ახალი ამბები

მორატორიუმის პარალელურად გაგრძელებული სამუშაოები „ნამახვანჰესზე“

12 მაისი, 2021 • 2469
მორატორიუმის პარალელურად გაგრძელებული სამუშაოები „ნამახვანჰესზე“

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე, მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ აწარმოებს, არამედ აქტიურად აშენებს სადერივაციო გვირაბს, რითაც რადიკალურად ცვლის ბუნებრივ გარემოს.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ სადერივაციო გვირაბი პროექტის ძირითადი ნაგებობა არ არის, მათ სადერივაციო გვირაბის სრული მშენებლობის ნებართვა უკვე მოპოვებული აქვთ და მისი მშენებლობის შეჩერება არც ყოფილა მთავრობასთან შეთანხმების ნაწილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიუთითებენ, რომ ჰესის „პროექტის დანაწევრება“ და ცალკეული ობიექტების ასაშენებლად ცალკეული ნებართვების გაცემა გაუმართლებელია…

რა უნდა იცოდეთ – მოკლედ

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ბოლო თვეებში პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა გაძლიერდა.

უკანასკნელ პერიოდში პროტესტის ფონზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა — გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობისა თუ კონტრაქტის — ნაწილში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ კონტრაქტი სახელმწიფოსთვის „კაბალურად“ შეაფასა; სახალხო დამცველის შეფასებით კი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი „სისტემური პრობლემების ნათელი ილუსტრაციაა“. კომპანია და სახელმწიფო აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ უპასუხო კითხვები არ არსებობს.

მთავრობასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის არშემდგარი მოლაპარაკებების მიუხედავად, 2021 წლის 12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე.

მოგვიანებით, მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.

„ეს არის მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები“?

2021 წლის 8 მაისს „რიონის ხეობის მცველები“ (ასე ჰქვია „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ გაჩენილ მოძრაობას) მივიდნენ იმ ადგილას, სადაც სადერივაციო გვირაბის გაყვანა იყო დაგეგმილი.

„ნეტგაზეთს“ ჯერჯერობით ადგილზე დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ან შესრულდა სადერივაციო გვირაბთან დაკავშირებით, თუმცა ფოტოებზე ჩანს, რომ კლდეში უკვე გამოკვეთილია გვირაბის თაღოვანი შესასვლელი.

„კომპანიის და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მორატორიუმი გამოცხადდა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. რაც ჰქონდა დაგეგმილი კომპანიას, იმას აკეთებს; ანგრევს, ანადგურებს ხეობას“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა გვირაბთან პირდაპირი ჩართვისას.

“ენკა” ამას ეძახის მოსამზადებელ სამუშაოებს

Posted by Lina Ghvinianidze on Saturday, May 8, 2021

12 მაისს „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად „ენკა რინიუებლზისა“ და „ნამახვანის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადგილზე „მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“.

„დღეის მდგომარეობით, სრული პასუხისმგებლობის ვაცხადებ, რომ ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს“, – გვითხრა მან და მიმდინარე სამუშაოები ასე აღწერა:

„როდესაც საინჟინრო ნაგებობაზე, გვირაბზეა საუბარი, აუცილებელია შესაბამისი პორტალის მოწყობა და გარკვეულწილად შეჭრა იმ ველზე, სადაც გვირაბი უნდა გავიდეს. პორტალზე უნდა მოხდეს გარე ფასადის მოპირკეთება — რომ არ მოხდეს ქანების ჩამოქცევა — და სამშენებლო მოედნის მომზადება, რომელიც არის გვირაბის გარეთ; უნდა მოხდეს გვირაბის შეჭრა ისე და იმდაგვარად, რომ არ მოხდეს გარე ქანების ჩამოქცევა“.

„ვიზუალურად შეიძლება ასე ჩანდეს“

მერაბ ლომინაძემ გვირაბთან დაკავშირებულ განმეორებით კითხვაზე ადგილზე ჩასვლა შემოგვთავაზა ვითარების გასაცნობად და განაცხადა:

„ვიზუალურად შეიძლება ჩანდეს, რომ „გვირაბი გაიყვანეს, შეიჭრნენ და მუშაობენ“. რეალურად კი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები“.

ლომინაძის თანახმადვე, კომპანიას სადერივაციო გვირაბის გასაყვანად სჭირდება „შესაბამისი მარკის ბეტონი, რომლის წარმოებაც, პროექტის მიხედვით, იგეგმება ჩვენსავე კომპანიაში, ქარხანაში, რომელიც ჯერ იქ არ აგვიწყვია. ანუ ფიზიკურად მე მასალა არ მექნება, რომ ამ გვირაბის მშენებლობა დავიწყო“.

რას მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოები?

„მოსამზადებელი რიგის სამუშაოების“ შინაარს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #257 დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. ლომინაძის მიერ აღწერილი სამუშაოები მეტია, ვიდრე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული „მოსამზადებელი რიგის სამუშაოები“.

კერძოდ, დადგენილების 58-ე მუხლი ადგენს, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს წარმოადგენს აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებულია:

  • სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან;
  • მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან;
  • სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან;
  • შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასთან;
  • მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან“;
  • ასევე, მოსამზადებელ სამუშაოებს წარმოადგენს „შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება“ და ა.შ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილის EMC-ის) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ უკვე შესრულებული სამუშაოები, რაც „რიონის ხეობის მცველების“ 8 მაისის ვიზიტმა გამოაჩინა, გაცილებით მეტია, ვიდრე აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოსამზადებელი სამუშაოები და დასძენს:

„სრულიად გაუგებარია, როგორ ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები ფაქტობრივად აშენებულ გვირაბზე, რომ ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი… კომპანიის ეს განცხადება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისკენაა მიმართული“.

„სრული უფლებამოსილება არსებობს“ გვირაბის ასაშენებლად

ამ საკითხზე „ნეტგაზეთის“ კითხვის პასუხად „ენკა რინიუბლზსის“ ადმინისტრაციული დირექტორი, ელენე ღუბიანური აცხადებს:

„ნებართვას თუ კარგად ჩახედავთ, წერია, რომ პროექტის თითოეულ სტრუქტურაზე უნდა წარადგინო დეტალური პროექტი, ექსპერტთა დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთო. სადერივაციო გვირაბთან დაკავშირებით ესეც კი გაკეთებულია, ანუ დეტალური პროექტიც შეთანხმებულია და ექსპერტის დასკვნაც წარდგენილია. შესაბამისად, უკვე არსებობს სრული უფლებამოსილება მისი, როგორც ცალკე სტრუქტურის განხორციელების“.

თავდაპირველად მანაც გვითხრა, რომ „ამ სადერივაციო გვირაბთან მიმართებაში მზადდება პლატფორმა სადერივაციო გვირაბის ასაშენებლად“, ხოლო მას შემდეგ, რაც „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა, იყო თუ არა იქ უკვე წარმოებული სამუშაოები უფრო მეტი, ვიდრე მოსამზადებელი სამუშაოების #257 დადგენილების დეფინიცია ითვალისწინებს, გვიპასუხა:

„შეიძლება იყო, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მაგის ნებართვაც არსებობს“.

ამასთან, ელენე ღუბიანურის თქმით, „სადერივაციო გვირაბი არის დამხმარე ინფრასტრუქტურა და არა ძირითადი ნაგებობა, ვინაიდან დროებითია“, ხოლო მთავრობასთან შეთანხმება მხოლოდ ძირითადი შენობა-ნაგებობების, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის დაწყების გადადებას ითვალისწინებდა.

„ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“

„რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ მიმდინარე სამუშაოები, იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსი აქვს ფორმალურად, გარემოს მნიშვნელოვნად ცვლის და მათი მოთხოვნაა, ეს პროცესი  შეჩერდეს.

განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც მედიაციის ფარგლებში ქვეყანაში მოიწვია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს „დავების მოგვარებისა და მოლაპარაკებების ცენტრის“ თავმჯდომარე, დირკ ბუშლე.

მარიტა მუსელიანი, „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი სპიკერი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს:

„პრობლემა სწორედ ისაა, რომ რეალურად ცხადად არ ჩანს, რა არის კომპანიისთვის მოსამზადებელი და რა ძირითადი სამუშაოები… ის, რაც იქ ვნახეთ, ცალსახად გაცდენილია მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ როდესაც მისული ვიყავით და გვირაბი დავინახეთ, გვითხრეს სიტყვიერად პოლიციელებმა, რომ კი მოიხაზა გვირაბი, მაგრამ შეჩერდებაო. და აღნიშნეს, რომ ეს გვირაბი ზედმეტი იყო“…

მერაბ ლომინაძე კვლავ აცხადებს, რომ კომპანიამ „მორატორიუმის ფარგლებში უარი თქვა ძირითადი ნაგებობების მშენებლობაზე“, იმის მიუხედავად, რომ სადერივაციო გვირაბი დამხმარე ნაგებობაა და ის არ ყოფილა მთავრობასთან შეთანხმების ნაწილი —

„დღეს არ მიმდინარეობს არაფერი, გარდა მოსამზადებელი სამუშაოებისა.  არცერთ ობიექტზე“.

„პროექტი დანაწევრებულია“, რაც „საღ აზრს მოკლებულია“

როგორც “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) მიუთითებს, 5 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 22 აპრილს, სრული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენამდე მიანიჭა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილება [ამასთან, სრული და საბოლოოდ სამშენებლო დოკუმენტისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების წარდგენის ვადად 2021 წლის 13 აპრილი განისაზღვრა].

ამ პირობით მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ შპს „ენკა რინიუებლზმა“, EMC-ის შეფასებით, „დამატებითი შეღავათით ისარგებლა“. კერძოდ:

  • „კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 21 სექტემბერს ცვლილება შევიდა მშენებლობის ნებართვაში;
  • ამ ცვლილებით კომპანიას მიენიჭა უფლება, სრული სამშენებლო დოკუმენტის წარდგენამდე სამშენებლო სამუშაოები დაეწყო ჰესის იმ ობიექტებზე, რომლებზეც სააგენტოში სრულ საპროექტო დოკუმენტაციას და საექსპერტო დასკვნას წარადგენდა“ [სწორედ ამაზე მიუთითებს „ნეტგაზეთთან“ საუბარში „ენკას“ ადმინისტრაციული დირექტორი, ელენე ღუბიანური].

როგორც “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გულისხმობს, რომ „კომპანიას უფლება მიეცა „დაენაწევრებინა“ სამშენებლო ობიექტი, შეედგინა ჰესის ცალკეული ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაცია, შეეფასებინა საექსპერტო დასკვნებით და მიეღო კონკრეტული ობიექტების მშენებლობის უფლება“.

საბოლოოდ, „ენკამ“ სააგენტოს მხოლოდ სადერივაციო გვირაბის სამშენებლო დოკუმენტაცია წარუდგინა და 2020 წლის 3 დეკემბრის თანხმობის საფუძველზე მიიღო კიდეც უფლება, ადგილზე სადერივაციო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაეწყო.

ასეთი პრაქტიკა კი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საღ აზრს მოკლებულია:

„იმ პირობებში, როდესაც ჰესის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შრის კაშხლის სამშენებლო დოკუმენტაცია და საექსპერტო დასკვნები არ არის წარდგენილი სააგენტოში, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გააჩნდეს „ენკას“ ცალკეული ობიექტის მშენებლობის უფლება“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თათული ჭუბაბრია.

ამ გარემოებას „რიონის ხეობის მცველებიც“ აპროტესტებენ: „ცალკე პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ცალკეული ნებართვა არსებობს, როდესაც არ არის ერთიანი ნებართვა. რას ნიშნავს ცალკე გვირაბი, რატომ უნდა გასცეს ცალ-ცალკე ნებართვა, თუკი ერთიანი პროექტი არ არსებობს? ხომ ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რაღაც მაქინაციის ნაწილი“? – ამბობს მარიტა მუსელიანი.

რა ხდება ახლა?

„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

„რიონის ხეობის მცველები“ გეგმავენ, 23 მაისს უკვე თბილისში გამართონ საპროტესტო დემონსტრაცია და ათასობით ადამიანის მისვლას ელოდებიან.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ უახლესი არქივიდან:

საკვები, ღამის გასათევი — როგორ გეგმავენ „რიონის ხეობის მცველების“ დახმარებას თბილისში

 

ექსპერტთა საბჭო “უკეთესი ნამახვანისთვის”: რას ელიან სახელმწიფო და კრიტიკოსები

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი