ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

19 ივნისი, 2021 • 2371
რა უნდა ვიცოდეთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

სომხეთში 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს სომხეთის მმართველი პარტია “სამოქალაქო კონტრაქტი” და ოპოზიციური პარტიები ან მათ მიერ შექმნილი ბლოკები დაუპირისპირდება.

ეს არჩევნები უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ყველა ის პირი, რომელიც სომხეთს წარსულში მართავდა, ან ახლა მართავს.

არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული თუ რომელი პოლიტიკური ძალა გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა პრინციპით ტარდება 20 ივნისის არჩევნები, ვინ მონაწილეობს მასში და როგორია მათი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე საკითხების შესახებ, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ცვლილებას ან კოალიციურ მთავრობას, ან სულაც პოლიტიკურ კრიზისს სომხეთში.

რატომ ტარდება რიგგარეშე არჩევნები 

სომხეთში საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება იმ დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 მარტს მიიღო.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ, მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები 20 ივნისს ჩატარდებოდა.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სომხური პოლიტიკური ჯგუფები 2020 წლის 10 ნოემბრიდან მოყოლებული, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისა და რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოითხოვდნენ.

სომხური ოპოზიციური პარტიებისა და ყოფილი მმართველი ელიტების ნაწილის შეფასებით, ომში დამარცხება ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური შეცდომების შედეგი იყო, რის გამოც, მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები, მანამდე 10 ნოემბრის ღამით, დემონსტრანტები მთავრობისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და მმართველი ძალის წარმომადგენელთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 25 თებერვალს გავრცელდა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის წერილი, სადაც მაღალი ჩინის 40-მდე ოფიცერი აცხადებდა, რომ აღარ ემორჩილებოდნენ ნიკოლ ფაშინიანს და მის გადადგომას მოითხოვენ.

სამხედროების მიერ წერილის გავრცელებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატურიანის გადაყენება, იმ მოტივით, რომ ხაჩატურიანმა, ადგილობრივი მედიის ცნობით, სასაცილოდ აიგდო ფაშინიანის განცხადება, რომ რუსული სარაკეტო სისტემა „ისკანდერი“ გამოუსადეგარი იყო.

ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები განმუხტავდა ქვეყანაში არსებულ კრიზისს.

ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში

არჩევნებში 26 სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, რომელთა ნაწილიც არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა.

მათ შორისაა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელიც ქვეყანას 1991-1998 წლებში მართავდა. პეტროსიანი პარტია “სომხეთის ეროვნულ კონგრესს” წარმოადგენს, რომელიც თავადვე დაარსა 2008 წელს. ტერ-პეტროსიანის პარტიის წარმომადგენლის, ლეონ ზურაბიანის განცხადებით, მისი პარტია გამორიცხავს კოალიციის შექმნას ნიკოლ ფაშინიანის ჯგუფთან ერთად.

ტერ-პეტროსიანმა მთავრობა გადადგომის შედეგად დატოვა. მისი გადადგომა უკავშირდება მისსავე გეგმას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, რაც მათ შორის მოიაზრებდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცისა და აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნებას, რასაც მხარი არ დაუჭირეს იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა – სერჟ სარქისიანმა. მოგვიანებით, ქოჩარიანიც და სარქისიანიც ქვეყნის მმართველები გახდნენ.

არჩევნებში მონაწილეობს ალიანსი “სომხეთი”, რომელსაც რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში. ალიანსი აერთიანებს დაშნაკცუთიუნის, ვაჰე აკობიანის და არტურ ღაზინიანის პარტიებს. ქოჩარიანი ქვეყანას 1998-2008 წლებში მართავდა. იგი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდანაა. სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებამდე, ქოჩარიანი იგივე პოზიციებს დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის მთავრობაში იკავებდა.

სერჟ სარქისიანი “ღირსების ალიანსის [მე მაქვს ღირსება]” წევრია. ამ ალიანს სათავეში არტურ ვანეციანი უდგას, რომელიც ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიცაა. ალიანსი რესპუბლიკურ პარტიასა და სამშობლოს პარტიას აერთიანებს, რომელთა ლიდერებიც, შესაბამისად საქრისიანი და ვანეციანი არიან. ვანეციანი ფაშინიანის მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. სარქისიანმა ხელისუფლება აქციების შედეგად დატოვა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა.

ქოჩარიანი და სარქისიანი ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დამარცხებასა და ტერიტორიების დათმობაში სდებენ ბრალს.

პარტია “სამოქალაქო კონტრაქტის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ნიკოლ ფაშინიანი. პარტია საპარლამენტო ალიანსის “ჩემი ნაბიჯის” წევრია. ფაშინიანი ხელისუფლებაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის, კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრისა და სიტყვის თავისუფლების დაპირებებით მოვიდა.

Gallup-ის მაისის თვის გამოკითხვის თანახმად, ქოჩარიანის ალიანსს მხარს გამოკითხულთა 20.6 პროცენტი უჭერს, ხოლო ნიკოლ ფაშინიანის პარტიას – 22.4 პროცენტი.

31 მაისს რაფაელ ოგანესიანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქოჩარიანის ალიანსს მხარს უჭერს გამოკითხულთა 12 პროცენტი, ხოლო ფაშინიანის პარტიას – გამოკითხულთა 24 პროცენტი. სწორედ ფაშინიანი და ქოჩარიანი ითვლებიან გასამართი არჩევნების მთავარ ფავორიტებად.

არჩევნებში მონაწილეობს გაგიკ წარუკიანის “აყვავებული სომხეთიც”. წარუკიანი ბიზნესმენია და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

“ნათელი სომხეთის” პრემიერ მინისტრობის კანდიდატია ედმონ მარუკიანი. წარუკიანი და მარუკიანი საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენენ.

26-ვე პოლიტიკური ძალის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

საარჩევნო სისტემა 

სომხეთის არჩევნებში პარტიებისთვის დაწესებული ბარიერი 5 პროცენტს შეადგენს, ხოლო პოლიტიკური ალიანსებისთვის ბარიერი 7 პროცენტია.

პარლამენტში 101+4 დეპუტატი აირჩევა, რომელთაგან ოთხი ეროვნული უმცირესობების, ეზიდების, ასურიელების, ქურთებისა და რუსების წარმომადგენელი იქნება.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა “სტაბილური უმრავლესობა”, რაც საპარლამენტო მანდატების 54 პროცენტია.

  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია ან ალიანსი მიიღებს მანდატების 50 პროცენტს+ერთი ხმა, საპარლამენტო მანდატები გადანაწილდება ისე, რომ ამ პარტიას ან ალიანს დაემატოს დამატებითი ადგილები პარლამენტში, რათა მიაღწიოს “სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას – მანდატების 54 პროცენტს”.
  • იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ვერცერთი პარტია ან ალიანსი ვერ მოიპოვებს ხმათა იმ უმრავლესობას, რაც საკმარისი იქნება მთავრობის შესაქმნელად და ვერ მოხერხდება სამთავრობო კოალიციის შექმნა, ინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს არჩევნების პირველ ტურში პირველ ორ ადგილას გასული პარტია ან ალიანსი, რომელთაგან გამარჯვებულს ენიჭება მანდატთა ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება საპარლამენტო ადგილების 54 პროცენტის მოსაპოვებლად.
  • თუ პოლიტიკური პარტია ან ალიანსი არჩევნებში მოიპოვებს საერთო მანდატების რიცხვის ორ მესამედს, მანდატები გადანაწილდება ისე, რომ დანარჩენმა პარტიებმა მიიღონ მანდატების ერთი მესამედი მაინც, რათა გამარჯვებული პარტიის მანდატების რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.

სომხეთში არჩევნებში მონაწილეობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ამის უფლება სომხეთის კანონმდებლობით აქვს.

კანდიდატთა სიის მინიმუმ 30 პროცენტი უნდა იყოს მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ისე რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა რიცხვი 70 პროცენტს არ აღემატებოდეს.

დაასრულებს თუ არა კრიზისს არჩევნები

უნდა ველოდოთ თუ არა სომხეთში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, თუ არა ვიხილოთ კოალიციური მთავრობა და არჩევნების შესახებ სხვა კითხვებით, ნეტგაზეთმა ქართულ-სომხური მედია-საშუალების “ალიქ-მედიას” რედაქტორს არსენ ხარატიანს მიმართა, რომელიც წარსულში ნიკოლ ფაშინიანის საგარეო საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

არსენ ხარატიანის განცხადებით, 20 ივნისის არჩევნები სომხეთის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად იძლევა წინასწარმეტყველების შანსს, თუმცა კოალიციები რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მაინც ძალიან საეჭვოა.

“როცა ვსაუბრობთ რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებზე, მე ძალიან ვეჭვობ, რომ მათ შორის სამთავრობო კოალიციის შექმნა შესაძლებელი იქნება, თუმცა როგორც ამბობენ, პოლიტიკაში არაფერია შეუძლებელი, რაც დამოკიდებული იქნებოდა იქ უსაფრთხოების რისკებთან, რაც ამჟამად რეგიონს უდგას. მაგრამ ასეთი კოალიციების შექმნის ალბათობა მაინც ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ”, – აცხადებს არსენ ხარატიანი.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულებისას “ბევრი რამ დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე”.

“ბევრია დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ახლა ვართ ძალიან სახიფათო ვითარებაში, როდესაც პარტიები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი, ხოლო მოსახლეობა გაყოფილია. რაზეც უნდა ვიყოთ შეშფოთებული, ეს არის შესაძლო ძალადობა პოსტ-საარჩევნო პერიოდში, რადგან ამისი ალბათობა არსებობს, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის არჩევნების დღე და როგორ მიიღებენ არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები”, – აცხადებს ხარატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

შეკითხვაზე, რამდენად პოლარიზებულია საზოგადოება და რამდენად არსებობს მზაობა სამთავრობო და ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, იმ შემთხვევაშიც, თუ შედეგები მათთვის არასახარბიელო იქნება, არსენ ხარატიანი პასუხობს, რომ “ქუჩის პროტესტების ალბათობა მაღალია.”

“პროტესტების ალბათობა მაღალია, თუმცა კვლავ, ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების დღეზე. ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც საუბრობენ ქუჩაში გამოსვლაზე და პროტესტის გამართვაზე, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები ისეთი არ იქნება, როგორიც მათ სურთ”, – აცხადებს ხარატიანი.

მისივე განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ხოლო წინა საარჩევნო პერიოდში მედია ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი და ღია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი