ახალი ამბები

ნინოწმინდიდან კიდევ 4 ბავშვი გადაიყვანეს. ჯამში, გადაიყვანილია 24 – ზრუნვის სააგენტო

8 ივნისი, 2021 • 1737
ნინოწმინდიდან კიდევ 4 ბავშვი გადაიყვანეს. ჯამში, გადაიყვანილია 24 – ზრუნვის სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მერი მაღლაფერიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან, ჯამში, 24 ბავშვია გაყვანილი.

დამატებით კითხვაზე ნეტგაზეთს სააგენტოში უთხრეს, რომ დღეს პანსიონიდან კიდევ 4 ბავშვი გადაიყვანეს ზრუნვის სხვა ფორმაში. მათ შორის, 1 – დილით, სამი კი, დღის განმავლობაში.

„ამ წუთებში პანსიონში რჩება ჩარიცხული 29 ბავშვი, გაყვანილია 24 დღეის მდგომარეობით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ადგილზე ამ წუთსაც კი იმყოფება 10-ზე მეტი სპეციალისტი. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და შეფასების პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ.

მისივე განმარტებით, ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბარი სააგენტოს მას შემდეგ შეეძლება, რაც შეფასების პროცესი დასრულდება. შეფასებას კი, თავის მხრივ, დრო სჭირდება.

მაღლაფერიძე ასევე დასძენს, რომ იქ მომუშავე სპეციალისტებს ბავშვებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

„იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე გადაყვანილი არიან ბიოლოგიურ ოჯახებში თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმებში, როგორიცაა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები ან „ფოსტერი“ ოჯახები [მინდობით აღზრდა]. იქაც ინტენსიურ მუშაობას ახორციელებს სააგენტო, ამ ბავშვებთან ასევე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და ვცდილობთ გავაძლიეროთ ოჯახები“, – განმარტავს ის.

მაღლაფერიძეს იმ ვიდეოს შესახებაც ჰკითხეს, რომელიც მეუფე სპირიდონმა გაავრცელა. ამ ვიდეოში ასევე ჩანან სოციალური მუშაკებიც. ჟურნალისტებმა იკითხეს, ხომ არ არიან თავად სოცმუშაკები წნეხის ქვეშ.

მაღლაფერიძე ამ კითხვაზე პასხუობს, რომ ვიდეოში მხოლოდ ნაწყვეტები ჩანს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ – „იქ მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილგანწყობის შენარჩუნება და მათთან რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტის დამყარება.

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მათთან მუშაობის შესაძლებლობა გვეძლევა, გასაუბრებები ხდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად“, – ამბობს მაღლაფერიძე.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი