ავტორი: საბა გუჯაბიძე, ამერიკის ხმა
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.
„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“,- ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან.
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნონ. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები უსმენდნენ USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს.
„ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი, მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ ისაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა „იუესეიდი“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა.
ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
„მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე და ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკან დახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“,- თქვა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება.
სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.
მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.