ახალი ამბები

ქუთაისში იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტები საპროტესტო პერფორმანსით ხვდებიან

14 ივლისი, 2021 •
ქუთაისში იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტები საპროტესტო პერფორმანსით ხვდებიან

ქუთაისში ჟურნალისტები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს საპროტესტო პერფორმანსით ხვდებიან. მათ ხელში „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის – ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოები უკავიათ.

თუმცა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ქუთაისის კორესპონდენტი, ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, რომ იუსიტციის მინისტრი რატი ბრეგაძე, გეგმის მიუხედავად, ქუთაისის მერიაში მათთან არ გამოვიდა. ამის მიზეზად კი ჟურნალისტი ზემოხსენებულ საპროტესტო პერფორმანსს ასახელებს.

ამავე პოსტის კომენტარებში იუსტიციის სამინისტრო პრესსამსახურის წარმომადგენელი წერს, რომ მინისტრი საბოლოოდ მერიაში მივა, მანამდე კი მემორანდუმს აფორმებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის გეგმას, გავრცელებული ანონსის თანახმად, რატი ბრეგაძე 11:00 საათზე ქუთაისის მერიაში უნდა ყოფილიყო – ანუ იქ, სადაც ახლა ჟურნალისტები დგანან. მისი გეგმა გამოიყურება ასე:

14 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქუთაისის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

მის: ქუთაისი, რუსთაველის №3.

14 ივლისს, 12:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქუთაისის რეფერირების ცენტრს გახსნის.


ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

თუმცა უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი