ახალი ამბები

„ვტოვებ იმერეთის პოლიციას და სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს“ – პოლიციელი

1 ივნისი, 2021 • 15810
„ვტოვებ იმერეთის პოლიციას და სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს“ – პოლიციელი

მოქალაქე ზურაბ ხმელიძე, რომელიც ამბობს, რომ ვანის პოლიციაში დეტექტივის თანაშემე-გამომძიებელი იყო, აცხადებს, რომ სოლიდარობას უცხადებს „რიონის ხეობის მცველებს“, რომელთაც თვითონაც უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას პოლიციელის რანგში და სამსახურს ტოვებს.

ხმელიძის ინტერვიუ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა პირველ ივნისს. ინტერვიუში ის ამბობს:

„ჩემი სახელია ზურაბ ხმელიძე. ვმუშაობ ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. სისტემაში ვარ უკვე 9 წელია.

მე მინდა, რომ ასე, პირდაპირ გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით.

აქამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში.

სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც უკანონოდ ელახება კონსტიტუციური უფლება და არა აქვთ თავიანთ  სახლში გადაადგილების უფლება.

პოლიციის მიერ… ჩემ მიერაც, ასე ვთქვათ… მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ იქით [ბლოკპოსტს მიღმა], საიდან არიან, სადაც აქვთ საცხოვრებელი სახლი, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას…

ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზეც, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიან ადამიანს, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და, პირიქით, ხელს უშლი მათ“...

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პოლიციას გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს.

უფლებადამცველების შეფასებით, პოლიციის ეს ქმედებები უხეშად არღვევს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს.

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 6 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს.

„ნეტგაზეთი“ ეცდება შსს-სთან ინფორმაციის გადამოწმებას.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი