ახალი ამბები

თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი — ზურაბიშვილი

1 ივლისი, 2021 • 1667
თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, თბილისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი, ძალადობა და მუქარა კი — მიუღებელია.

“ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის.

მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის.

ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!” — აღნიშნავს პრეზიდენტი.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.

პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები, რომელთაც ზემოხსენებული კვირეულის აღნიშვნა სურთ.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.

პარტიზანული “ღირსების მარში“ შსს-სთან. 08.07.2019 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნიდა.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ორგანიზატორები პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი