ახალი ამბები

მთავრობა ახალ ფირმას ეძებს „ნამახვანის“ კონტრაქტის შესაფასებლად

3 ივნისი, 2021 • 2410
მთავრობა ახალ ფირმას ეძებს „ნამახვანის“ კონტრაქტის შესაფასებლად

საქართველოს მთავრობის დავალებით, იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფასება, რომელიც არაერთ კრიტიკული დასკვნას მოიცავს, უწყებას უკვე ჰქონდა მომზადებული კონტრაქტის ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, სამინისტრო ამ დოკუმენტის შინაარსზე დღემდე არ აკეთებს განმარტებებს.

ამ საკითხზე სახელმწიფოს დუმილის ფონზე, სპეციალისტები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ ხელშეკრულებას, ეჭვობენ, რომ სამინისტრო ეცდება, ამ გზით ნაკლებად კრიტიკული დასკვნა შეიმუშაოს.

რას უკვეთავს იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მოსამზადებლად „ინტერესთა გამოხატვა“ 27 მაისს გამოაცხადა.

„ინტერესთა გამოხატვა“, ზოგადად, გულისხმობს კომპანიებისთვის შანსის მიცემას, შეიტანონ განაცხადი იუსტიციის სამინისტროში ამ დავალების შესასრულებლად. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე არ სახელდება სერვისის სავარაუდო ფასი და ეს არც ამ შემთხვევაშია მითითებული.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სამინისტროს კითხვით, თუ რა არის მათ მიერ შეკვეთილი სერვისის სავარაუდო ღირებულება. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

იუსტიციის სამინისტროს დავალებაა, მომზადდეს იურიდიული დასკვნა, რომელიც აღწერს, რამდენად შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტი „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“ და საქართველოს კანონმდებლობას.

სამინისტრო განცხადებაში მიუთითებს, რომ „იუსტიციის სამინისტროს შეუზღუდავი დისკრეციაა [უფლებაა], აირჩიოს წარმატებული პრეტენდენტი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე“.

სამინისტრო ასევე წერს, რომ შერჩევის პროცესს გამოეთიშებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც რაიმე შეხება ჰქონდათ „ნამახვანჰესის“ პროექტის მოლაპარაკებებთან, ჩართულები იყვნენ კონტრაქტის/პირველადი ვერსიის შემუშავებაში და ამის გამო ინტერესთა კონფლიქტი წარმოეშობათ; იგივე პრინციპი ვრცელდება კონსულტანტი კომპანიის მიერ „ადგილობრივი მრჩევლის“ შერჩევისას.

იურიდიული მომსახურების შესახებ საერთაშორისო კომპანიებისგან წინადადებების მიღების ბოლო ვადა 10 ივნისია. შეფასება კონტრაქტის დადებიდან 45 დღეში უნდა ჩაბარდეს სამინისტროს.

კონტრაქტი და შეკითხვები

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას [რამდენიმე უწყებას] შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა.

როგორც სამინისტრო წერს ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტში, პროექტის განხორციელებისას ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფოსა და კონტრაქტორი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

„ბრალდებები ძირითადად მიემართება გარემოსდაცვით და ფინანსურ მიზანშეწონილობას, ასევე, შეთანხმების სამართლებრივ ასპექტებს“, – წერია დოკუმენტში. სამინისტრო იქვე მიუთითებს, რომ:

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს პროექტის განხორციელება 9-დან 12 თვემდე ვადით და დაავალა იუსტიციის სამინისტროს, დაიქირავოს კვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ჰესებთან დაკავშირებულ პროექტების ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასებისთვის და სამართლებრივი შეფასების მომზადებისთვის“.

[გირჩევთ, წაიკითხოთ: მორატორიუმის პარალელურად გაგრძელებული სამუშაოები „ნამახვანჰესზე“]

იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული დასკვნა

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP)“ პროექტი. საქართველოს კანონმდებლობა [საქართველოს მთავრობის 2010 წლის №139 დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის №389 დადგენილება იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ] სახელმწიფოს, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს ავალდებულებს, მოამზადოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ დასკვნა.

კერძოდ, სამინისტროში არსებობს ცალკე სტრუქტურული ერთეული, „ხელშეკრულების ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი“ (იგივე დადგენილება, მუხლი 11 და 17), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მსგავს კონტრაქტების შესწავლაზეა პასუხისმგებელი.

შესაბამისი დასკვნის გასაჯაროებას სამინისტროსგან თვეების განმავლობაში ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ [ყოფილი EMC], რომელიც ნამახვანის კონტრაქტს სახელმწიფოსთვის „კაბალურად“ აფასებს, თუმცა, უშედეგოდ.

სამინისტროს/მთავრობას აღნიშნული დასკვნა არ გაუსაჯაროვებია.

ბოლოს, 2021 წლის 25 მაისს, ჰესის წინააღმდეგ მზარდი სოციალური პროტესტის ფონზე, ამ დოკუმენტმა მედიაში გაჟონა. კრიტიკული დოკუმენტი, რომელიც 2019 წლის მარტში, ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე დაიწერა, გამოცემა „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა.

ეს დასკვნა კონტრაქტის არაერთ საკითხზე და მუხლზე აკეთებს კრიტიკულ შენიშვნებს და გამოთქვამს რეკომენდაციებს, ესა თუ ის მუხლი ამოღებულ იქნას საბოლოო რედაქციიდან. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი მუხლები საბოლოო კონტრაქტში იმავე სახითაა.

[„ნეტგაზეთი“ „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ მომზადებულ დეტალურ სტატიებს გთავაზობთ. ამ ეტაპზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

მას შემდეგაც კი, რაც დასკვნა გასაჯაროვდა, იუსტიციის სამინისტროს არც უარყვია და არც დაუდასტურებია მისი ავთენტურობა, ასევე, არ გაუკეთებია განმარტებები გამოთქმულ შენიშვნებზე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სამინისტროს და სთხოვა, დაედასტურებინა გაჟონილი დასკვნის ავთენტურობა, ან უარეყო ის. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

გაჟონილ დოკუმენტს ხელს აწერს იუსტიციის მინისტრის იმდროინდელი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. მან 25 მაისს განაცხადა, რომ დეტალურად არ ახსოვს, რა ეწერა დოკუმენტში, თუმცა თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება სავალდებულო არ ყოფილა.

„აზრს მოკლებული“ და „საეჭვო“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო კომპანიის ძებნა „აზრს მოკლებულია მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს“.

მეტიც, — წერს „სამართლიანობის ცენტრი, — „დასკვნის შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის დაქირავება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას სხვა სუბიექტისგან ცდილობს“.

როგორც ორგანიზაცია წერს, ხელშეკრულების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც შესაბამისმა უწყებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს; თუმცა, იმის მიუხედავად, რომ „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებზე იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას ცხადად მიუთითა, ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინების გარეშე მაინც გაფორმდა.

„ასეთ დროს, სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს, რა არგუმენტაციით არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი კონსულტაცია და, მაგალითად, დაამტკიცოს, რომ პროექტით მისაღებმა სარგებელმა გადაწონა ყველა ის მძიმე სამართლებრივი რისკი, რაზეც იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში უთითებდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ილუზორული და ფრაგმენტულია“ და მისი დღის წესრიგში შემოტანით ხელისუფლება „პრობლემის აღიარებას თავს არიდებს და ცდილობს ხელშეკრულების შესახებ არსებული ძირითადი პრობლემების გადაფარვას“.

სხვა შენიშვნები

„სამართლიანობის ცენტრი“ ასევე აცხადებს, რომ კითხვებს ბადებს თავად დავალების შინაარსი, — საქართველოს კანონმდებლობასთან და „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან“ შესაბამისობის დადგენა:

  • „სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობასთან ხელშეკრულების შესაბამისობას იუსტიციის სამინისტროზე უკეთ საერთაშორისო იურიდიული კომპანია ვერ შეაფასებს“, – წერს ორგანიზაცია და ისიც მიუთითებს, რომ სამართლებრივი რისკების შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია;
  • „დავალების ის ნაწილი კი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე უთითებს, არანაკლებ ბუნდოვანია მისი ზოგადი ფორმულირების გამო“, – წერია 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ნეტგაზეთმა“ იუსტიციის სამინისტროს ეს კითხვაც დაუსვა, — რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ფორმულირება, „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, რომელ საერთაშორისო აქტებს/ხელშეკრულებებს.

ჩვენ სამინისტროს ასევე ვკითხეთ, რა არგუმენტი აქვს ახალი დასკვნის მომზადებას საერთაშორისო კომპანიის მიერ, წინა, სამინისტროს მიერ 2019 წელს მომზადებული დასკვნის კრიტიკული ასპექტების გაუთვალისწინებლობის შესახებ განმარტების გაკეთების გარეშე. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო: „ქუთაისი პოსტი“

გირჩევთ:

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

ექსპერტთა საბჭო “უკეთესი ნამახვანისთვის”: რას ელიან სახელმწიფო და კრიტიკოსები

მასალების გადაბეჭდვის წესი