ახალი ამბები

ეკლესია ნინოწმინდის პანსიონის მცირე ბავშვთა სახლად გადაკეთებას აპირებს

14 ივნისი, 2021 • 1121
ეკლესია ნინოწმინდის პანსიონის მცირე ბავშვთა სახლად გადაკეთებას აპირებს

ეპისკოპოს იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონს მცირე ტიპის სახლად გადააკეთებენ.

ეპისკოპოსი იაკობი დღეს, 14 ივნისს,  ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ცვლილებები იგეგმება.

„ძველად საჭირო იყო ასეთი ტიპის დაწესებულებები [პანსიონები]. როდესაც თავისუფალ საქართველოში მეუფე სპირიდონმა შექმნა ეს და საპატრიარქოს სისტემაში სხვაგანაც შეიქმნა ასეთი დაწესებულებები, მაშინ სახელმწიფოს არ შეეძლო ბავშვებზე ზრუნვა. ოჯახები ვერ ზრუნავდნენ და მრავალი ადამიანი შეიფარეს და მრავალი ადამიანი გადაარჩინეს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

ასეთი დიდი დაწესებულებები იყო ძველად, დღეს მსოფლიო გადადის შედარებით მცირე ზომის სახლის ტიპის დაწესებულებებზე. ჩვენც ვაპირებთ, მეუფეს ხელი ჰქონდა მოწერილი. ასე რომ, რაღაც სიახლე მხოლოდ ჩემგან არ იქნება და 2013 წლიდან პირადად მე ასეთი ცვლილებების მომხრე ვიყავი. შემდეგ, გარკვეული სიტუაციების შემდეგ ვერ განვახორციელეთ, თუმცა ნახავთ, რომ განვახორციელებთ“, – აცხადებს ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ და რამდენი ბავშვი დარჩება დაწესებულებაში, ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ დარჩებიან ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ გაუმკლავდება ბოდბის ეპისკოპოსი ნინოწმინდაში არსებულ დაწესებულებას, ის პასუხობს:

„ჩვეულებრივად, საქართველო არ არის იმ სიდიდის ქვეყანა, რომ გამიჭირდეს. სხვა საქმეებიც მაბარია და გავუმკლავდებით“, – ამბობს ეპისკოპოსი.

„გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირი ეთანხმება, ასევე UNICEF – გარდაქმნა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა – რევოლუციურად, ეტაპობრივად“, – ამატებს ის. 


რამდენიმე დღის წინ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ნინოწმინდაში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ თქვა:

„ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, ასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ყოფნით ხოლმე, ერთმანეთს სცემენ და ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს.

მე წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ ბავშვები, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზოგადად, ადამიანები. და არიან ისეთებიც, მიზეზს რომ ეძებენ. კარგად ვხვდები, რასაც ვამბობ, „მეგრანტეებიც“ ბევრი ვნახე, მათი ადამიანური ფასეულობები ჩემი გადმოსახედიდან… გამართლება არ აქვს. თუ ვინმე დამნაშავეა კანონის შესაბამისად, საეკლესიო თუ საერო კანონის.. ორივე კანონი მიუსადაგოს“, – აცხადებს ის.

„რა გასაკვირია, რომ უფროსმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს“ – იაკობი


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი