ნეტგაზეთი | დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი – თალაკვაძე ნინოწმინდაზე დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი – თალაკვაძე ნინოწმინდაზე – Netgazeti
Batumelebi | RU

დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი – თალაკვაძე ნინოწმინდაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის თქმით, დარწუნებულია, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როცა საკითხი ბავშვებზე მზრუნველობას ეხება. ამის შესახებ მან განაცხდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე კომენტირებისას.

პანსიონში უკვე თვეზე მეტია მონიტორინგისთვის სახალხო დამცველს არ უშვებენ. გუშინ, 2 ივნისსს კი, ომბუდსმენის მიერ ცნობილი გახდა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

თალაკვაძის თქმით, სახალხო დამცველს უფლება აქვს, რომ მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში ჩაატაროს.

“ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია ამ კონსტიტუციური მექანიზმით. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველო მოქალაქეები და ბავშვები მათ შორის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას”, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი