პოლიტიკოსები, რომლებმაც “ევროპული საქართველო” დატოვეს, ახალ პარტიას ქმნიან. პარტიის სახელი “ფედერალისტები” იქნება და მისი პრეზენტაცია ხვალ, 15 აგვისტოს გაიმართება.
ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარა ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა. ცენტრალიზებული სახელმწიფო მოწყობის ფორმა კი რუსეთისგანაა თავს მოხვეული.
ჩერგოლეიშვილის თქმით, სწორედ დეცენტრალიზაციაა ის გასაღები, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში დაგვაბრუნებს.
“ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა. დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები. ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით”, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, პარტია ორიენტირებული იქნება რეგიონებში, დეცენტრალიზებულად მუშაობაზე. ასე აპირებენ ისინი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას. სწორედ ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც პარტია მონაწილეობის მიღებას აპირებს.
თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პარტიის ყრილობა ჩატარდება სექტემბერში და მის ოფიციალურად დაფუძნებაში 900-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ევროპული საქართველო” წევრთა დიდმა ნაწილმა დატოვა. მათ შორის, თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარა ჩერგოლეიშვილმა. კონფლიქტი შიდაპარტიული პრაიმერიზს მოჰყვა, რომელიც პარტიამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩაატარა.
დეტალური ინფორმაცია კონფლიქტისა და პარტიის გაყოფის შესახებ, წაიკითხეთ შემდეგ ბმულებზე: