საზოგადოება

„ამიტომ დავაწესეთ სანქციები…“ – რა თქვეს აშშ-ის სენატში საქართველოზე

26 ოქტომბერი, 2023 •
„ამიტომ დავაწესეთ სანქციები…“ – რა თქვეს აშშ-ის სენატში საქართველოზე

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით,  ახლა საკითხავია, საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები ხომ არ გადაწყვეტენ, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ ჯეიმს ობრაიენმა 25 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ჯეიმს ობრაიენი მიმდინარე წლის ზაფხულში იმყოფებოდა საქართველოში. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. 5 ოქტომბრიდან კი ჯეიმს ობრაიენი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად ყოფნას“, – განაცხადა ობრაიენმა.

მისი თქმით, ამჟამად აშშ-ისთვის გამოწვევაა,  ქართველ ხალხს ყოველ ჯერზე მიუთითოს, რომ ახლა გარდამტეხი წერტილია.

„ამიტომ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ობრაიენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარომამდგენელმა ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება.

„ეს გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“, –  განაცხადა ობრაიენმა.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, 25 ოქტომბერს სენატში განხილვის თემა იყო შავი ზღვის საკითხი, მათ შორის,  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი საზღვაო ბაზის განთავსება.

რესპუბლიკელი სენატორის პიტ რიკეტსის განცხადებით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

„შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი, გარდა იმისა, რომ ის აქციოს რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი, ფრენის აკრძალულ ზონად. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმზე და სევასტოპოლის პორტზე რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, – განაცხადა სენატორმა რიკეტსმა.

დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს.

„საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. ვლადიმირ პუტინისთვის შავი ზღვის რეგიონი ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რადგანაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად.  2022 წელს კი რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ  მისი ჩაგვრის ტაქტიკა არ იმუშავებდა.

შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ისტორიულად და სტრატეგიულად ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] შავ ზღვას მიიჩნევს თავისი იმპერიის ნაწილად. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო], რომ შავ ზღვაში არის ნატოს სამი არაწევრი და ორი ასპირანტი ქვეყანა. შავი ზღვა ეკონომიკური თვალსაზრისით მათთან დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი