საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულების სტუდენტები, ლექტორები, მკვლევრები და თანამშრომლები საჯარო წერილს ავრცელებენ და რიონის ხეობის მცველებს კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას.
მანამდე ამავე ჯგუფმა ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა განცხადება, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობას და დაგმეს დარბეული აქციები.
„ჩვენ, აკადემიური მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანები, საკუთარ დარგობრივ ცოდნასა თუ კვლევებზე დაყრდნობით ვადასტურებთ, რამდენად პრობლემურია “განვითარების“ ეს გაბატონებული მოდელი. ჩვენ ეკონომიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, კულტურულ, გეოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, არქეოლოგიურ თუ სხვა დარგობრივ ჭრილში ვხედავთ იმ რისკებსა და ფასს, რადაც გვიჯდება ჩვენი ხელისუფლებების მიერ ჩვენი, ხალხის დაუკითხავად არასწორად გადადგმული ნაბიჯები.
რასაც ჩვენ უბრალოდ ვადასტურებთ, რიონის ხეობის მცველები არა მარტო ამბობენ, არამედ ყოველდღიურად აკეთებენ კიდეც – ისინი თავიანთი სხეულებით, ფიზიკური და სულიერი სიმტკიცით მოწმობენ, რას ნიშნავს, როცა მათივე ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებას დებს. ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, კერძო ინვესტორი ნებისმიერ ფასად დაიცვას ხალხის პროტესტისგან და გადააბიჯოს ქვეყნის კონსტიტუციას“, – ვკითხულობთ წერილში.
წერილის ავტორები ამბობენ, რომ დროა, ხელისუფლება „დროზე ჩაერთოს დამოუკიდებლობის შემდეგ, განსაკუთრებით კი, ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრებაში“.
„ეს პოლიტიკა გულისხმობს ენერგორესურსების აგრესიულ ათვისებასა და უცხოური ინვესტიციების “მოზიდვას“ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების შემლახველი პირობებით, რაც ადამიანებს სხვას აღარაფერს უტოვებს, საზღვარგარეთ შრომით მიგრაციაში წასვლის გარდა“, – ამატებენ ისინი.
„ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ რიონის ხეობის მოძრაობის მოწინავე მხარდამჭერებად სწორედ ქვეყნიდან გადახვეწილი შრომითი მიგრანტები იქცნენ, რადგან ამ ბრძოლაშია თავმოყრილი მათი სამშობლოდან მოწყვეტის მიზეზიც და იმედიც, რომ დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამ მტკივნეული საზოგადოებრივი ძვრების გასიგრძეგანების გარეშე შეუძლებელია ნამახვანჰესის გარშემო დავაში მიიღწეს რამე, რაც ღირსი იქნებოდა, ერქვას “სამართალი“.
ხელისუფლებამ კი, ქვეყნის საარსებო გარემოს წინაშე მდგომი საფრთხეებისა და მზარდი საზოგადოებრივი მოძრაობის პირისპირ, დროა შეიგნოს, რომ ყველაზე გონივრული და პროგრესული იქნება, თავადვე შეაჩეროს “განვითარების“ სახელით შენიღბული ეს ნგრევა, აიღოს პასუხისმგებლობა უკვე დამდგარ ადამიანურ და ბუნებრივ ზიანზე და, რაც მთავარია, გაითავისოს, რომ რაც უფრო მალე გამოიჩენს ამისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას, მით ნაკლებ უხეში იქნება უფსკრულის წინაშე დამუხრუჭება.
კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვთ, სახელმწიფომ უპირობოდ დააკმაყოფილოს მედიაციის პროცესის დაწყების წინაპირობად წამოყენებული მოთხოვნები. წინამდებარე წერილზე აკადემიური სივრცეებიდან ონლაინ-სივრცეში გაფანტულ სტუდენტთა, მკვლევართა, ლექტორთა და სხვათა მიერ დატანებული თითოეული ხელმოწერა თითო გამაფრთხილებელი დაბრახუნებაა გუმათში აღმართულ რკინის კედელზე,“
სრულად წერილი წაიკითხეთ აქ.
12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ მთავრობასთან და რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობისა და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ“.
ვარლამ გოლეთიანმა კი თქვა, რომ პირობის თანახმად, პარასკევისთვის, 18 ივნისისთვის, შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ რიონის ხეობაში განთავსებული ბარიკადები.