ახალი ამბები

საზმაუწყებელი მზადაა, გოლეთიანსა და „ოცნების“ ლიდერებს დებატისთვის ეთერი დაუთმოს

17 მარტი, 2023 • 1943
საზმაუწყებელი მზადაა, გოლეთიანსა და „ოცნების“ ლიდერებს დებატისთვის ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, ეთერი დაუთმოს ვარლამ გოლეთიანისა და “ქართული ოცნების” ლიდერების დებატებს, თუმცა თავად ასეთი გადაცემის მოწყობის ინიციატორი არ გახდება.

დღეს, 17 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს შეხვდა.

შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოძრაობის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს თხოვნით მიმართეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებებზე საპასუხოდ მათთვის შესაბამისი საეთერო ფორმატი შეეთავაზებინათ.

კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსული კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ კანონის მიღების აუცილებლობა, მათ შორის, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის მაგალითითაც ახსნეს. მათი თქმით, ჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში „რუსული ინტერესი და რუსული ფინანსები“ ფიგურირებდა.

გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ თუ ოპონენტი მხარე თანახმა იქნება, ოპონირება გაუწიოს გოლეთიანს, მზად არის, ამ ტიპის დებატს ეთერი დაუთმოს თავის გადაცემაში.

„ჩვენი პოზიცია ის არის, რომ უბრალოდ, ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ მოპასუხის გარეშე ვერ შევძლებთ, მარტო ვისაუბროთ ამ თემაზე. მთავარი ამბავი არის ის, რომ თუ ორივე მხარე იქნება თანახმა და მზად იმისთვის, რომ ამაზე დებატი გაიმართოს, დიდი სიამოვნებით, მზად ვართ, რომ ამას ეთერი დავუთმოთ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

თუმცა, გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი „ვერ იქნება ის მხარე, ვინც შეიძლება შეაწუხოს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მათ ეთერში დებატზე დასხდნენ. გვიმრაძის განმარტებით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მაუწყებელს არ სურს, თავად იყოს მსგავსი პროცესის [დებატის] გენერატორი.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერები დებატზე არ მივლენ, მაშინ საზოგადოებას ეცოდინება, რომ მათი ბრალდებები დაუსაბუთებელია.

„ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რა იქნება ხელისუფლების მიმართ ზეწოლის მექანიზმი, რომ ისინი ამ კომუნიკაციაზე გამოვიდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეუბნება, რომ მზად არის, უზრუნველყოს ასეთი ფორმატი – ვიყო მე და იყოს უშუალოდ ბრალმდებელი მხარე, კობახიძეს და მდინარაძეს ვგულისხმობ. გვჭირდება, რომ ამ ხალხმა პოზიცია დააფიქსიროს, მოდის თუ არ მოდის და მოგვიწევს ბრძოლის გაგრძელება, რომ ეს პოზიცია მათგან მივიღოთ. თუ მოდიან, მზად არის ეს ფორმატი და თუ არ მოდიან, მაშინ იცოდეს მთელმა საზოგადოებამ, რომ ეს არის უბრალოდ ბრალდება, რომელსაც ისინი ვერ ასაბუთებენ და არ შეუძლიათ დებატში დასხდნენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

განახლება:

„მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი, მასთან გამართოს დებატები“, – ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ ვარლამ გოლეთიანის მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მასთან დებატში ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე დაჯდეს.

როგორც ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა წერილობით განუცხადა, მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან ვარლამ გოლეთიანის სავარაუდო სატელევიზიო დებატის სერიოზული შეფასება რთულია.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვა არანაირი არგუმენტი რომ არ არსებობდეს, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას ნამახვანჰესის საკითხი ამართლებს.

„ეჭვი არავის აქვს, რომ რუსული ინტერესი და რუსული ფინანსები იყო გარკვეულწილად, გარკვეული მიმართულებებით — ყველა იქ ჩართულ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. გარკვეული მიმართულებებით იყო მსხვილი ფინანსები იმისთვის, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კამპანიას პარტნიორი ქვეყნებიდან და მათი ორგანიზაციებიდან დაფინანსებული NGO სექტორის წარმომადგენლებიც „უსაფორთებდნენ“ (მხარს უჭერდნენ).

თუმცა მდინარაძემ იქვე განაცხადა, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს.

„ვამბობ, რომ გვაქვს ინფორმაცია. დოკუმენტზე ასახული არც ის მაქვს, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და არც ამ კამპანიისთვის რომ ფინანსდებოდა ქართული ენჯეო, მაგრამ ყველამ ვიცით ზეპირად. როდესაც ფურცელზე დაიწერება ეს ყველაფერი, მერე კითხვას დასვამს ქართველი კაცი თუ ქალი, რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი, რომ ამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობდეს, ემთხვევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის რომელიმე ორგანიზაციიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის ინტერესს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტივობა უცხოური ინტერვენციის მაგალითად დაასახელა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. თუმცა არ თქვა, ვინ იდგა ამის უკან.

„აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება იყოს სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უსაფრთხოებას. არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რუსულიც იყო და არარუსულიც იყო [წყაროები]. როდესაც დაიდება რეესტრი, ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით ექნება საზოგადოებას ინფორმაცია“, — განაცხადა კობახიძემ.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულს წინ უძღოდა მრავალთვიანი პროტესტი ჰესის აშენების წინააღმდეგ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის ირგვლივ კითხვები არსებობდა და სასურველია, ქვეყანაში დიდი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით შენდებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი