ახალი ამბები

“ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები” – საერთაშორისო გამოხმაურებები

6 ივლისი, 2021 • 759
“ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები” – საერთაშორისო გამოხმაურებები

5 ივლისს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას ეხმაურებიან ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლელი პოლიტიკოსები. ისინი ძალადობრივ მოვლენებს გმობენ და ხელისუფლების ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ.

მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასა ეუთო/ოდირმა მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე ძალადობა.

“ოდირი შეშფოთებულია თბილისში მომხდარი ძალადობისა და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული ეს მიზანმიმართული თავდასხმები სწრაფად და სრულად უნდა იქნას გამოძიებული”, – ნათქვამია ეუთო/ოდირი განცხადებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი დენიელ ჰოლტგენი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

“ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21 – ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBT+ თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – წერს დენიელ ჰოლტგენი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის თქმით, ხელისუფლებამ დამნაშავეები უნდა დასაჯოს.

“ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ “თბილისი პრაიდის” დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ LGBT+ ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები”, – წერს დუნია მიატოვიჩი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააზიარა საელჩოების ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმობილია ხელისუფლების პასიურობა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით

“ჩვენ ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმას. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებული არიან, დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ძალადობის მონაწილეები”, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

თბილისში მომხდარი დაგმო ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა Renew Europe-მ და სოლიდარობა გამოუცხადა LGBTQI + საზოგადოების წევრებს.

“ძალადობრივი თავდასხმები LGBTQI + საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც აშუქებენ ღონისძიებას, შემაძრწუნებელი და მიუღებელია”, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ლეიტუველმა ევროპარლამენტარმა ეტრას აუსტრევიჩუსმა კი “ქართულ ოცნებას” შეახსენა, რომ ევროპული პერსპექტივა LGBT+ს ადამიანების პატივისცემაზე გადის.

“საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებასა და LGBT+ს პატივისცემას ეფუძნება. მოდი, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ევროპულ ოცნებას ყველა ქართველისთვის”, – წერს ევროპარლამენტარი.

გერმანელმა ევროპარლამენტრმა რასმუს ანდერსენმა კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ “თბილისი პრაიდის” დაცვისკენ.

“პროტესტი თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის არის ძირითადი უფლება. თუ საქართველოს სურს იყოს ევროპელი პარტნიორი, მათ უნდა იმოქმედონ”, – წერს ევროპარლამენტარი.

კიდევ ერთმა ევროპარლემენტარმა ელიზაბეტ შრაიემახერმა კი შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტი უწოდ ათბილისში განვითარებულ მოვლენებს.

“საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საზოგადოების თავისუფლება, თანასწორობა და უსაფრთხოება. ეს გვიჩვენებს, რომ ბრძოლა LGBTIQ უფლებებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე ჩვენს საზღვრებს მიღმა”, – წერს ევროპარლამენტარი.

თბილისში მომხდარი მოვლენები დაგმეს ბელგიისა და ნიდერლანდების საგარეო უწყებებმაც.

“ბელგია მკაცრად გმობს ძალადობრივ შეტევებს LGBTIQ  აქტივისტების  და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს არის თავდასხმა ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს ამ თავდასხმებში მონაწილეები”, – აცხადებს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“ძალადობა და მუქარა LGBTIQ-ს წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და კანონის აღმასრულებელ პირებს, დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, რაც მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს წარმოადგენს“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაში.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი, რომელმა პოლიციის უმოქმედობას გაუსვა ხაზი.

“სრულიად აღშფოთებული ვარ “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობითა და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც დაჯგუფებები თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს. საქართველოს მთავრობას აქვს LGBTIQ ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ვალდებულებები. მათ უნდა გამოიძიონ და დასაჯონ ძალადობის ჩამდენი პირები”, – წერს კალამარდი.

მომხდარი ძალადობა დაგმო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც.

“ვგმობთ ძალადობასა და მუქარას “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და ჟურნალისტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ LGBTQ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.


5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი