ახალი ამბები

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

24 მაისი, 2020 • 4902
დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმრისგან ძალადობას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

ამ ინფორმაციას ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს და ამბობს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

დოროყაშვილისა და ბასილაშვილის ოჯახის განცხადებები

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, დოროყაშვილი ამბობს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არამხოლოდ ქმრისგან, არამედ მთელი მისი ოჯახისგან იყო.

„მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია ეს. ყველაზე მეტად, რაც მაღელვებს არის ის, რომ ჩემი შვილის თანდასწრებით მოხდა ყველაფერი და ძლივს გადავარჩინე ჩემი შვილის სიცოცხლე.

აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც… ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, უბრალოდ, მეგონა, რომ დასრულდებოდა დაშორების მერე… ვუფრთხილდებოდი ოჯახს, მის ღირსებას, შვილს და ამიტომ, ამ ყველაფერს არ ვამბობდი, მეგონა, რომ ძალადობა დასრულდებოდა დაშორების შემდეგ.

და როდესაც, დაშორების მერე ამ ყველაფერმა ასეთი შედეგი მიიღო და ლამის ლეტალური შედეგით დავამთავრე, ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით…“ – ამბობს დოროყაშვილი.

დოროყაშვილი იხსენებს, რომ იმ დღეს, როდესაც მან პოლიცია გამოიძახა, ის ბასილაშვილის სახლში, შვილის წამოსაყვანად მივიდა.

„ვიღაცის მანქანამ გადამარჩინა. არც მახსოვს იმ მანქანის სანომრე ნიშნები, გამვლელ მანქანაში ჩავჯექი, შემდგომ გამოვიძახე პატრული“.

21 მაისს მომხდარ ინციდენტზე მან ასევე ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“, სადაც თქვა, რომ შვილის წამოსაყვანად მისულს, მას ბასილაშვილის მამაც გამოეკიდა.

„გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ. რადგან დიდი ტარი ჰქონდა, მე ნაჯახი მეგონა“ – ამბობს დოროყაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში. 

რაც შეეხება ბასილაშვილის ოჯახის პოზიციას, ისინი დოროყაშვილის სიტყვებს უარყოფენ. განცხადებაში, რომელსაც ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ავრცელებს, ნათქვამია, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ დოროყაშვილი ცდილობს ბასილაშვილსა და მის ოჯახს ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

„რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს,“ – წერია ოჯახის მიერ გავრცლებულ წერილში.


დღეს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. 

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი