ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ შეეცადნენ ბოლშევიკები 26 მაისის გასაბჭოებას

26 მაისი, 2021 • 4695
როგორ შეეცადნენ ბოლშევიკები 26 მაისის გასაბჭოებას

“და განა შეუძლია ვინმეს თქვას, რომ საქართველოს მშრომელი ხალხი დღეს არ არის თავისუფალი, თავის ბედის თვითონ გამომჭედი? — არავის, გარდა ხალხის აშკარა მტრებისა, რომელთაც დამოუკიდებლობა ისე ესმით, როგორც საშუალება თავის ბატონობის აღდგენის და მშრომელი მასების ისევ დამონების. ასეთ საშუალებას წარმოადგენდა მენშევიკების 26 მაისის დამოუკიდებლობა. ჩვენ კი მის მაგივრად გვაქვს 25 თებერვალი და მას კიდეც ყოველთვის დიდი ზეიმით ვიდღესასწაულებთ”, — გაზეთი “კომუნისტი”, 1922 წლის 22 მაისი

26 მაისის მიმართ ბოლშევიკური პარტიის დამოკიდებულება პროპაგანდისტული სტატიის ამ ნაწყვეტიდანაც ჩანს. გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ 1918 წელს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა, ანუ “რევოლუციის იდეებს დაშორებულმა მენშევიკებმა” მათ დამოუკიდებლობის ნაცვლად მონობა მოუტანეს. შესაბამისად, ამ დღეს აღსანიშნავიც არაფერი იყო.

თუმცა, იცით თუ არა, რომ სულ რაღაც 1 წლით ადრე ბოლშევიკები 26 მაისის მიმართ ასეთ ხისტ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდნენ? მეტიც, 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებიდან სულ რამდენიმე თვეში, მათ თავადაც იზეიმეს ეს თარიღი, თბილისის ცენტრში გამართული ღონისძიებებით. ასე სჭირდებოდა მაშინ საბჭოთა ხელისუფლების რიტორიკას.

“გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობას”

“გაუმარჯოს 26 მაისს! გაუმარჯოს მშრომელთა საქართველოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას!” — ვკითხულობთ გაზეთ “კომუნისტის” 1921 წლის 26 მაისის ნომრის პირველ გვერდზე. გაზეთის ამ ნომერში მრავლად ნახავთ პუბლიკაციებს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღის შესახებ.

რას ზეიმობდა საბჭოთა ხელისუფლება? ეს კითხვა ბუნებრივად იბადება იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვით ადრე ბოლშევიკებმა თავად დაუსვეს წერტილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 3-წლიანი არსებობის პერიოდს, მაშინდელი პრესა კი სავსე იყო აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების  საწინააღმდეგო პროპაგანდით.

თუმცა არის ერთი საგულისხმო დეტალი: ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა რუსეთი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწითლება არც ოკუპაცია იყო და არც ანექსია. მაშინდელი პროპაგანდის თანახმად, ეს იყო ადგილობრივი მუშებისა და გლეხების აჯანყება, რომელშიც მოსკოვი მათ დასახმარებლად ჩაერთო.

გაზეთი "კომუნისტი" 26.05.1921

გაზეთი “კომუნისტი” 26.05.1921

სწორედ ამ კონტექსტს მოარგო მაშინდელმა ხელისუფლებამ 26 მაისი და გადაწყვიტა, ოკუპაციის პირველ წელს შეენარჩუნებინა ის, როგორც დამოუკიდებლობის იუბილე, იმის ხაზგასმით, რომ 3-წლიანი “მონობის” შემდეგ, 1921 წელს, ქვეყანამ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა.

“საქართველოს კომუნისტური პარტია მეტი დამცველი იქნება დამოუკიდებლობის, ვიდრე სხვა პარტიები. ამას ის საქმით დაამტკიცებს სულ მალე და ლაგამს ამოსდებს მოწინააღმდეგეებს…

საქართველო დღეს დამოუკიდებელია არა თავის მეზობლებისგან, რომლების დახმარებითაც მოიპოვა მან ეს თავისუფლება. ის მათთან მუდმივ კავშირში იქნება. არამედ საქართველო დამოუკიდებელია ბურჟუაზიისაგან და ეს ფაქტი, როგორც ასეთი ,გვახარებს ჩვენ…

მაშ გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობას. გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას”, — ვკითხულობთ “კომუნისტის” პუბლიკაციაში, სათაურით “მუშის ხმა”. 

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამ პერიოდზე საუბრისას გვიყვება, როგორ ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება, 1921 წლის თებერვლის მოვლენები საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, როგორც წითელი არმიის მოქმედება საქართველოს “მუშათა და გლეხთა თხოვნის” პასუხად.

"თეზისები 26 მაისისთვის" — ბოლშევიკების რიტორიკა დამოუკიდებლობის იუბილეზე. გაზეთი "კომუნისტი" 26.05.21

“თეზისები 26 მაისისთვის” — ბოლშევიკების რიტორიკა დამოუკიდებლობის იუბილეზე. გაზეთი “კომუნისტი” 26.05.21

“პროპაგანდის არსი რა არის? ის უნდა იყოს ძალიან მარტივი, უხეში და ბლაგვი, რომ თავისი სიჯიუტითა და განმეორებადობით დაარწმუნოს მსმენელი ერთი შეხედვით დაუჯერებელ და მიუღებელ რამეში. ისინი უფრო აღრმავებდნენ პროპაგანდას, რომ [სწორედ მაშინ იყო] საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, რამდენადაც მას ჰყავდა მუშათა და გლეხთა მთავრობა.

რა თქმა უნდა, ეს იყო რიტორიკა. ამის ფონზე სრული ოკუპაცია ხდება. აღარანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს. სხვა პარტიები მაისისთვის უკვე აკრძალულნი არიან, პრესის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და იდევნება”, — აღნიშნავს ხვადაგიანი.

მისივე თქმით, ამ პერიოდში საოკუპაციო რეჟიმი ჯერ კიდევ არ გრძნობდა თავს მყარად, იმხანად არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. ამ გარემოებისა და იმჟამინდელი პროპაგანდის გამოძახილი იყო 1921 წლის 26 მაისიც.

ბოლშევიკების 26 მაისი და საზოგადოების პასუხი

მას შემდეგ, რაც საზოგადოებას 26 მაისის აღნიშვნის მოტივები განუმარტა, ბოლშევიკურმა პრესამ დააანონსა ღონისძიებებიც, რომლებიც ამ დღეს თბილისში უნდა გამართულიყო. დამოუკიდებლობის იუბილე კვლავ უქმედ შენარჩუნდა და სადღესასწაულოდ პატიმართა ნაწილის მიმართ ამნისტიის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის ერთგვარი დილემა იყო, თუ როგორ უნდა შეხვედროდნენ 26 მაისისთვის ბოლშევიკების მიერ მოწყობილ საზეიმო ღონისძიებებს. საბოლოოდ, ასეთი მოცემულობა დადგა:

დედაქალაქში ბოიკოტი გადაწყდა, იატაკქვეშეთში მოქმედმა წინააღმდეგობის მოძრაობამ კი საპროტესტო გამოსვლები დაგეგმა რეგიონებში, სადაც საბჭოთა ხელისუფლების გავლენა ჯერ კიდევ სუსტი იყო.

წინააღმდეგობის მოძრაობაში მაშინ ძირითადად ის პარტიები შედიოდნენ, რომლებმაც გასაბჭოების შემდეგ იატაკქვეშა ოპოზიციაში გადაინაცვლეს. მათ შორის იყვნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები და სხვები.

“რამდენადაც არის წყაროები, ამ ბოიკოტმა, დიდწილად, გაამართლა. მოქალაქეთა უმრავლესობა არ გავიდა დემონსტრაციებზე და ქუჩაში არ იყო საერთოდ ამ დღეს.

როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის იატაკქვეშა პრესა შემდგომ აღნიშნავდა, მოსახლეობისთვის საქართველოს ოკუპაციის მიუღებლობის ყველაზე მკაფიო ნიმუში იყო სწორედ ის, რომ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თბილისში აღნიშნეს მხოლოდ საოკუპაციო არმიამ და კომუნისტებმა”, — დასძენს მკვლევარი.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

გეგმა სისრულეში მოიყვანეს რეგიონებშიც: მოქალაქეები ბოლშევიკების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გავიდნენ. მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა გურიასა და სამეგრელოში, ასევე, იმერეთში. მოქალაქეები აქციებზე გამოვიდნენ კახეთშიც.

ხელისუფლებამ პროტესტს ხისტი ზომებით უპასუხა: აქციები დაარბიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

26 მაისს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან გამოვლენილ წინააღმდეგობაზე გაზეთ “კომუნისტში” ბევრი არაფერი დაწერილა. თუმცა 28 მაისის ნომრის პირველივე პუბლიკაციაში საუბარია “საბოტაჟზე”, რომელსაც დამოუკიდებლობის იუბილესთვის ამზადებდნენ “ხალხის მტრები”, “მენშევიკებისა და რამოდენიმე სოციალ ფედერალისტების მეთაურობით”.

“მათი აშკარა მიზანი იყო საბოტაჟი ოცდა ექვსი მაისის დღესასწაულის, ამისთვის ისინი არ დაერიდნენ არასფერს… ხალხის მტრების კიდევ ერთი ცდა დათავდა მათი დამარცხებით”, — წერდა გაზეთი.

26 მაისის აკრძალვა და შემდგომი წინააღმდეგობა

ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, 26 მაისის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების მიდგომა შეიცვალა 1922 წლიდან, როცა ქვეყანაში საბჭოების არჩევნები ჩატარდა. მკვლევრის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე აირჩიეს საბჭოთა საქართველოს მთავრობა.

“და თუ 1 წლით ადრე ის[საბჭოთა ხელისუფლება] აცხადებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის 26 მაისი, უკვე 1922 წელს გამოაცხადა, რომ 26 მაისი არ არის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის დღეს და 25 თებერვალი უნდა აღინიშნოს, როგორც დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისის ღონისძიებები ოფიციალურად აიკრძალა”, — დასძენს ის.

ასე გამოცხადდა წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების დღე დამოუკიდებლობის თარიღად. თუმცა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ამ ფაქტს მარტივად არ შეეგუვნენ. თბილისსა და რეგიონებში 1922 წელსაც გაიმართა აქციები, რასაც ხელისუფლებამ დარბევებითა და მასობრივი დაპატიმრებებით უპასუხა.

აქციის გამართვას თბილისში 1923 წლის 26 მაისსაც შეეცადნენ, თუმცა მცდელობა ბოლშევიკებმა მალევე აღკვეთეს.

“შემდგომ უკვე კონკრეტულად და მკაფიოდ იყო ლაპარაკი, რომ საბჭოთა საქართველო არის საბჭოთა რუსეთთან ერთად, შემდეგ კი — საბჭოთა კავშირის ნაწილი. დამოუკიდებლობის რიტორიკა იქ უკვე საჭირო აღარ იყო”, — აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც მათივე რეჟიმმა შეიწირა

მასალების გადაბეჭდვის წესი