ახალი ამბები

პროკურატურამ ომბუდმენს შესაძლოა, ნინოწმინდის საქმეებზე წვდომა მისცეს

18 ივნისი, 2021 • 969
პროკურატურამ ომბუდმენს შესაძლოა, ნინოწმინდის საქმეებზე წვდომა მისცეს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სახალხო დამცველს, დიდი ალბათობით, მიეცემა წვდომა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე ყველა გამოძიების მასალებზე და ამ მიმართულებით „კითხვები აღარ იქნება“.

დღეს საქართველოს პარლამენტში ადამიანთა უფლებების კომიტეტის სხდომას ნინო ლომჯარიაც ესწრება. ის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, შემდეგ კი კითხვების დასმის საშუალებაც მიეცა. მისი ერთ-ერთი კითხვა პროკურატურას ეხებოდა.

ლომჯარიამ უწყების წარმომადგენელს, ნათია მერებაშვილს (გენპროკურორის მოადგილე) ჰკითხა:

„რადგან დღეს ხშირად დასვეს საკითხი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა თხოვნით, რომ ჩვენ მოგვცეთ გამონაკლისის სახით დაშვება მიმდინარე გამოძიების მასალებზე. ამაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ყველას აინტერესებს ჩვენი პოზიცია და მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ მოგცემთ დაშვებას როგორც ძველ, ასევე, მიმდინარე გამოძიებების მასალებზე?“

ამ კითხვაზე ნათია მერებაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, სახალხო დამცველის მანდატით მხოლოდ დასრულებული გამოძიებების მასალებზე აქვს წვდომის უფლება, პროკურატურამ შესაძლოა დააკმაყოფილოს ომბუდსმენის მოთხოვნა.

„ვფიქრობ, რომ მე უბრალოდ… ამ წუთას არ შემიძლია გავაჟღერო სრული პოზიცია, ვინაიდან, როგორც ვიცი, ეს განცხადება ახალი შემოსულია ჩვენთან. რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ვფიქრობთ, რომ თქვენი ინტერესი ამ მიმართულებით იქნება დაკმაყოფილებული და კითხვები არ იქნება ამ საქმესთან მიმართებით, ვგულისხმობ პროკურატურის საქმიანობას თავისი მანდატის ფარგლებში, რაც მოჰყვება ნინოწმინდის საქმეზე ცალკეულ ეპიზოდებზე გამოძიებას“, – განაცხადა მერებაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს როგორც შსს-ში, ასევე პროკურატურაში და „ყველა ლეგიტიმურ კითხვას პასუხი გაეცემა“. შემაჯამებელ გადაწყვეტილებას კი საზოგადოებას გააცნობენ.

საუბარია 4 სისხლის სამართლის საქმეზე – რომელთაგან 3 ძალადობისა და ერთი გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. მანამდე ამ საქმეებზე სახალხო დამცველმა განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს გამოძიებები 2016-2021 წლებს მოიცავს.

მაშინვე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ – „ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ,“.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

17 ივნისს მთავარეპისკოპოს იაკობთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საპატრიარქოს წევრებთან ნინოწმინდის პანსიონს მომდევნო კვირის ბოლოს მოინახულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი