ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” ღირსების მარშს უერთდება: პარტიის განცხადება

3 ივლისი, 2021 • 1377
“ევროპული საქართველო” ღირსების მარშს უერთდება: პარტიის განცხადება

“ევროპული საქართველო ღირსების მარშს უერთდება” – შესაბამის განცხადებას პარტია ფეისბუქზე ავრცელებს. პარტიაში ამბობენ, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ამ ღონისძიების მხარდაჭერა პრინციპული საკითხია, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებაზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

” “ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები. ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორისაა ზემოხსენებული წერილის ადრესატი, თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.

ამსტერდამის მერი კალაძეს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის უსაფრთხოება

მასალების გადაბეჭდვის წესი