ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობა: პატიმრობა კიდევ 2 ბრალდებულს შეეფარდა

17 ივლისი, 2021 • 1337
5 ივლისის ძალადობა: პატიმრობა კიდევ 2 ბრალდებულს შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ პირს, რომელსაც 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობას ედავებიან. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 17 ივლისს მიიღო.

ხსენებულ 2 პირს ბრალი სასამართლო პროცესამდე 1 დღით ადრე წარუდგინეს. პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი ვ.ბ. სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, თავს დაესხა “ტვ პირველის” ოპერატორს, ლევან ბრეგვაძეს, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა არ აღიარა ცემის ეპიზოდში მონაწილეობდა, ადვოკატი კი 7 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დ.ქ.-ს: პროკურატურის ცნობით, ის თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ-ს, რომელიც ლგბტქი თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა.

“დ.ქ. და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წარდგენილი ბრალი არც დ.ქ.-მ აღიარა, მისმა ადვოკატმა კი 2 000 ლარიანი გირაო მოითხოვა.

რომელი მუხლებით ედავებიან ბრალდებულებს

ვ.ბ-ს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).

დ.ქ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

თავდასხმა ლევან ბრეგვაძეზე

ლევან ბრეგვაძე “ტვ პირველის”ოპერატორია, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფი 5 ივლისს, ჰომოფობიური აქციის დროს, 9 აპრილის სკვერში დაესხა თავს. “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში მან შემდეგნაირად აღწერა მომხდარი:

“ბავშვს მისდევდნენ, მისი ჩაცმულობა არ მოეწონათ. სიტყვიერად შეურაცხყვეს და იძალადეს მასზე. ცოტა რომ დაიძაბა სიტუაცია, გამოვშორდი, მეც რომ არ მოვხვედრილიყავი შუაში. რაღაც პერიოდის მერე იმ ტალღასთან ცოტა ახლოს მოვხვდი. მგონი, უცხოელ ფოტოგრაფს ურტყამდნენ სახეში და გადავიღე ეს კადრი.

ამის შემდეგ ეგრევე, სწრაფი ნაბიჯით წამოვედი უკან და ზუსტად ამ დროს დაიწყეს ქვებისა და ბოთლების სროლა. ერთი ქვა, რომელიც ჩემთვის უნდა გაერტყათ, კამერას მოხვდა. მე და ჩემი ჟურნალისტი, გუგა მაისურაძე გავრბოდით. გუგამ შედარებით მოასწრო გაქცევა, თუმცა მე ეგრევე დამესია 15-20 კაცი. როგორც კი წამაქციეს, ეგრევე წიხლებით შემდგნენ. შედგომაც არ ერქვა ამას. რა ჩხუბებში არ ვყოფილვარ, სად არ ვყოფილვარ და ასეთი რამ ფილმებშიც კი არ მინახავს, მართლა გეუბნებით.

ლევან ბრეგვაძე. ფოტო: ნოდარ მელაძე

რომ იღლებოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ისე მირტყამდნენ ფეხებს. მერე პოლიციამ გამიყვანა ერთი 5-6 მეტრის იქით და ალყაში ვყავდი, მაგრამ იქაც [მომწვდნენ] და მირტყამდნენ. ხან თავში მხვდებოდა, ხან ზურგში, ხან მუცელში, ხან ფეხებში… ბოლოს, რომ ვერ მწვდებოდნენ მუშტებით, ბოლომდე იწელებოდნენ და პწკენა უნდოდათ, თქვენ წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ ტკივილი მოეყენებინათ.

ერთი მამაო იყო, მართლა კარგი მამაო, გადამეფარა და მიცავდა. სთხოვდა, არ დაარტყათო, მაგრამ ფეხებზე ეკიდათ, მაინც მირტყამდნენ. თითქოს სიამოვნებას იღებდნენ ამისგან. ახალგაზრდები იყვნენ, მაქსიმუმ, 21-დან 25 წლამდე ადამიანები.

თავი რომ დამეცვა, კამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი უნდა გადამეგდო. მაგრამ ეს არ ვქენი. ვიფიქრე, რომ აპარატურასაც დავიცავდი და საკუთარ თავსაც, თუმცა ვეღარ მოვასწარი ეს და დამიჭირეს… მერე კამერაც გატყდა და ჩართვის აპარატიც. ტელეფონიც დამიზიანდა. მაისური ხომ შემოხეული მქონდა, საუბარიც არ არის ამაზე”.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან. მორიგი ქცია 17 ივლისს, 18:00 საათზე, კვლავ პარლამენტთან არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი