ნეტგაზეთი | “ლელოს” ფრაქცია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის “ლელოს” ფრაქცია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის – Netgazeti
RU | GE  

“ლელოს” ფრაქცია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს.

კანონპროექტი არასმთავრობო ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული და ფრაქციამ დღეს პარლამენტში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან” შეხვედრა გამართა.

“ქვეყანაში „ქართული ოცნების” პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში “,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”ასევე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, “რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში”.

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, ნინო გოგუაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმაც დააინიცირეს. თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი არ დაამტკიცა. აღნიშნული პოროექტის თანაავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი