრივი ჯგუფებისგან] საფრთხე ძალიან დიდი იყო, რეალურად. საშინელებებს ისროდნენ – ბოთლებში ქვიშა, შუშები იყო ჩაყრილი… ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა მოხვედროდა და თავი გახეთქოდა.

მაგრამ აქ უფრო ემოციურ უსაფრთხოებაზე მაქვს საუბარი, ფსიქოლოგიურად როგორ გრძნობდნენ თავს თემის წევრები. ის, რომ დროშის გაშლა შევძელით, ის, რომ საქართველოს ჰიმნი ვიმღერეთ ყველამ ერთად ამ დროშის ფონზე… ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი. ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი და შეიძლება, ყველა მათგანი ღირსების მარშზე არ გამოსულიყო, მაგრამ ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო ის, რომ მათ გამოხატეს სოლიდარობა როგორც ქვიარ თემის, ისე ჟურნალისტების მიმართ და გააპროტესტეს სიძულვილი, რომლის წინაშეც დავდექით.

რაღაცნაირად კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ჩანდა ბევრი საფრთხე და დარღვევები პოლიციის მხრიდან. [ასე რომ] კარგი განწყობით წავედი იქიდან. განცდა გამიჩნდა, რომ სულ მცირე ის რამდენიმე ათასი ადამიანი ერთნი ვართ, მთავარ ღირებულებებში ვერთიანდებით და შეიძლება, ეს კარგი პროცესების დასაწყისიც იყოს-მეთქი.

ლექსო ლაშქარავა

შეიძლება, ასეც ყოფილიყო, უფრო მოვძლიერებულიყავით საზოგადოება და სხვა ხარისხის ბრძოლაში თუ მუშაობაში გადაგვეზარდა ეს ყველაფერი, რომ არა უკვე ლექსოს გარდაცვალება, რომელმაც, არ ვიცი, ყველა გაგვანადგურა. ეს იყო ყველაზე მძიმე მოვლენა.

მანამდე, 11 ივლისამდე რომ ვლაპარაკობდი ჩემს განწყობებზე, ის მიხაროდა, რომ მსხვერპლი არ იყო და იმ მასშტაბის ძალადობიდან მსხვერპლის გარეშე გამოვძვერით. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. შემდეგ იყო გარდაცვლილის დისკრედიტაცია, სტიგმებითა და სენტიმენტებით თამაში…

არც ვიცით, რა არის სიმართლე და რა ტყუილი ამ ამბავში, იმდენად დარღვევებით წარიმართა პროცესი, მიცვალებულის გატაცებით დაწყებული. მაგრამ სულ რომ დავუშვათ ასეთი რეალობა, რომ ლექსო ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, ჩემთვის მაინც არ წყდება კავშირი 5 ივლისსა და ამ მოვლენებს შორის: ის, რომ ამ ადამიანს მიღებული ჰქონდა ძალიან მწვავე ტკივილები, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა, ძალიან დიდი დამცირება… და ფონად ის, რომ ობიექტურად მას უკეთებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ტკივილების შესამსუბუქებლად. რომც დავუშვათ ასეთი რეალობა, ეს არ ბანს პირს მთავრობას.

ლექსოს ცემის შემდეგ არც მორგოშიაა დაკავებული, არც მახარაძე… ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ვუსახელებდით შსს-ს 5 ივლისამდე, მათთან შეხვედრების დროს. ვიდეოებს, მტკიცებულებებს ვაჩვენებდით, ვეუბნებოდით, რომ ეს ხალხი იყო დასაკავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საშიში პროცესები გველოდა. ერთხელ გომელაურის მოადგილემ, დარახველიძემ გვითხრა: კარგი ახლა, მახარაძე რომ დავიჭირო, ეს შეაკავებს ამ ხალხსო? ვითომც არაფერი. მაშინ გავაუქმოთ სახელმწიფო, თუ ვერავინ ვერავის შეაკავებს.

რეალურად, მნიშვნელოვნად შეეძლოთ ლიდერების დაკავებით ამ ჯგუფების მობილიზების შეფერხება, თუ, რა თქმა უნდა, მათთან ალიანსში არ იყვნენ და არ სჭირდებათ ამ ხალხის გამოყენება ბინძურ საქმეებში. მგონია, რომ ამ ადამიანებს სამომავლოდაც გამოიყენებენ, უკვე წინასაარჩევნოდ, ოპონენტებისა და ამომრჩევლების მიმართ აგრესიისთვის. ამ ტოტის მოჭრა არ სურს მთავრობას.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად ლაგდება რუსული სცენარის ნაწილად. ვიცით, ეს ჯგუფები არიან დაფინანსებულნი რუსეთის მიერ, საპატრიარქოს თავის მხრივ აქვს მკაფიო კავშირები რუსეთთან და ეს სამი რგოლი — ძალადობრივი ჯგუფები, საპატრიარქო, მთავრობა— როგორ იკვეთება ერთმანეთთან, ამასაც კარგად ვხედავთ.

როგორ აისახა ივლისის მოვლენები ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

საკმაოდ მძიმედ. ახლა ანტიდეპრესანტებს ვიწყებ. გამოცდილი მაქვს მსგავსი ამბები, მძიმე ეპიზოდები ჩემი აქტივიზმის ფარგლებში, რომლებსაც მოჰყოლია კონკრეტული შედეგები ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ გამოცდილებამ კარგად მასწავლა, როგორ გავუმკლავდე და დასაწყისშივე დავუხვდე [ამ პროცესებს]. მაგრამ ეს დღეები, ცხადია, მძიმე იყო.

ლექსოს გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა ემოციური ფონი და ჩემთვის, როგორც პრაიდის ორგანიზატორისთვის, დამატებითი ტვირთი და სიმძიმეა ემოციურად. ლექსოს ყოფილი მეუღლე და მისი შვილი ვნახე. ძალიან ბევრი ვისაუბრე მის ყოფილ მეუღლესთან, გავცვალეთ ემოციები, მხარდაჭერა გამოვუხატეთ ერთმანეთს… ძალიან გვჭირდებოდა ამ ყველაფრის გაზიარება. მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გამოცდილებების მიღება შევძლოთ. ეს ცოტათი გვშველის. მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებული ვიყავი მაინც.

რთული პერიოდია. ერთმანეთს ენაცვლება ხან საბრძოლო განწყობა, ხან ის, რომ შეიძლება, ადგილიდან ვერ დგებოდე, იმდენად იყო გამოფიტული. შფოთვები, ძილის სრულიად დარღვევა, კოშმარები… მაგრამ, გამკლავებადია. გავმკლავებივარ და ახლაც გავუმკლავდები. უბრალოდ, რთულია ის, რომ ისეთ პერიოდს ემთხვევა ეს ყველაფერი, როცა მნიშვნელოვანია შენი წარმომადგენლობა პროცესში, შეფასების გაკეთება, იმ ჯგუფების ხმის გაჟღერება, რომელთათვისაც იბრძვი…

მაგრამ რაღაცნაირად ვიკრებთ ძალას. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ბალანსი, თავებსაც გავუფრთხილდეთ და არც კავშირი დავკარგოთ მნიშვნელოვან საკითხებთან. აგვისტოში სამუშაო პერიოდი აქტიური ვერ არის ხოლმე ისედაც, თუმცა, ვფიქრობ, სექტემბრიდან სულ სხვა ტიპის მუშაობაზე უნდა გადავიდეს “თბილისი პრაიდი”. პოზიტიურად უნდა გამოიყენოს ის მხარდაჭერა, რომელიც ნამდვილად მოიპოვა; გამოიყენოს თემისთვის, საზოგადოებისთვის, მიზნებისთვის, რომელთათვისაც იღვწის… ეს ძალიან კარგი რესურსია ახალი ეტაპის დაწყებისთვის. ბრძოლა ძალიან ჭკვიანურად, სტრატეგიულად არის გასაგრძელებელი იმ დეზინფორმაციის ფონზე, რომელსაც აღვივებენ ჩვენ მიმართ.

“…შეიძლება, ვინმე შემხვდეს და რამე დამიშავოს”

უსაფრთხოების განცდა ძალიან შემცირებულია, რა თქმა უნდა. იმ დღეს მარტო სეირნობა მომინდა. გავისეირნე, მაგრამ რამდენჯერმე ამოტივტივდა ის ფიქრი, რომ შეიძლება, ვინმე შემხვდეს და რამე დამიშავოს.

ეს ძალიან არასასიამოვნოა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე არის ჩემი 11 წლის შვილის ფაქტორი. მას 7 წლიდან უკეთია საყურე. ასეთ გარემოში გაიზარდა, მამამისსაც საყურე უკეთია, ჩვეულებრივი ამბავია, მოუნდა და გაიკეთა. თმაც აქვს ახლა შეღებილი. მის სამეგობროში ბევრია ასეთი, ასე გამოხატავენ თავს. ეს ბავშვი ახლა საყურეს იხსნის და ასე გადის გარეთ.

იმ დღეს მისი და მისი მეგობრის საუბარს შევესწარი. ორივეს თმა აქვს შეღებილი სასაცილო ფერებად. განიხილავდნენ იმას, რომ გარეთ შეიძლება ვინმემ რამე დაგვიშავოს და მოდი, ერთად ვიაროთ, ასე ჯობიაო. არ ვიცი. ეს არის კატასტროფა. ეს ჩემთვის ძალიან წითელი ხაზია. 11 წლის შვილი რომ საფრთხეს გრძნობს ქუჩაში, ესე იგი, რაღაც ძალიან ცუდი ხდება. ჩვენ, დიდებმა, ვიცით, რომ არის რაღაცები არასწორად ამ ქვეყანაში, მაგრამ უკვე ბავშვებამდე რომ მიდის… ჩვენ ხომ ვნახეთ ფაქტები, რომ 15, 16 წლის ბავშვებს დაესხნენ თავს? მართლა ყველას გვეხება უკვე ეს ამბავი. ყველას.

ვარ ფხიზლად, ყურადღებით… ვაკვირდები, უბანში ჩემ მიმართ განწყობები ხომ არ შეიცვალა. წინათ სადაც ვცხოვრობდი, იქ იყო ფაქტი, რომ ორმა კაცმა ამომიჩემა. ცდილობდნენ ჩემთან კონფლიქტში შემოსვლას. ზოგჯერ სხვებიც აჰყვებოდნენ ხოლმე. ჩხუბში უხსენებიათ “პიდარასტების დამცველი” და ა.შ. ახლა სადაც ვცხოვრობ, მსგავსი გამოცდილება არ მქონია. ყველა ნორმალურად მესალმება. ახლა იყო ერთადერთი შემთხვევა: ჟურნალისტი იყო მოსული, ინტერვიუს ვაძლევდი ეზოში. ვიღაც ქალმა ჩაიარა, რომელიც, სავარაუდოდ, იქვე ცხოვრობდა. “არ მოგვწონს ჩვენ ასეთი რაღაცები!..” ეს თქვა და წავიდა.

ისეთი სერიოზული პრობლემა პირადად მე არ შემქმნია. სიმართლე გითხრათ, ბევრი გადაადგილება არც მქონია. ამ დღეებში ან სახლში ვარ, ან “სირცხვილიას” ოფისში თუ გავალ. ძალიან ვიწრო წრეა ადამიანების და, შესაბამისად, ლოკაციების, სადაც, შეიძლება, ამოვყო თავი. მაგრამ ბევრი ნაცნობისგან მესმის… არა მხოლოდ თემის წევრებისგან, არამედ მათგან, ვინც, მე რომ მკითხოთ, ლამაზად გამოიყურება, [ვიღაცისთვის] კი — გარყვნილად და გამაღიზიანებლად.

ერთმა გოგომ მომიყვა, რომ მეტროში ვიღაც კაცს დაუწყია მესამე პირში გინება: “ამას ხომ უნდა ის უქნა და ეს უქნა”… საუბარია სიფრიფანა გოგოზე, რომელსაც ვარდისფერი თმა აქვს. ამ გოგოს მოუკრებია ძალა, ძალიან შეუტევია. თუ კიდევ ერთ სიტყვას იტყვი, პატრულში დავრეკავო. ეს კაცი ეგრევე ჩასულა ვაგონიდან.

ბუნებრივია, ასეთ დროს რთულია, უსაფრთხოების განცდა გქონდეს და ლაღად გადაადგილდებოდე. ეს არის იმის შედეგი, რომ მოძალადეებს აქვთ მწვანე შუქი ანთებული ხელისუფლებისგან. მათ აქვთ განცდა, რომ მათი ქცევა მოწონებულია ამ ქვეყნის ორი უდიდესი ინსტიტუციის მიერ — სახელმწიფოსგან და საპატრიარქოსგან.

აქვს კი ბრძოლას აზრი?

ყოველდღე ვკითხულობ ამას. სულ არის ეს ფიქრები და არ მოვიტყუები, რომ მუდმივად საბრძოლო განწყობაზე ვარ. არ არის ეგრე იმიტომ, რომ ძალიან დიდ იმედგაცრუებას იღებ ამ პროცესში არა მხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ იმ ადამიანებისგანაც, ვინც პარტნიორებად წარმოგიდგენია ბრძოლაში. ემოციურად ძალიან რთულია. გიჩნდება განცდა, კითხვა, რომ მართლა რა მინდა ამ ქვეყანაში? მაგრამ ისე ხდება, რომ ამ იმედგაცრუებას მალე ენაცვლება ხოლმე საბრძოლო განწყობა ისევ.

ახლა ვხვდები, რომ მჭირდება ცოტა დასვენება, ამოსუნთქვა, ამ მოვლენებზე შორიდან შეხედვა და გააზრება. ვალაგებთ, რა უნდა იყოს პრაიდის შემდეგი წლის მიზანი, მთავარი ამოცანა… რაზე უნდა იმუშაოს და როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. ვგრძნობ, რომ ამ საბრძოლო განწყობასაც ვუბრუნდები. წინა დღეებში უფრო მიჭირდა.

“ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს”

მე მგონია, რომ მთლიანობაში პრაიდის სტრატეგია არის სწორი. რა თქმა უნდა, რაღაც შეცდომებს ვუშვებთ. ამ შეცდომებს გააზრება სჭირდება. ახალი ფორმების ძებნა შეიძლება რაღაც მომენტში. მაგრამ მთლიანობაში, ის ხედვა, რაც პრაიდს ჰქონდა აქამდე, ისეთივე რჩება, როგორიც იყო.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხილვადობა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. ყოველდღე ვიღებ დასტურს, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვანია. მაგალითად, გავიცანი ახალგაზრდა მუსლიმი აქტივისტი, რომელიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა. შემდეგ გადავედი გვერდიდან გვერდზე და აღმოვაჩინე, რომ მუსლიმი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი — შეიძლება, არა ძალიან ბევრი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქტიური ნაწილი — ძალიან აქტიურად გამოხატავს ჩვენდამი მხარდაჭერას. 5 ივლისს განცხადებაც დაუდიათ, ცალ-ცალკე პოსტებიც დაუწერიათ… ყველაფერი ვნახე, მთელი ღამე გავათენე ამის თვალიერებაში, ისეთი ბედნიერი ვიყავი…

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ სხვა ჯგუფებს, რომლებიც ასევე განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას, დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ საერთო ბრძოლაში… დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება, ჩვენი მოძრაობები გადაიკვეთოს. სექტემბრიდან ვფიქრობ, რომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი უფრო მეტად.

ეს არის ერთი მაგალითი და ამის მსგავსი ძალიან ბევრია. ბევრი გვწერს რეგიონებიდან, სოფლებიდან… თუმცა არის გაზრდილი აგრესიაც, რომელიც დიდი გამოწვევაა. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ მოვლენებს, როგორიც იყო 5 ივლისი, მოჰყვებოდა ხოლმე თითქოს უფრო მომატებული აგრესია ქუჩებში. მერე უცებ ცხრებოდა.

ახლა ცოტა სხვა რეალობაში ვართ, ვინაიდან სახელმწიფო ამ ჯგუფების ასე ღიად მხარდამჭერი აქამდე არ ყოფილა. ამიტომ არ ვიცი. თან მაქვს იმედი, რომ ეს ჩაცხრება და, წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო თუ არ შეცვლის თავის რიტორიკას, გვაქვს იმის რისკიც, რომ საკმაოდ საშიში რეალობის წინაშე დავდგეთ მთელი საზოგადოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი