ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური აქციების ორგანიზატორები, მამა-შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განცხადებას ავრცელებენ და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს აკრიტიკებენ.
მამა-შვილის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელიც შეიცავს ჰომოფობიურ ლექსიკასა და სიძულვილის ენას, ფალავანდიშვილების კრიტიკის მიზეზი ისაა, რომ “რიონის ხეობის მცველები არ გაემიჯნენ ლგბტ აქტივიზმს”.
მათი აზრით, რიონის ხეობის მცველების პროტესტის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ “საზოგადოების დიდ, ჯანსაღ ნაწილში” გაჩნდა სურვილი, რომ ეს სახალხო მოძრაობა მკაფიოდ გამიჯნულიყო ლგბტ აქტივიზმისგან. ამის მიზეზი კი, ფალავანდიშვილების განცხადებით, ის იყო, რომ თბილისში აქციების პირველი ორი დღის განმავლობაში ლგბტ აქტივისტებმა “საკუთარი იდეების პროპაგანდა” სცადეს ბანერებისა და სამკლაურების სახით. მიზანი, ფალავანდიშვილების თქმით, აქციისთვის “ჩირქის მოცხებაც” იყო.
“ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს, როგორც ერთ-ერთ რიგით სიმბოლიკას, იმ მიზეზით, რომ სხვა განსხვავებული ნიშნის ადამიანებს არ სწყენოდათ საკუთარი სიმბოლიკის დამალვა. ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჯვარი ლგბტ სამკლაურს გაუტოლდა, რაც მკრეხელობაა”, – აცხადებენ ფალავანდიშვილები.
მათი თქმით, სამწუხაროდ, რიონელების ბოლო გამოსვლები თბილისი პრაიდის, თანასწორობის მოძრაობის და სხვა ორგანიზაციების წუხილს უფრო პასუხობდა, ვიდრე “საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის”.
“სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანების სახელით ე.წ. ლგბტ თემი მრევლთან, პატრიოტებსა და სხვა ჯგუფებთან გათანაბრდა და ამით მათი საქმიანობის ლეგიტიმაცია და მიმღებლობის გაზრდა მოხდა, შეურაცხყოფილი დარჩა საზოგადოებაც”, – ნათქვამია ფალავანდიშვილების განცხადებაში.
მათი თქმით, რიონის მოძრაობის სურვილის მიუხედავად, რომ აქ კეთდებოდა კონკრეტული საქმე და სხვა თემებზე პოზიციის დაფიქსირება არ იყო მიზანშეწონილი, არ მოხერხდა. რიონელების ეს პოზიციაკი არა ნეიტრალური, არამედ ლგბტ აქტივისტების “პროპაგანდის” ხელშეწყობაა ნებსით თუ უნებლიეთ.
“როგორც ქრისტიანები, ყველა ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, პირველ რიგში, მის წინაშე იყოს გამართლებული. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რიონის ხეობის გადარჩენის სახელით, მეტი ზიანი მოვუტანოთ ქვეყანას”, – აცხადებენ ფალავანდიშვილები და რიონის მოძრაობას მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნოს ლგბტ აქტივისტებს და “შემდეგ მოურიდებლად, შემართებით აღმართოს ჯვარი, როგორც იარაღი ძლევისა”.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა სულაძემ განაცხადა, რომ საკუთარ ჯვარს, რომელიც პროტესტის მიმდინარეობისას მუდამ თან ჰქონდა, აქციის მსვლელობისას აღარ ატარებდა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს უხერხულობა არ შეუქმნას და ასევე მაგალითს აძლევს მათ, “ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ატაროს”.
აღნიშნული განცხადება სულაძემ გუშინ, 25 ივნისს აქციის მიმდინარეობისას გააკეთა. ამ განცხადებას წინ უძღოდა 24 მაისს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო აქციის დატოვება აიძულა.
“თუკი ჩვენი რაიმე ნიშნით წარდგენა ვინმეს უქმნის უხერხულობას, მოდით, რაიმე შევცვალოთ ჩვენში. აი, მე დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება, ის არა მარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა.
ამიტომ გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალეროვანი ქალაქია და, დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვისაც ისევე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის, მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მათ უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ატაროს და ამით განსხვავებულად წარმოაჩინოს მისი თავი. ძალიან გთხოვთ, ყველამ ვცეთ ერთმანეთს პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ვოცნებობთ”, – განმარტა სულაძემ.
24 მაისს აქციის მიმდინარეობისას “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს მკლავზე LGBT სამკლაური ეკეთა, რაც გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა “LGBT პროპაგანდად” შეაფასა და აქტივისტს ტერიტორიის დატოვება აიძულა. ბარკერთან ერთად აქცია დატოვა “სირცხვილიას” კიდევ ერთმა აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმაც.
მომხდარის შემდეგ აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები ძალადობას ემიჯნებოდნენ და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა არ მისულიყვნენ სახელმწიფო სიმბოლიკის გარდა სხვა სიმბოლიკებით. აღნიშნულ მოვლენას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების ნაწილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა უფრო მკვეთრი პოზიცია დაეფიქსირებინათ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-ს სამოქალაქო აქტივისტებზე ჰომოფობიური შინაარსის თავდასხმაზე სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდეს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანმა საჯარო გამოსვლისას 25 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ კატეგორიულად ემიჯნებიან ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და აქციის მონაწილეებს დაპირისპირებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამასთან, მისი თქმით აქციაზე მისული თითოეული ადამიანის უფლება დაცულია.
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ პროტესტის ფარგლებში ისინი არა ერთმანეთის გამოსასწორებლად, არამედ საერთო პრობლემის გარშემო გაერთიანებისთვის იკრიბებიან. მისი თქმით, ადამიანების თვისებაა, რომ ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები და ამის გამო აქციის მონაწილეები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ.
ვარლამ გოლეთიანის აღნიშნულ გაცხადებას გამოეხმაურა თავად სალომე ბარკერიც. მისი განცხადებით, აქციაზე პროტესტის შინაარსის მხარდასაჭერად მივიდა, ინციდენტის შემდეგ კი აქციის ორგანიზატორებისგან “ბოლომდე წყნარად ელოდებოდა შეწუხების მინიმალურ სტანდარტს”, თუმცა, მისი თქმით, “არ ჩანს ეს წუხილი”.
“ძალიან კარგად იცის ყველა ორგანიზატორმა, რომ მე იქ არც დროშა მიქნევია და არც ვინმე გამიღიზიანებია, გარდა ისედაც მუდმივად გაღიზიანებული და შარზე მყოფი ჯგუფისა, რომელიც ჩემს მოკლე შორტებზეც ისევე გაღიზიანდა როგორც სამკლაურზე და ზოგადად ჩემს არსებობაზე. ვწუხვარ მომხდარის გამო, მრავალფეროვანი უნდა იყოს პროტესტი, თუ წარმატება გვინდა. არავინ ითხოვდა თქვენი მოთხოვნების შეცვლას ან რამე განსაკუთრებულ ყურადღებას, მე არ მოვსულვარ თქვენს შესაწუხებლად ან “გამოსასწორებლად” ,როგორც ამას ვარაუდობთ ამ კომენტარში, ბატონო ვარლამ, მე მოვედი ისე, როგორი ფორმითაც ვარსებობდი აქამდე საჯარო სივრცეში, და მოვედი მხარდასაჭერად. ვწუხვარ, ფალავანდიშვილები თქვენ გაზიანებთ და ამის მიხვედრა არ არის რთული, თუ გსურთ. როცა ინებებთ. ცხადია”, – განაცხადა ბარკერმა.