ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

შემცირდა კონფლიქტისპირა ზოლში მცხოვრები სტუდენტების მოტივაცია, ჩაირიცხონ | კვლევა

6 ივლისი, 2021 • 9060
შემცირდა კონფლიქტისპირა ზოლში მცხოვრები სტუდენტების მოტივაცია, ჩაირიცხონ | კვლევა

“2020-2021 წლებში წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე გაუფრთხილებელმა და დაუსაბუთებელმა უარმა მათ და მათ ოჯახებს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა”, – ნათქვამია ფონდი „სოხუმის“ ანგარიშში, სადაც ნაჩვენებია ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასწავლო სტუდენტური გრანტის გარეშე დაახლოებით 70-მდე სტუდენტი დარჩა.

გამყოფი ზოლის სოფლების სტუდენტების დაფინანსების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნული გამოცდების წინა პერიოდში, რაც გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს.

მოსახლეობა, რომელიც უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევას უპირისპირდება, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიის პირობებში, როგორც არასდროს, საჭიროებს დამატებით დახმარებას და მხარდაჭერას. ხელისუფლების მხრიდან გამყოფ ზოლში მდებარე ცალკეულ სოფელში მცხოვრები სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტებით დაფინანსებაზე უარის თქმამ ოჯახები ძალიან მძიმე ფინანსური გამოწვევის წინაშე დააყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა უმაღლესი განათლებისადმი.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობაში წარმოშვა ეჭვი, რომ მათ სოფლებს „გამყოფი ზოლის სოფლის სტატუსი“ მოუხსნეს. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის საკითხი დღემდე არცერთი სოფლისთვის არ დამდგარა. შესაბამისად, „სტატუსს“ ინარჩუნებს ყველა აქამდე „გამყოფი ზოლის სტატუსის“ მქონე სოფელი. მოსახლეობისთვის კი კვლავ უცნობია, თუ რა მიზეზით და რის საფუძველზე ეთქვათ უარი 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლო გრანტის დაფინანსებაზე იმ სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებშიც აქამდე სასწავლო გრანტით ფინანსდებოდნენ.

სასწავლო გრანტით დაფინანსების მოხსნამ, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სტუდენტებს და მათ ოჯახებს შემდეგი ხასიათის პრობლემები შეუქმნა:

  •  იმის გამო, რომ ვერ შეძლო გადასახადის დაფარვა, ჩარიცხულ სტუდენტთა ნაწილი სწავლის შეწყვეტის რისკის წინაშე დადგა, ზოგიერთ მათგანს მოუწია აკადემიური წლის აღება;
  •  ცალკეული სტუდენტების ოჯახები იძულებულნი გახდნენ, აეღოთ სესხი, რაც მძიმე ფინანსურ გამოწვევად იქცა მათთვის;
  • შემცირდა სტუდენტების მოტივაცია, ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან სრული დაფინანსების მიუღებლობის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი, ბინის ქირის, საკვების და ტრანსპორტის დამატებით გადასახადთან ერთად, საკმაოდ მძიმე და გაუმკლავებელ ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის;
  • სწავლის საფასურის დასაფარად დამატებითი რესურსის მოძიების საჭიროებამ გაზარდა საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით ქალთა შრომითი მიგრაცია, რამაც ოჯახების გაყოფა გამოიწვია.

ფონდი „სოხუმის“ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსდნენ მხოლოდ სოფ. რიყეში, ხურჩაში და რუხში მცხოვრები სტუდენტები.

კვლევის შესახებ უფრო ვრცლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი