ახალი ამბები

ვერავინ დამარწმუნებს, რომ EU-ს სულისკვეთება ფინანსური სანქციების გამო მედიის დახურვაა – ჯანგირაშვილი

19 სექტემბერი, 2022 • 661
ვერავინ დამარწმუნებს, რომ EU-ს სულისკვეთება ფინანსური სანქციების გამო მედიის დახურვაა – ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რაც მედიის მდგომარეობას გააუარესებს, ცვლილებების ნაწილი კი სწორედ მედიის ფინანსური დასუსტებისკენაა მიმართული:

„ჩვენ ვწუხვართ იმაზე, რომ 300 000 ლარი რომ აქვს ერთ ტელევიზიას ჯარიმები ერთბაშად და ამ თანხის გადახდა ტელევიზიის ფუნქციონირების შეჩერებას გამოიწვევს. ამიტომ [დაჯარიმებაზე გადაწყვეტილების] აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება ხდებოდეს“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ევროდირექტივის სულისკვეთება ეს არის, რომ ტელევიზიები დაიხუროს ფინანსური სანქციების გამო“, – განაცხადა მან.

ჯანგირაშვილის თქმითვე, არასწორი იყო კანონპროექტის დაჩქარებულად ინიცირება: „ის, რომ ჩვენ 3 დღეა, ჩატებში ვეკითხებით, რა რას ნიშნავს, არ არის ევროპული სტანდარტი“, – თქვა მან.

„არ გამოვა ეს მცდელობა, რომ მაუწყებლები გამოიყვანოთ ბოროტმოქმედები, რომ თითქოს „ბოროტების ჩადენა“, „ადამიანების დაზიანება“ და ცილისწამება უნდა. მე არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო. თუ ჩათვლის ვინმე, მოვიდეს და ისე გავუშვებ ეთერში, კანონში ჩაწერის გარეშე“, – თქვა მან.

ჯანგირაშვილმა მიმართა პარლამენტარ არჩილ თალაკვაძეს და უთხრა, რომ „უმრავლესობას რომ მოენდომებინა მედიასთან მუშაობა, დავსხდებოდით, – არა კომიტეტის სხდომაზე, – ვიმსჯელებდით და შუალედურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით“, რაც „ოცნებამ“ არ გააკეთა.


2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ასახელებენ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ცვლილებების ნაწილი მედიის მდგომარეობას აუარესებს და შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი