ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე შეტყობინება ბოლოს 10 დღის წინ მივიღეთ — სააგენტო

4 ივნისი, 2021 • 1224
ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე შეტყობინება ბოლოს 10 დღის წინ მივიღეთ — სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ძალადობის შესახებ ბოლო შეტყობინება 10 დღის წინ მიიღეს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, სადაც სახალხო დამცველს მონიტორინგისთვის დღემდე არ უშვებენ, ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებაა. ოფიციალური ცნობით, დღესდღეობით იქ 47 ბავშვი ცხოვრობს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე ჟურნალისტებთან ჰყვება, ბოლო შეტყობინება შესაძლო ძალადობის შესახებ ნინოწმინდის პანსიონიდან 10 დღის წინ მიიღეს.

„10 დღის წინ. ძალადობა. ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“, — ამბობს ის.

მაღლაფერიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ბავშვი პანსიონიდან გადმოყვანილია, ხოლო ძალადობის ფაქტი, სავარაუდოდ 3 წლის წინ მოხდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, ამჟამად სად არის აღმზრდელი  და შეიძლება თუ არა ახლაც პანსიონში იმყოფებოდეს, სააგენტოს პასუხი არ აქვს.

„შეიძლება იყოს, შეიძლება არა. დაფიქსირებული იქნა შსს-ში. ეს ფაქტი, რომელზეც ახლა მოგვაწოდა ბავშვმა ინფორმაცია, რომ ეს არის ძველი, დაახლოებით 3 წლის წინანდელი“, — ამბობს ის.


რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი