ახალი ამბები

ვატო წერეთელი საელჩოში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი შოთაძის დაკითხვასაც ითხოვს

19 ივლისი, 2022 •
ვატო წერეთელი საელჩოში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი შოთაძის დაკითხვასაც ითხოვს

„ტელეკომპანია“ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვასაც ითხოვს.

წერეთელი აცხადებს, რომ შოთაძე დიდი ალბათობით ინციდენტის თვითმხილველია და მიიჩნევს, რომ გამოძიებას ჩვენება მანაც აუცილებლად უნდა მისცეს:

„შოთაძე აუცილებლად უნდა დაკითხონ. ეს ინციდენტი რომ მოხდა, იგი მანქანაში ჯდებოდა და შეიძლება იყოს შემსწრე ამ თავდასხმის. მანამდე, მე ადამიანებს რომ ვხვდებოდი, ანრი ოხანაშვილი 2 მეტრში იდგა მასთან და, სავარაუდოდ, მან დაინახა ჩვენი კომუნიკაცია. ის იყო ორივე ადგილზე, სავარაუდოდ, თვითმხილველი“ ,- აცხადებს ვატო წერეთელი.

წერეთელი დღეს საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა. უწყებამ გამოძიება ორი, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო:

„იყო კითხვა, რომ რას უკავშირებ. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს იყო დაგეგმილი, რათა აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და ჩემი შეშინება უნდოდათ. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა ასეთი რამ თავში – ამერიკის ტერიტორიაზე ჯგუფური თავდასხმა, თორემ ნებისმიერ ადგილას დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ. მინდა ძალიან მალე ითანამშრომლოს ამერიკის საელჩომ და მიაწოდოს მასალები“,- ამბობს ვატო წერეთელი.

ინციდენტი, რომელზეც წერეთელი საუბრობს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მოხდა. ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მისი თქმით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა:

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“, – აცხადებდა ვატო წერეთელი.

„ჩემკენ დაიძრა ანრი ოხანაშვილი, რომელსაც მოჰყვა [ირაკლი] ზარქუა, ასევე, ბექა ოდიშარია და მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას მოგიწყობს, ხომ თავი უნდა მოიკლა…ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე“, – იხსენებს ვატო წერეთელი და ამბობს, რომ ელჩი „ალბათ 50 მეტრში იყო“.

წერეთელი ამბობდა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც მომენტში კი მას ესროლეს ჭიქაც. თავად ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”.

პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით (ძალადობისა და მუქარის) დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ვატო წერეთლის გარდა პროკურატურას ანრი ოხანაშვილმაც მიმართა, რომელიც წერეთელს მუქარაში ადანაშაულებს. ამასთან, უწყების განცხადებით პროკურატურას ასევე მიმართა პარლამენტის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა, რომელიც მის მიმართ ძალადობაში წერეთელს ადანაშაულებს.

თავად ვატო წერეთელი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას და მუქარას უარყოფს და საელჩოს ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი