სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს 6 ივლისს ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის სასახლიდან გამოყვანილი და ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი თეთრი ლომის დაღუპვის მიზეზი.

თავად წარუკიანს 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.

გაგიკ წარუკიანის ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს – მედია

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც ველურ ცხოველზე ან ფრინველზე უკანონო ნადირობის ფაქტს ეხება, წარუკიანის სასახლიდან გამოიყვანეს სამი ლომი და ერთი ვეფხვი, ასევე სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის 190 ფიტული, რომლებიც ნივთმტკიცებად იყო აღიარებული. უკანონო ნადირობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეფასებულია 30 მილიონ დრამად.

ამ ოპერაციის დროს ლომები და ვეფხვი დააძინეს, რათა ისინი ერევნის ზოოპარკში გადაეყვანათ, თუმცა თეთრი ლომი, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, “ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა”.

ამასთან, ერევნის ზოოპარკმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ლომის სიკვდილის მიზეზი იყო ხანდაზმულობა და თანმხლები დაავადებები, რაც გაკვეთის აქტშია დაფიქსირებული.

“თუმცა სამოქალაქო საზოგადოება ამ განმარტებით უკმაყოფილოა და დამოუკიდებელ, გამჭვირვალე გამოძიებასა და ექსპერტიზას ითხოვს”, – წერს news.am