ახალი ამბები

ზუგდიდის ექს-მერი გეგა შენგელია გახარიას პარტიას შეუერთდა

9 ივლისი, 2021 • 1873
ზუგდიდის ექს-მერი გეგა შენგელია გახარიას პარტიას შეუერთდა

ზუგდიდის ყოფილმა მერმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ დაადასტურა, რომ შეუერთდა ექს-პერმიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის“, – დაწერა შენგელიამ 9 ივლისს, მას შემდეგ, რაც 7 ივლისს ზუგდიდში გახარიას პარტიის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

„ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე“, – წერს შენგელია ფეისბუკზე.

მისი თქმით, ამ პერიოდის მანძილზე მისთვის მიუღებელი გახდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და „პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო“.

„სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად“, – წერს იგი.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია 17 მაისს გადადგა. მაშინ მან განაცხადა, რომ „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე“ მიიჩნია მიზანშეწონილად პოსტის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი