ახალი ამბები

“ეს 24 საათი შეირგონ, ბრძოლა მხოლოდ იწყება” — მედიის პროტესტი გაგრძელდება

14 ივლისი, 2021 • 1420
“ეს 24 საათი შეირგონ, ბრძოლა მხოლოდ იწყება” — მედიის პროტესტი გაგრძელდება

5-6 ივლისს მედიის წარმომადგენელებზე ძალადობისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოთხმა ტელეკომპანიამ — „ტვ პირველი“; „ფორმულა“; „მთავარი არხი“ და „კავკასია“ — მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ – ისინი დაშავდნენ ან/და მათ მუშაობაში ხელი შეუშალეს. სიის ბოლოს კი ჩნდება წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“

“დღეს 4 არხი გავითიშეთ. გუშინ რეგიონული მაუწყებლები იყო გათიშული. გვსურს, ჩვენი ამ მდუმარე პროტესტით გავაგონოთ ხელისუფლებას, რომ მოძალადეები არიან”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა.

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლობის გათიშვა ერთ-ერთი ფორმაა პროტესტისა, რომელიც მრავალფეროვანი იქნება.

“ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ მოძალადეების დასასჯელად და პრემიერ ღარიბაშვილის გადასაყენებლად. ის ხომ იყო მოძალადეების წამქეზებელი? — ახლა არის მოძალადეების მფარველი. რაც არ უნდა იძახონ, რომ ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები გვაქვს, სხვა გზა თვითონ არ დაგვიტოვეს —  53 ჟურნალისტი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა. სისტემა ამდენი დღეა ანადგურებს გარდაცვლილ ადამიანს, არეკლამებენ გარდაცვალების საკუთარ ვერსიებს “ფეისბუქით”… ამ დროს დაკავებულია სულ 21 მოძალადე და არავინ გვპასუხობს კითხვაზე — სულ ეს არის?! ამ 21-მა კაცმა სცემა 53 ოპერატორი და ჟურნალისტი? რამდენი კამერის ჩანაწერი ამოიღეს? ორგანიზატორების მიმართ არის საქმე აღძრული? ეს ხომ ორგანიზებული ძალადობა იყო. ჩვენ თუ ახლა ბოლომდე არ ვიბრძოლებთ, ვიქნებით უთავმოყვარეო ტიპები და მართლა იმის ღირსები, რომ ხვალ და ზეგ ოფისში იარაღით შემოგვივარდნენ”, — ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

მისი თქმით, მედიას პროტესტის გამოხატვის ფორმების “ძალიან ფართო არსენალი” აქვს.

“ახლა იწყება მხოლოდ. ნუ უხარიათ “ქოცებს”, ნურც ის ჰგონიათ, რომ დავიღლებით. დღეს ბედნიერები არიან, წერენ, რა კარგია, რომ კრიტიკული არხები გაითიშაო. ვურჩევ მათ, კარგად შეირგონ ეს 24 საათი, დაისვენონ, ძალები მოიკრიბონ, იმიტომ, რომ სერიოზული ბრძოლა იწყება. ჩვენ არ გავჩერდებით, ამის გატარება და ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელება ისე, ვითომ არაფერი მომხდარა, უბრალოდ არ შეიძლება. ჩვენ გვექნება აქციები, სხვადასხვა ფორმები. ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ. ლოკალურად ჟურნალისტები თვითონ წყვეტენ, რა გააკეთონ. ეს არ არის მედიამენეჯერების ახირება. სრულიად მედია აღშფოთებულია. მე პირადად, მართალია, ფეხი დამიზიანდა, როცა პოლიცია პარლამენტს “იცავდა” ჩემგან და ძლივს დავდვივარ ჯოხებით, მაგრამ აქციებზეც ვივლი, საეთერო წარმოდგენებიც გვექნება, დასავლეთთან კომუნიკაციაც გვექნება და მოძალადეებისთვის სანქციების დაწესებასაც ვეცდებით. ეს მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენ შეგვიძლია და რასაც ჩვენ ვაპირებთ. ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. 3-თვიანი გეგმა ნამდვილად არა გვაქვს გაწერილი, ეს არაადეკვატურიც იქნებოდა, თუმცა ბრძოლა ახლა იწყება”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილი ვერ ხედავს სამთავრობო ტელევიზიების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციისა და კოორდინებული ქმედებების მცდელობის აზრს, თუმცა ამბობს, რომ ამ ტელევიზიების ჟურნალისტებსაც გულლწრფელი პროტესტი აქვთ.

“თვითონ რას უპირებენ საკუთარ ნაცემ თანამშრომლებს და რა პასუხს გასცემენ იმ ადამიანებს, ვისაც ამ პროფესიაში პატიოსნად მუშაობა უნდათ, მათი პრობლემაა. თუ უნდათ, პროტესტი შეუძლიათ გამოხატონ სხვებმა. ეს 4 არხი გარკვეულწილად კოორდინაციაში კი ვართ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭკუაზე ვართ ყოველთვის”, — აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

თუმცა უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 21 პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

5 ივლისის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა არაერთი აქცია და პერფორმანსი გამართეს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით. 5 ივლისს, დილის საათებში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის უკან იდგნენ “რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით” და პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მთავრობას ადანაშაულებენ იმის გამოც, რომ ძალადობრივი ჯგუფების შესაკავებლად საკმარისი საპოლიციო ძალების მობილიზება არ მოახდინა.

17 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და “სირცხვილია” მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. ვახტანგ წერეთლის თქმით, სამომავლო გეგმებიც აღნიშნულ აქციაზე გაცხადდება.

ჟურნალისტების პროტესტი მთავრობის ბრიფინგზე

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

ქუთაისში იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტები საპროტესტო პერფორმანსით ხვდებიან

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი