ახალი ამბები

საკრებულოს თბილისის ქუჩისთვის სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭება სურს

22 ივლისი, 2021 • 1818
საკრებულოს თბილისის ქუჩისთვის სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭება სურს

თბილისის საკრებულოს დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის ცნობილი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელის მინიჭება სურს. ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში, ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 31 წლისთავზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც საკრებულოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, იგეგმება, რომ სერგო ფარაჯანოვის სახელი მიენიჭოს ტერიტორიას მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩის შესახვევთან: იქ, სადაც რეჟისორი ცხოვრობდა.

“ამ დრომდე თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა არ გვქონდა. საზოგადოებას განსახილველად ვთავაზობთ იმ გეოგრაფიულ ობიექტს, სადაც დიდი კინორეჟისორი ცხოვრობდა”, — დასძინა სხდომაზე ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ ამაშუკელმა.

კანონმდებლობის თანახმად, საკითხის ინიცირებიდან არანაკლებ 20 დღეში უნდა დაინიშნოს საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თემატიკასთან ახლოს მყოფი ადამიანები  და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები. განხილვის ვადებზე ინფორმაციას მიაწვდიან განსახილველი გეოგრაფიული არეალის მცხოვრებლებსაც.

თუ საკითხს მხარდაჭერა ექნება, ის საკრებულოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დარეგისტრირდება და სახელდებაც განხორციელდება.

სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც მისი ერთ–ერთი პროფესორი უკრაინელი რეჟისორი ალექასანდერ დოვჟენკო იყო.

გადაღებული აქვს ფილმები: “მოლდავური ზღაპრები” (1951), “პირველი ჭაბუკი” (1953), “ანდრიუშა” (1954), “დუმკა” (1957), “ოქროს ხელები” (1957), “უკრაინული რაფსოდია” (1958), “ყვავილი ქვაზე” (1959), “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” (1964) და სხვ.

საბჭოთა ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე დააპატიმრეს, მათ შორის, 1973 წელს ჰომოსექსუალობის ბრალდებით, და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რეჟისორი ამბობდა:

“მე გამაჩნია სამი სამშობლო – საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე, და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე”.

გარეკნის ფოტოს მფლობელია ბაია დვალიშვილი; შესულია კოლექციაში “ციფრული ფოტომატიანე”

მასალების გადაბეჭდვის წესი