ახალი ამბები

ბოდბელი ეპისკოპოსი ომბუდსმენს შეხვდება

16 ივნისი, 2021 •
ბოდბელი ეპისკოპოსი ომბუდსმენს შეხვდება

17 ივნისს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა გაიმართება ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი შეფერხდება, სახალხო დამცველის აპარატი დაწესებულებაში მონიტორინგისთვის შევა.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონია კომუნიკაცია პანსიონის აწ უკვე ახალ ხელმძღვანელთან – ეპისკოპოს იაკობთან, ლომჯარია პასუხობს:

„როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვხვდებით დაწესებულების ხელმძღვანელსა ან დირექტორს. შესაბამისად, როდესაც დავგეგმავთ ამ მონიტორინგს, და მე იმედი მაქვს, ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა.. რა თქმა უნდა, გავესაუბრებით მათაც“.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი 14 ივნისს დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი