“თქვენ ხართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე, რომელიც არ ემორჩილებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ასე მიმართა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ეს უკანასკნელი პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობაში დატოვებდა.
ჩომახაშვილმა გაიხსენა 2021 წლის 5 ივლისის საქმე (ჩაშლილი “ღირსების მარში” რუსთაველზე და მასშტაბური ძალადობა ათეულობით ჟურნალისტზე), სადაც სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს მუხლი სხვა, შედარებით მსუბუქ მუხლებამდე გადაუკვალიფიცირა. სასამართლომ განმარტა, რომ პროკურატურამ ვერ დაადასტურა მათი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი და კოორდინაცია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც.
ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა ორგანიზებული ჯგუფის არსებობას, სადაც ბრალდებულები ვინმეს მითითებით მოქმედებდნენ, ვერც აღნიშნულ, 11-პირიან საქმეში ადასტურებს. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი ტერიშვილი, ისე სხვა ბრალდებულები უნდა გათავისუფლდნენ.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი
ამავე თემაზე: რას ვერ ადასტურებს პროკურატურა აქციების მონაწილეთა საქმეში
25 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს 11-ვე ბრალდებულის – გიორგი ტერიშვილის, ჯანო არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ირაკლი ქერაშვილის, გურამ მირცხულავას, რევაზ კიკნაძის, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილის, რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატებმაც.
ყველა მათგანი მიუთითებს, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც ბრალდებულები შეიძლება იყვნენ. პროკურატურა ვერ ასაბუთებს დაკავებულებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინირებულ მოქმედებას.
“სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ერთდროულად თქვეს, რომ ორგანიზებული დანაშაულისთვის, მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია პირებს აკავშირებდეს პირადი ნაცნობობა; აუცილებელია, რომ იყოს შეთანხმება და აუცილებელია, იყოს მტკიცებულება მითითებების შესახებ. ეს იყო 2021 წლის 5 ივლისს, რა დროსაც ნამდვილად ორგანიზებულმა პირებმა განახორციელეს მედიაზე თავდასხმა. თუმცა სასამართლომ ამ საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.
როდესაც არსებობს ორმაგი სტანდარტი, სასამართლო ქვეყანაში გამოიყურება, როგორც პოლიტიზებული, მიკერძოებული და მის მიმართ საზოგადოებას არ აქვს ნდობა. ნდობის აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ სასამართლომ მიიღოს ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანების მიმართ.თქვენ ხართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე, რომელიც არ ემორჩილებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა განცდა უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ ქვეყანაში კანონიერების პრინციპის მიმართ, როდესაც ერთ საქმეზე დგება განსხვავებული, გამორჩეული გადაწყვეტილება, მეორე საქმეზე კი დგება აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსი?! იმისთვის, რომ ამ საქმემ ალბათობის მაღალი ხარისხი დააკმაყოფილოს, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეთ”, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
უზენაესი სასამართლოს განჩინებას 5 ივლისის საქმეზე, რომელზეც ადვოკატები მიუთითებენ, ნეტგაზეთიც გაეცნო. იქ სასამართლო პირდაპირ წერს: პროკურატურამ ვერ გამოკვეთა, რომ ადამიანები, ვისაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ, ვინმეს მითითებებს ასრულებდნენ. ეს კი სასამართლოს შეფასებით საკმარისი არგუმენტია, რომ ამ კონკრეტულ მუხლში ბრალდებული ადამიანები გაამართლოს.

ამონარიდი 5 ივლისის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენიდან
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ გაიზიარა ადვოკატების დასაბუთება და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაიტანა.
გარდა ამისა, მან ადვოკატების შუამდგომლობა არც მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე გაიზიარა – ათობით მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარის პოზიციით პროკურატურამ უკანონოდ მოიპოვა, საქმეში დარჩა. არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლო ამ მტკიცებულებებსაც გამოიკვლევს და გადაწყვეტილებასაც მათზე დაფუძნებით მიიღებს.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე
ამავე თემაზე: ორმაგი სტანდარტი პროკურატურის სასარგებლოდ მზია ამაღლობელისა და 8 პირის საქმეებში
განსხვავება 5 ივლისისა და პროევროპული აქციების საქმეებზე დაკავებულებს შორის
5 ივლისის საქმეზე დაკავებული 30-მდე ადამიანიდან 7-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ორგანიზებულ, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს.
სწორედ ამ მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი პროევროპული აქციების 11-პირიანი საქმის ყველა მონაწილესაც. ასევე, ცალკე გამოყოფილი 8-პირიანი საქმის 5 ფიგურანტს – ირაკლი მიმინოშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძესა და ინსაფ ალივეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ სამ დაკავებულს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს კი ბრალი ამავე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანზებისთვის სასჯელი 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილისთვის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის – 4-დან 6 წლამდე.
5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის არავინ დაუკავებიათ. თუმცა დაკავებულთაგან 7-ს პროკურატურა ამგვარ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. სასამართლომ საქმის მასალებში ვერ დაინახა ორგანიზებული მოქმედების ნიშნები, ამიტომ დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირა:
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირიდან ორს ბრალი გადაუკვალიფიცირდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილამდე, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ამ მუხლისთვის მათ სასჯელის სახედ 9-თვიანი პატიმრობა განესაზღვრათ.
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირიდან სამს ბრალი 118-ე მუხლის მე-3 ნაწილამდე გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლისთვის მათ 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
- დანარჩენი ორი დაკავებული სრულად გამართლდნენ 225-ე მუხლით, მაგრამ დაუმტკიცდათ სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშუალი, რაც განზრახ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
საბოლოოდ, 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებს, მართალია, მსუბუქი, მაგრამ სასჯელები მაინც შეეფარდათ: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ საქმეში ორგანიზებული და ჯგუფური მოქმედების ნიშნები ვერ დაინახა, თითოეული დაკავებულის ქმედებები ცალ-ცალკე შეფასდა ძალადობად და ჯანმრთელობის დაზიანებად.
ამ საქმეში 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო დაზარალებულად ცნობილი. მათი უმრავლესობა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ნაცემი ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.
რატომ ვერ გადაკვალიფიცირდება მუხლი პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეში?
ამ ორ საქმეს შორის არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: თუ 5 ივლისის საქმეზე არსებობდა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოკადრები და მოწმეთა ჩვენები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იძალადეს კონკრეტულმა ადამიანებმა მოქალაქეებზე, ძირითადად მედიის წარმომადგენლებზე, ამგვარი რამ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეში არ მოიძებნება.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან მასში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ორი პარალელური საქმიდან [8 და 11-პირიანი საქმეები] არცერთში არ დევს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ ან რა დაზიანდა კონკრეტული ბრალდებულის ქმედების შედეგად. არ არსებობს მოწმე, რომელსაც დაკავებულთაგან რომელიმეს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების დადასტურება შეუძლია.
პროკურატურას მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს 40-მდე პოლიციელი, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვთ. ისინი ჰყვებიან აქციების ზოგად შინაარსზე: აცხადებენ, რომ შეკრება იყო ძალადობრივი ხასიათის; საუბრობენ ფიზიკური დაზიანებებზე, რომლებიც მათ ან მათმა კოლეგებმა მიიღეს; აღწერენ ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევებზე და ა.შ. თუმცა ვერ უთითებენ ვერც ერთ კონკრეტულ ბრალდებულზე.
დაზარალებული პოლიციელები ამბობენ, რომ მოხვდათ, მაგალითად, ბოთლი, მაგრამ არ დაუნახავთ, ვინ ისროლა; ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ აფეთქდა მათ წინ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ არ იციან, საიდან ისროლეს და ა.შ.
მარტივად რომ ვთქვათ, გვყავს დაზარალებული პოლიციელები და მოქალაქეები, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელების მიმართულებით ნივთებს ისროდნენ. თუმცა უწყებას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ დაკავებულთა ქმედებებმა დააზიანა ესა თუ ის პოლიციელი.
იმ ვიდეოებშიც კი, რომლებიც პროკურატურას საქმეში უდევს – რომლის უკანონოდ მოპოვებაზეც საუბრობენ ადვოკატები – არ ჩანს, რა მიმართულებით ისვრიან, ან ხვდება თუ არა ვინმეს ეს საგნები. ზოგიერთ ვიდეოში ჩანს, რომ გასროლილი ნივთი არავის ხვდება და რამდენიმე მეტრის შემდეგ ძირს ეცემა. შესაბამისად, არცერთი ბრალდებულის ქმედებას არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული.
სწორედ ამიტომ, თუ პროკურატურა ვერ დაამტკიცებს, რომ ბრალდებულები ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეები ან ხელმძღვანელები არიან, ისინი წარდგენილ მუხლში უნდა გამართლდნენ, ან მაქსიმუმ ადმინისტრაციული სასჯელები დაეკისროთ.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ონისე ცხადაძის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, მოსამართლეს გაუჭირდება ბრალის გადაკვალიფიცირებაც, რადგან “ახლოს მდგარ მუხლებსაც სჭირდება დაზარალებული”.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე
“თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ ჯგუფურობა ვერ დგინდება, არ უნდა დატოვოს 225-ე მუხლზე. თუ ბრალდებულთა ქმედებები, ცალკე აღებული, დანაშაულებრივია, მაშინ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს: შესაძლებელია გაცილებით მსუბუქი მუხლის კვალიფიკაცია მისცეს – ხულიგნობა დაარქვას, ან სხვა რამე. ობიექტური სასამართლოს პირობებში საერთოდ არ უნდა მიიჩნიოს დანაშაულად და სრულად გაამართლოს პირი.
ფაქტია, რომ ონისეს ქმედებებს არაფრის დაზიანება, არავის ფიზიკური დაზარალება არ გამოუწვევია. ამიტომ სხვა მუხლზე გადაკვალიფიცირებაც მოსამართლეს გაუჭირდება – ახლოს მდგარ მუხლებსაც სჭირდება დაზარალებული.
შესაბამისად, ამ მუხლის ფარგლებში ჯგუფურობის არდადასტურება, ობიექტური სასამართლოს პირობებში, ფაქტობრივად, უნდა იწვევდეს სისხლის სამართლებრივად პირების გამართლებას. თუ მოსამართლე გაამართლებს ბრალდებულებს, შესაძლოა, სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინოს”, – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
თუმცა, რიგ შემთხვევებში, დაკავებულთა ინდივიდუალური ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევადაც კი ვერ ჩაითვლება: საქმის მასალების მიხედვით, რამდენიმე ბრალდებულის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გამოიხატა აქციაზე ფოიერვერკის სროლით. პიროტექნიკის სროლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2025 წლიდან ითვლება. ამ საქმეზე ბრალდებულთა დაკავების მომენტისთვის [პროკურატურა ჯგუფური დანაშაულის ჩადენის პერიოდად 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს ასახელებს] ეს ქმედება კანონიერი იყო.
რთულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევად შეფასდეს, მაგალითად, ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლა, ან უკვე გამოყენებული პიროტექნიკის ტარის აღება და პოლიციის მხარეს გადაგდება, რომელიც არავის მოხვედრია – ბრალდებულთა ნაწილი სწორედ ამ ქმედებების გამოც მოიაზრება ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის მონაწილედ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია ბრალდებულთა ჯგუფური მოქმედების შესახებ, იმავე სტანდარტით ეს ვერ დადასტურდება ვერც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებშიც. თუმცა ამ უკანასკნელი საქმეზე დაკავებულების ქმედებები ვერც ინდივიდუალურად ჩაითვლება დანაშაულად. ამ ლოგიკით, თუ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები სხვა მუხლებით მაინც ცნეს დამნაშავეებად, პროევროპულ აქციებზე დაკავებულები უნდა გამართლდნენ და გათავისუფლდნენ.
მოუსმინეთ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით: