ახალი ამბები

რიში: იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება

21 ივლისი, 2021 •
რიში: იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება

აშშ-ის სენატის წევრმა აიდაჰოს შტატიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმ რიშმა სენატის საგარეო კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, რომ ის და „კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან იმით, რაც საქართველოში ხდება“.

მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს 53 დაზარალებულ ჟურნალისტზე და გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე.

საგარეო კომიტეტის მოსმენა 20 ივლისს ჩატარდა. კომიტეტმა, მათ შორის, განიხილა კარენ დონფრიდის კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

რა თქვა რიშმა – დეტალურად

თავისი გამოსვლა რესპუბლიკელმა სენატორმა ასე დაიწყო:

„საქართველოში სულ უფრო და უფრო მაღელვებს უკან გადადგმული ნაბიჯები. წინა კვირას 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

რამდენიმე მოსამართლე დანიშნეს უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ“.

შემდეგ კი, დონფრიდისთვის კითხვის დასმისას, საქართველოზე თქვა:

„მოდით, საქართველოს დავუბრუნდეთ. მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება. მე და სენატორი [ჯინ] შაჰინი ვიყავით იქ 2012 წლის ოქტომბერში. გვეგონა, ის არჩევნები ახლის დასაწყისი იქნებოდა, ამის შემდეგ კი რეგულარულად გვიცრუვდებოდა იმედი იქ მიმდინარე მოვლენების გამო.

სხვადასხვა პარტიიდან ჩამოდიან ხოლმე ვაშინგტონში და ყველა მათგანი ცდილობს, ჩვენც ჩაგვრთოს რომელიმე მხარის სასარგებლოდ მათ პოლიტიკურ მანევრებში.

ჩვენ ვეუბნებით, რომ თავად უნდა მოაგვარონ საკითხები და ჩვენ არავის მხარეს არ დავიჭერთ. მაგრამ მათ დიდი პროგრესი არ აქვთ. ზოგჯერ იმ წერტილამდე მივდივართ, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, გადავაფასოთ, სად ვართ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით“.

რა უპასუხა დონფრიდმა

რიშის კითხვამდე დონფრიდმა განაცხადა, რომ აშშ რუსულ აგრესიას, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით უნდა აღუდგეს წინ — „ჩვენ უნდა დავუპირსპირდეთ რუსულ აგრესიას და გვერდში ამოვუდგეთ მის მეზობლებს – უკრაინას, საქართველოს და ბელარუსს“.

რიშის კითხვაზე პასუხად კი მხარეებს 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიამდე საქართველის დიდი მანძილი აქვს გასავლელი:

„თუ დამამტკიცებენ პოსტზე, განვაგრძობ ძალისხმევის გაწევას 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა მხარეს, მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმებას.

არ შემიძლია საკმარისად არ გავუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო და სასამართლო რეფორმები საქართველოსთვის. როგორც იცით, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის დიდი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მანძილი ჯერ კიდევ აქვს დასაფარი. მე ამ მანძილის დაფარვას მოვითხოვ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი