“გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, კონვენციის ძალაში შესვლიდან 7 წლისთავზე მაინც გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები და მიიღოს ზომები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რადიკალურად გასაუმჯობესებლად”, – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გასული წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-21 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება და განსაზღვრაა. მიუხედავად კანონნისა და შშმ თემის მრავაწლიანი მოლოდინისა, პოლიტიკის ჩარჩო დროულად მაინც არ შემუშავდა.
“საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი – იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები აკონკრეტებენ შემდეგ ძირეულ ვალდებულებებს:
- 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება – დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება;
- შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა – ორგანოს ექნება ვალდებულება, განსაზღვროს და კოორდინირება გაუწიოს ქვეყანაში კონვენციის აღსრულებას და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დროის თვალსაზრისით განსაკუთრებულ პრობლემას ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა წარმოადგენს, რადგან, როგორც განცხადებაშია განმარტებული, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე და მისი შესრულებისთვის სახელმწიფო ორგანოებს უნდა შეემუშავებინათ და 2021 წლის პირველ აპრილამდე დაემტკიცებინათ თემატური სამოქმედო გეგმა.
“სამწუხაროდ, შშმ პირთა უფლებების დაცვა კვლავ გამორიცხულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან. ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის, ფონზე, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებები და მათი მძიმე სისტემური უფლებადარღვევების ფაქტები უმეტესწილად სხვა, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ უფრო პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხებით იფარება. აღნიშნულის პარალელურად, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა თავისი ზოგადი და დეკლარაციული შინაარსის გათვალისწინებით, თემის წარმომადგენელთა საჭიროებების იგნორირების პირობებში და პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე, ამ დრომდე ვერ მოახერხა, დაეწყო უკიდურესად ხარვეზიანი სისტემის ძირეული გარდაქმნა”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა კონცეტრირებულია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში განსახორციელებელ ვალდებულებებზე, რის გამოც შშმ თემისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების შინაარსი წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება. ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ კონვენციის ძალაში შესვლიდან 7 წლისთავზე მიიღონ ზომები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რადიკალურად გასაუმჯობესებლად.
“არსებითია, რომ მთავრობამ ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის საკანონმდებლო დებულებების შექმნასა და ფორმალური საჯარო განცხადებებისა თუ დაპირებების გაკეთებაზე, არამედ შშმ პირთა რეალური საჭიროებების შესწავლასა და თემის აქტიური ჩართულობით ძირეული რეფორმების გატარებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, განცხადების ავტორები მოუწოდებენ:
საქართველოს მთავრობას:
- უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების (მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირების) აქტიური ჩართულობა;
- უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;
- შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;
- განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.
- საქართველოს პარლამენტს:
- შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები და აქტივისტები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO), ფსიქიატრიის სერვისმომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP), გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი – EPC, ასოციაცია დეა, პლატფორმა სალამი, ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი, მარიკო კობახიძე, ესმა გუმბერიძე, გიორგი გოგატიშვილი.