ახალი ამბები |

ამსტერდამის მერი კალაძეს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის უსაფრთხოება

3 ივლისი, 2021 | | 1133
ამსტერდამის მერი კალაძეს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის უსაფრთხოება

ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის უსაფრთხოება. წერილის ასლს ამსტერდამის პრაიდის ელჩი, ჰანს ვერხოვენი ავრცელებს.

“ლგბტ აქტივისტების მამაცმა ჯგუფმა თბილისიდან, აიღო ინიციატივა, ჩაეტარებინათ პრაიდი თქვენს ქალაქში, 1-დან 5 ივლისამდე. პროგრამა მოიცავს მარშს ქალაქის ქუჩებში 5 ივლისს.

ამსტერდამში პრაიდი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ლგბტ საზოგადოების ხილვადობის გასაზრდელად წლების განმავლობაში. ხილვადობამ მოიტანა ლგბტ საზოგადოების პოზიციის გააზრება და პოზიტიური ცვლილება საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, პრაიდი და [მის ფარგლებში დაგეგმილი] მარში, შესაძლებელია, იყოს ასეთივე ცვლილების დასაწყისი თქვენს ქვეყანაში… ცვლილებისა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც თბილისის ყველა მაცხოვრებლის მერი, მიესალმებით.

მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა შესაბამისი ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხოდ და დაცულად შეძლონ პრაიდის მარშში მონაწილეობა. მთავრობას აქვს ყველა საშუალება, გახადოს ასეთი ღონისძიება უსაფრთხო. ის, რაც [ამ პროცესს] ძალიან დაეხმარება, არის საჯარო განცხადება ყველა საშუალების გამოყენების შესახებ უსაფრთხო პრაიდისათვის. მივესალმები და დავაფასებ ასეთ განცხადებას თვენი ოფისიდან.

ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად, თბილისი პრაიდსა და 5 ივლისის ღირსების მარშს დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერხოვენი. დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ, ის ისაუბრებს წარმატებულ, მშვიდობიან და უსაფრთხო პრაიდზე”, – ნათქვამია წერილში.

თბილისში პრაიდის კვირეული პირველ ივლისს, ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჩვენების მონაწილეებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორისაა ზემოხსენებული წერილის ადრესატი, თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი