ახალი ამბები

8 საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნაც ოპოზიციას შეუძლია

15 ივნისი, 2021 • 1860
8 საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნაც ოპოზიციას შეუძლია

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია სხვადასხვა დროს არაერთ გახმაურებულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით ითხოვდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა, როცა საკანონმდებლო ორგანო თითქმის სრულად დაკომპლექტდა, ხოლო რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კარტბლანშს აძლევს ოპოზიციას, “ნეტგაზეთიდაინტერესდა, გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია ამ ბერკეტს და რა საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება პარლამენტში საგამოძიებო კომისიები შეიქმნას?

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის პარლამენტში 64 ოპოზიციონერი დეპუტატია.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. კომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე. კომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე, დააყენოს გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე ფუნქციონირებს ერთი, მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სწავლობს. 

საქმეები, რომლებზეც შეიძლება, საგამოძიებო კომისია კიდევ შეიქმნას:

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. სუსის ცნობით, სპეცოპერაციის მიზანს ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან დაკავშირებული პირების დაკავება წარმოადგენდა, მაჩალიკაშვილი კი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას ოჯახი კატეგორიულად უარყოფს. პროკურატურის გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი ვერ დაადგინა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს წლებია, პარლამენტის წინ კარავი უდგას, ითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და სიმართლის დადგენას. წინა მოწვევის პარლამენტში ენმის მიერ ინიცირებული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა უმრავლესობამ დადგენილების პროექტი ჩააგდო.

20 ივნისის საქმე

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა ამნისტიის საერთო კანონპროექტზე და “20 ივნისის ფურცლის გადაფურცვლაზე“, “ლელოსლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმდინარე წლის 28 აპრილს გამოვიდა ინიციატივით, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რათა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება აქციის დაშლაზე. “სტრატეგია აღმაშენებლისლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე, აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციას 20 ივნისზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც ექნებოდა. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, გამოსავალი იყოს სალომე სამადაშვილის აზრითაც. ენმის თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთერთი საკითხი იქნება, რომელზეც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს.

დავითგარეჯის საკითხი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) მრჩევლის, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საქართველოაზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308- მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ.

მელაშვილის და ილიჩოვას სისხლისამართლებრივი დევნისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლისპოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობადარღვევაზე მიუთითებს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებაში. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი

მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ძალადობის შესაძლო ფაქტების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახალხო დამცველს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთიგაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ზედამხედველობის ბერკეტების, მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გამორიცხეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდალელომ. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.  თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილიმცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მიმაჩნია, რომ იმ ბრალდებებზე, რომელიც წარდგენილია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ძალიან მყისიერად და ეფექტურად უნდა წარიმართოს გამოძიება, ხოლო მონიტორინგი იყოს ყველა ჩვენგანის საგანი. რაც შეეხება პარლამენტს,  ვფიქრობ, ზედამხედველობის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად. რა [მექანიზმი] იქნება კონკრეტულად, ამაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მსჯელობა და გადაწყვეტა. პარლამენტს აქვს მთელი რიგი ბერკეტები და ამ ბერკეტების გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ნამახვანჰესი

პარტიისხალხისთვისლიდერმა ანა დოლიძემ ნამახვანჰესის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება იწვევს ბევრ გაურკვევლობას, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე სრულად ეკისრებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც ღიად არ ესაუბრებიან ხალხს და არ ცდილობენ პასუხის გაცემას ბევრ იმ საეჭვო გარემოებაზე, რაც ხელშეკრულებაშია აღმოჩენილი.

ნამახვანჰესს“, რომლის ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, კომპანიაენკა რინიუებლზიაშენებს.
რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება. 12 ივნისსნამახვანჰესისმოწინააღმდეგეებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მედიაციით.

ია კერზაიას საქმე

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუოცნებისთვისიმუშავებდა, მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და .., “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. პროკურატურამდანაშაულის არარსებობის გამოსაქმეზე გამოძიება შეწყვიტა, ბაჩანა შენგელია კი დღემდე ითხოვს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

წინა მოწვევის პარლამენტშიევროპული საქართველოია კერზაიას საქმეზე განათლების კომიტეტში თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვდა. თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით იქმნება

ფარული ჩანაწერები ღარიბაშვილისა და ბერას მონაწილეობით

მარტის დასაწყისშიტვ პირველმაგაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სავარუდოდ, ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები. ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურეს, თუმცა თქვეს, რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურა მხოლოდ კერძო საუბრის უნებართვო მიყურადებაგავრცელების ფაქტებით დაინტერესდა და არაშესაძლო ძალადობრივი დანაშაულებით, რომლებიც საუბრების შინაარსიდან იკვეთება.

რამდენიმედღიანი საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ საკითხმა აქტუალობა დაკარგა

ჩვენ მივმართავთქართულ ოცნებას და მოვუწოდებთ, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ასევე, მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რელიზაციაში”, — აცხადებდამოქალაქეებისლიდერი ალეკო ელისაშვილი 9 მარტის პრესკონფერენციაზე, ოპოზიციის პარლამენტში შესვლამდე.

დღეს ელისაშვილმა ზუსტად არ იცის, დააყენებს თუ არა ფარულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს:

ვნახოთ, ვნახოთ. არ გამოვრიცხავთ, თუმცა ჯერ მაგაზე არ გვიფიქრია, პენსიებით ვარ დილიდან დაკავებული და ავარიების შესახებ კანონი გვექნება პირველი მოსმენით წარმოდგენილი. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ.

ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე

“თიბისის ბანკის” საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 2 წელიწადზე მეტია, განხილვის თემაა. მამუკა ხაზარაძე, რომელიც ახლა უკვე დეპუტატია,თიბისი” ბანკსა და მის წინააღმდეგორკესტრირებულშეტევაზე საუბრისას ასახელებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის, ასევე, შსს მინისტრის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტებს, ბანკზე კიბერთავდასხმის მცდელობას, „ვალების ჩამოწერისპროგრამაში მონაწილეობის იძულებასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლას.

მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა და საქმის განახლება სთხოვა. “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”ასევე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, “რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში”. თუმცა უშუალოდ “თიბისი ბანკის” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი “ლელოს” პარლამენტში არ დაუყენებია.

“როგორც იურისტი, ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი, ახლა დეპუტატია და აქვს ბერკეტები, მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, გინდაც გახარიაზე, გინდაც წერილზე”, — თქვა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

საპარლამენტო კომისია მიუკერძოებელი გამოძიების ნაცვლად? 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მისი შეკრებიდან მე-7 თვეს შევიდა, ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიების მიმართულებით პარტიის საქმიანობა აქტიური იქნება, თუმცა არ აკონკრეტებს, დაარეგისტრირებს თუ არა უახლოეს პერიოდში საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს. როგორც აღვნიშნეთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის 30 დეპუტატს, ენმ-ს ფრაქციაში 32 წევრი ჰყავს. 

ვფიქრობთ, ჩვენი მრავლარცხოვანი მანდატები ამ კუთხითაც გამოვიყენოთ, მათ შორის, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის საკითხის ინიცირება დავაყენოთ. ვიცი მალხაზის [მაჩალიკაშვილის] ინიციატივა, ასევე, გარეჯის საქმე მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბავშვთა საკითხი ნინოწმინდის პანსიონში და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან ამ პოზიციიდან, რომ ინიცირება მოვახდინოთ. იყო შემოთავაზება 20 ივნისის საგამოძიებო კომისიაზე. ეს მიმართულება იქნება ერთერთი მნიშვნელვანი ჩვენთვის და რაც შეგვეძლება, ყველა მიმართულებით ვითანამშრომლებთ. აუცილებელია, საზოგადოებას წარედგინოს დისკუსიის და მსჯელობის საგნად — პოლიტიკური მართლმსაჯულება, ანტიკორუფცია, ბავშვთა უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, კონსულტაციებიც დაგვჭირდება კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან და ასევე, შიდა ბლოკში, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომელიც მოახდენს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევას”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ. 

დეკანოიძის თქმით, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების საკითხებზე კოორდინებული მუშაობა და ფიქრი, თუ რა მექანიზმი შეიძლება გამოინახოს არა მარტო კონკრეტულ საქმეებზე, არამედ ფართოდ პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხზე.

ასეთ მექანიზმის გამონახვა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მექანიზმი და ამ მიმართულებით საქმიანობა გააქტიურდეს პარლამენტში”, — ამბობს დეკანოიძე.

ანა ნაცვლიშვილი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების უნდობლობაზე საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს მიმართ, რაც დღის წესრიგში აყენებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.  

სამწუხაროდ, ძალიან აქტუალური საკითხია და ბევრი მწვავე თემა და ამავე დროს ყველასთან მიმართებაში არის საზოგადოებაში მოთხოვნა, რომ გაირკვეს სიმართლე და იყოს ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი. ეს აჩვენებს, რომ სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები აბსოლუტურად არ ფუნქციონირებს, მათგან მოლოდინიც აღარ აქვთ მოქალაქეებს და ახლა ერთადერთი ალტერნატივა და შესაძლებლობა რჩება სწორედ საპარლამენტო ბერკეტები. ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა საქმეებზე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, იმიტომ, რომ 50 ადამიანი რასთან დაკავშირებით მოგროვდება და რასთან დაკავშირებით ვერ მოგროვდება, ამის გარკვევას სჭირდება სამუშაო შეხვედრა. პრინციპის დონეზე, მიმაჩნია, რომ ყველა აქტუალურ თემაზე გამოყენებული უნდა იქნას საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, საგამოძიებო კომისია იქნება ეს, თემატური მოკვლევა თუ სხვა ანგარიშვალდებულების მექანიზმი, და ამის ავანგარდში უნდა იდგას ოპოზიცური ფლანგი”, — ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი