ახალი ამბები

ექიმების თქმით, შესაძლოა, ეს იყოს დროებითი ამნეზია — ნაცემი ფოტოგრაფი

6 ივლისი, 2021 • 4502
ექიმების თქმით, შესაძლოა, ეს იყოს დროებითი ამნეზია — ნაცემი ფოტოგრაფი

ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი, რომელიც 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სცემეს, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. მისი თქმით, მიღებული დაზიანებების გამო თავდასხმის დეტალების გახსენება უჭირს.

“მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მიჭირს, სრულად გავიხსენო მომხდარი. მახსოვს მხოლოდ ფრაგმენტები. ექიმების განცხადებით, შესაძლებელია, ეს იყოს დროებითი ამნეზია და რაღაც პერიოდის შემდეგ სრულად გამახსენდეს ეს ყველაფერი. ვაგრძელებ კლინიკაში მკურნალობას”, — უთხრა ქარელმა “ფორმულას”.

ვახო ქარელზე თავდასხმის მომენტი. ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

ვახო ქარელზე თავდასხმის მომენტი. ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

ჟურნალისტებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით უკვე გაიმართა აქციები საქართველოს არაერთ ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, გორსა და ქუთაისში. 7 ივლისს, 12:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები თბილისშიც შეიკრიბებიან. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეიკრიბებიან.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

ფოტო გარეკანზე: სქრინი “ტვ ფორმურლას” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი