ახალი ამბები

ადგილობრივების ინფორმაციით, ნამახვანჰესის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

15 მაისი, 2023 • 1126
ადგილობრივების ინფორმაციით, ნამახვანჰესის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

იმერეთში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წევრის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მეწყერი იმ ტერიტორიაზე ჩამოწვა, სადაც კომპანია “ენკას” მიერ ნახვანჰესის მშენებლობის პროცესში გვირაბი გაკეთდა. მისი განცხადებით, მაშინ ამ ადგილას მთის ფერდობი მოჭრეს და სწორედ ის ფერდობი დაიძრა, რომელსაც ძირი გამოეცალა.

“ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად დაიძვრებოდა ეს მოჭრილი ფერდობი და ამას არავინ მიაქცია ყურადღება. ეს მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხეა”, — უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის მეწყრები ხდებოდა ხოლმე, თუმცა ეს მათ შორის ყველაზე მასშტაბურია, რამაც ხეობასთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ჩახერგა.

მეწყრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ. კადრებში ჩანს, რომ დიდი რაოდენობის მიწა საავტომობილო გზაზეა ჩამოწოლილი:

გარემოს ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა არ უკავშირდება ნამახვანჰესის მშენებლობას და ამ ტერიტორიაზე არაა გვირაბი, არამედ ესაა არის დამოუკიდებელი ადგილი, სადაც მოსული უხვი ნალექის გამო გრუნტის მასები ჩამოიშალა.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტები აცხადებენ, რომ მასების ჩამოშლა ბუნებრივი პროცესია და კავშირი არ აქვს ადამიანების მიერ ჩატარებულ რაიმე სამუშაოებთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულს წინ უძღოდა მრავალთვიანი პროტესტი ჰესის აშენების წინააღმდეგ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის ირგვლივ კითხვები არსებობდა და სასურველია, ქვეყანაში დიდი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით შენდებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი