ახალი ამბები

ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც მათივე რეჟიმმა შეიწირა

26 თებერვალი, 2021 • 4849
ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც მათივე რეჟიმმა შეიწირა

“1936-1938 წლების შემდეგ ქართველი ბოლშევიკების ძველი გვარდია, ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობდა. უმრავლესობა  ფიზიკურად გაანადგურა იმავე რეჟიმმა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ სწორედ ამ ხალხის აშენებული იყო”, — ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი.

პროცესი, რომელსაც სტატიაში მასთან ერთად მიმოვიხილავთ, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პირველივე წლის მიწურულიდან იწყება და სხვადასხვა მასშტაბითა და ფორმით შემდგომ პერიოდშიც არაერთგზის მეორდება. მისი მსხვერპლნი არათუ არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გასაბჭოებას, თავად იყვნენ ამ მოვლენის სულისჩამდგმელნი.

თუმცა, ტოტალიტარული სისტემის შიგნით გავლენისთვის ბრძოლამ, იდეოლოგიურმა შეუთავსებლობამ თუ ფუნქციადაკარგულთა ახლით ჩანაცვლების პრაქტიკამ სათავე დაუდო შიდაპარტიულ წმენდას, რომლის დროსაც მრავალი ბოლშევიკი გადაასახლეს, ფიზიკურად გაანადგურეს ან აიძულეს, საკუთარი ხელით, შედარებით უმტკივნეულოდ მოესწრაფებინა სიცოცხლე.

ნაციონალ-უკლონისტთა საქმე

1921 წლის 25 თებერვლიდან სსრკ-ის შექმნამდე პერიოდი ის დროა, როცა საბჭოთა რუსეთი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოს გაწითლება არც ოკუპაცია იყო და არც ანექსია. მაშინდელი პროპაგანდის თანახმად, ეს იყო ადგილობრივი მუშებისა და გლეხების აჯანყება, რომელშიც მოსკოვი მათ დასახმარებლად ჩაერთო.

მსგავსი რიტორიკა ისმოდა საქართველოს სტატუსთან მიმართებაშიც: ის უნდა ყოფილიყო არა უუფლებო სუბიექტი, არამედ საბჭოთა რესპუბლიკა და მოსკოვის მოკავშირე. ამის პარალელურად, თვითმმართველობასთან დაკავშირებით ამბიციები დიდი იყო ქართველ ბოლშევიკთა შორის.

“ბოლშევიკური პარტიის ქართველ წევრებს, რომლებიც ფორმალურად წარმოადგენენ საქართველოს კომპარტიასა და მის ყველაზე პრივილეგირებულ მმართველ ჯგუფებს, გამომდინარე თავიანთი წარსულიდან, ავტორიტეტიდან პარტიის შიგნით და ფუნქციიდან ოკუპაციაში მონაწილეობის კუთხით, [ჰქონდათ ამბიცია] რომ ისინი მართლაც უნდა ყოფილიყვნენ მმართველები ადგილობრივ დონეზე.

რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ ძალიან ერთგული და რადიკალური მხარდამჭერები საქართველო-რუსეთის ერთიანობისა, ბოლშევიზმისა და კომუნიზმისა, მაგრამ ეს მოცემულობა სურდათ იმ პირობებში, რომ თვითონ უნდა ყოფილიყვნენ მმართველი ძალა ადგილზე, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა, ცენტრის პოლიტიკისთვის არ იყო მისაღები”, — ეუბნება ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთს”.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

ის, რომ ცენტრი “ქვედა რგოლების” ავტონომიურობას არ დაუშვებდა, 1922 წლის დეკემბერში, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის დროს გამოჩნდა, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკები გააერთიანეს.

აღნიშნულმა გამოიწვია განსაკუთრებული აღშფოთება ქართველ ბოლშევიკთა დიდ ნაწილს შორის: ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, კოტე ცინცაძე და სხვები  ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა სსრკ-ში ცალკე უნდა შესულიყო და არა ამიერკავკასიის ფედერაციული სუბიექტის სტატუსით. აღნიშნული მისწრაფების გამო მათ ნაციონალ-უკლონისტები უწოდეს.

“[ქართველი ბოლშევიკები] ხედავენ, რომ გაერთიანება ხდება გარკვეულწილად საქართველოს ხარჯზე, რომელიც გაცილებით უკეთ იყო გადარჩენილი 1917 წლიდან მოყოლებულ ნგრევასა და ანარქიას.

მისი ინფრასტრუქტურა — სარკინიგზო შემადგენლობების პარკი, საწყობები და ა.შ. — უკეთ იყო შენახული. ყოველივე ეს გაერთიანების შემდეგ უკვე გადადიოდა ფედერაციის დონეზე მართვის ქვეშ. [შესაბამისად], ამ ტიპის ზემოდან ნაკარნახევი ცვლილებები [ადგილობრივი ბოლშევიკებისთვის] გახდა მიუღებელი”, — დასძენს “სოვლაბის” მკვლევარი.

არანაკლები აღშფოთება მოჰყვა იოსებ სტალინისა და მისი ჯგუფის მიერ იმავე პერიოდში ინიცირებულ ე.წ. ავტონომიზაციის პროექტს, რომლის თანახმადაც მოკავშირე ქვეყნები ავტონომიის სტატუსით უნდა შესულიყვნენ საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. უკმაყოფილებისა და პროცესში ვლადიმერ ლენინის ჩარევის შემდეგ, პროექტი ვერ განხორციელდა. საბოლოოდ, გაიმარჯვა სწორედ ლენინის იდეამ სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნაზე.

იოსებ სტალინი ანასტან მიქოიანთან და სერგო ორჯონიკიძესთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ნაციონალ-უკლონისტთა აღშფოთებამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, რთულია, ეს მოვლენები მათი წარმატების ისტორიად მივიჩნიოთ. მათ მიმართ ცენტრის ზეწოლა სწორედ ამ დროს გაძლიერდა. არაერთი გავლენიანი ბოლშევიკის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა.

თანამდებობებს ჩამოაცილეს: 1921-22 წლებში საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე ბუდუ მდივანი, 1922 წლამდე ცეკას პირველი მდივანი მიხეილ ოკუჯავა, საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი ვლადიმერ დუმბაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე ცინცაძე და სხვები.

ეს მოვლენები პარტიაში მომხდარ პირველ დიდ განხეთქილებად და შიდა რეპრესიების პირველ ტალღად მიიჩნევა. თუმცა სასჯელის ეს ფორმები მეტად მსუბუქად გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა.

ბრძოლა ტროცკისტების წინააღმდეგ

ბოლშევიკთა რიგებში რეპრესიების მორიგი ეტაპი  იწყება 20-იანი წლების მეორე ნახევარში, იოსებ სტალინის იდეური მოწინააღმდეგის, ლევ ტროცკის მხარდამჭერების ან მის მოკავშირეებად მიჩნეულთა მიმართ.

ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, ამ დროს ყალიბდება საქართველოში ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც რეჟიმის სპეცსამსახურებმა და პარტიაში სტალინის დასაყრდენმა ჯგუფმა გაცილებით მკაცრად იმუშავეს.

ლევ ტროცკი

“[ისინი] დააპატიმრეს, გარიცხეს პარტიიდან, უმრავლესობა გადაასახლეს შუა აზიასა და შორეულ მხარეებში, ე.წ. თავისუფალ გადასახლებაში ან სპეციალურ პოლიტიკურ იზოლატორებში, საიდანაც ყველაზე რადიკალური, შეურიგებელი ნაწილი არ გაუთავისუფლებიათ 1936-1937 წლამდე”, — დასძენს მკვლევარი.

“ტროცკისტებთან” ბრძოლის ფარგლებში დასაჯეს არაერთი ადამიანი, რომელსაც იქამდე “უკლონისტობის” გამოც დევნიდნენ:

ვლადიმერ დუმბაძე, რომელიც “უკლონისტობის” პერიოდში თანამდებობას ჩამოაშორეს, მეორე ტალღის დროს გაცილებით მკაცრად დაისაჯა: როგორც საქართველოს “ტროცკისტთა” ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ის საკონცენტრაციო ბანაკში ავადმყოფობისა და შიმშილისგან გარდაიცვალა;

საქართველოს კომპარტიის დელეგატთა ჯგუფი, ყრილობაზე, მოსკოვში(1921). ლადო დუმბაძე - მესამე რიგში, მარცხნიდან მეოთხე. ფოტო: sovlab

საქართველოს კომპარტიის დელეგატთა ჯგუფი, ყრილობაზე, მოსკოვში(1921). ლადო დუმბაძე – მესამე რიგში, მარცხნიდან მეოთხე. ფოტო: sovlab

ასევე “უკლონისტობისთვის” რამდენიმე წლით ადრე ჩამოქვეითებული ბუდუ მდივანი “ტროცკისტული” ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გამო 1928 წელს ყველა დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს, პარტია დაატოვებინეს და 3 წლით გააციმბირეს;

კოტე ცინცაძე 1927 წელს ყირიმში გადაასახლეს და იქიდან აღარ დაბრუნებულა: 1930 წელს ცინცაძე გადსახლებაშივე გარდაიცვალა.

ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ახსენებს კიდევ ერთ რევოლუციონერ ბოლშევიკს, ალექსანდრე(საშა) გეგეჭკორს, რომელმაც “ტროცკისტების” დევნის პერიოდში, 1928 წლის ივნისში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი გადაწყვეტილების წინაპირობები ბუნდოვანია. არსებობს მხოლოდ ეჭვები.

“ბევრი ლეგენდა და ჭორი უკავშირდება ამას, თუმცა, სავარაუდოდ, ჩანს, რომ მომავალ რეპრესიას აარიდა ამით თავი და გარშემომყოფთა გარკვეული ჯგუფიც დაიცვა თავისი თვითმკვლელობით”, — დასძენს ხვადაგიანი.

კოტე ცინცაძე

როდესაც შიდაპარტიული რეპრესიების ამ ნაწილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ არაქელა ოქუაშვილი: სტალინის მასწავლებლად მიჩნეული რევოლუციონერი, ბოლშევიკი, მოგვიანებით კი — ტროცკისტი. ერთ დროს — მისი შეგირდის, მოგვიანებით კი — საბჭოთა დიქტატორის ბრძანებით, არც ის დაინდეს და არც მისი ვაჟი. თუმცა ეს “ტროცკისტებთან” ბრძოლის გაჩაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. დიდი ტერორის დროს.

ვრცლად: როგორ გაწირა სტალინმა სასიკვდილოდ საკუთარი “მასწავლებელი” — არაქელა ოქუაშვილი

დიდი ტერორი

საბჭოთა სისტემას რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი, თავისი არსებობის მანძილზე, პრაქტიკულად, არასდროს უთქვამს. თუმცა, იმ პერიოდის ძალმომრეობის სინონიმად, ხშირ შემთხვევაში, მაინც “37 წელს” იყენებენ. ეს ბუნებრივია: საბჭოთა რეპრესიების ყველაზე სისხლიანი ეტაპი სწორედ 1936-1938 — ე.წ. დიდი ტერორის — წლებს უკავშირდება.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 პირი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით გამოასალმეს სიცოცხლეს, ხოლო 179 — გადაასახლეს.

ეს რიცხვები მოიცავს იმ ბოლშევიკების სახელებსა და გვარებსაც, რომლებიც თავიანთი საქმიანობის, შიდა ინტრიგებისა თუ განსხვავებული იდეების გამო 30-იან წლებში ფიზიკურად განადგურდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ბედი გაიზიარეს ოჯახის წევრებმაც.

ნახატზე გამოსახულია ნიკოლაი ეჟოვი, შს სახალხო კომისარიატის უფროსი. გველს, რომელსაც ეჟოვი ახრჩობს, სამი თავი აქვს. ერთ-ერთ ტროცკის განასახიერებს, დანარჩენი ორი კი ბოლშევიკი რევოლუციონერები — ბუხარინი და რიკოვი, რომლებიც 1938 წელს დიდ ტერორს ემსხვერპლნენ

არადა, მცირე ხნით ადრე, 30-იანი წლების დასაწყისში, რეჟიმმა თითქოს მიუტევა თავის ყოფილ წარმომადგენლებს. მაგალითად, პატირების წერილების საფუძველზე გადასახლებიდან დააბრუნეს ბუდუ მდივანი და მიხეილ ოკუჯავა. ისინი  თანამდებობებზეც განაწესეს.

თუმცა სულ მალე გახდა ცხადი, რომ “ამნისტიის” პარალელურად გაცილებით მკაცრი და სასტიკი რეპრესიები მზადდებოდა. პარტიის რიგების წმენდის ამ ეტაპზე საბჭოთა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სწორება აიღო ძველ ბოლშევიკებზე, რომელთა ნაწილიც სხვადასხვა ფორმით იქამდეც დასაჯეს, ნაწილის “ცოდვები” კი მხოლოდ 30-იან წლებში “შენიშნეს”.

“რეჟიმმა გამოიგონა პარტიაში არსებული კიდევ სხვა ტიპის ორგანიზაციები. თუკი ტროცკისტული და სხვა ოპოზიციური ჯგუფები მანამდე რეალურად არსებობდნენ… [დიდი ტერორის დროს] შეთითხნილი, გარკვეული დაჯგუფებების სახელებით მონათლეს სხვადასხვა ნიშნით არასასურველი და საეჭვო ფენები პარტიის შიგნით, რომლებიც არ ჯდებოდნენ სტალინური მართვის კურსში და სპეცსამსახურებისთვის არ იყვნენ მისაღები.

[ითქვა], რომ მაგალითად, არის მემარჯვენეთა ორგანიზაცია პარტიაში და მათი ფიზიკური განადგურება და განეიტრალებაც მოხდა”, — დასძენს ირაკლი ხვადაგიანი.

30-იან წლებში ფიზიკურად გაანადგურეს უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს წითელი ანექსიის დროს რევოლუციურ კომიტეტში შედიოდნენ, შემდგომ კი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდნენ:

ბუდუ მდივანი 1936 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს , ამჯერად, “ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის” მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. განაჩენი მეორე დღესვე აღსრულდა. დახვრიტეს მისი ვაჟებიც, ქალიშვილი კი  გულაგში გაგზავნეს;

ბუდუ მდივანი. ფოტოს მფლობელია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და შესულია კოლექციაში "ეროვნული ფოტომატიანე"

ბუდუ მდივანი. ფოტოს მფლობელია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. ფოტო შესულია კოლექციაში “ეროვნული ფოტომატიანე”

იმავე წელს დახვრიტეს გადასახლებიდან დაბრუნებული მიხეილ ოკუჯავა, მეუღლესთან ერთად;

1936 წელს დააპატიმრეს კიდევ ერთი ძველი ბოლშევიკი ბესარიონ კვირკველია. მას “ნაციონალ-უკლონისტობა” დასდეს ბრალად და მომდევნო წელს დახვრიტეს;

ამავე პერიოდში მოიშორეს მამია ორახელაშვილი — საბჭოთა პოლიტიკოსი, რომელიც მანამდე არანაირი ფორმით დაუსჯიათ. ის დაპატიმრების წლამდე(1937) მსახურობდა სახელმწიფო თანამდებობებზე. კონტრრევოლუციონერად გამოცხადებული ორახელაშვილი ჯერ პარტიიდან გარიცხეს, შემდეგ გადაასახლეს, ბოლოს კი — დახვრიტეს;

მამია ორახელაშვილი ცოლ-შვილთან ერთად. ფოტოს მფლობელია ნიკოლოზ დროზდოვი. ფოტო შესულია კოლექციაში "ეროვნული ფოტომატიანე"

ტერორს ვერც ბოლშევიკი შალვა ელიავა გადაურჩა: ის 1937 წელს დააპატიმრეს, ბრალად ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს და დეკემბრის თვეში დახვრიტეს.

ასე გაწმინდეს პარტია “კონტრრევოლუციური ელემენტებისგან”. ყოფილი რევკომელებიდან ტერორს თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსები გადაურჩნენ. მათ შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია რომლებიც, როგორც ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს,  “არ გაწირა რეჟიმმა გამომდინარე იქიდან, რომ ითვლებოდნენ ბოლშევიზმის ერთ-ერთ უხუცეს წარმომადგენლებად და სიმბოლოებად”.

“ამ სისტემის არქიტექტორი იყო სტალინი”

ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, ხსენებული მოვლენები წარმოადგენს ერთიანობას დაგეგმილი და კონტროლირებადი ოპერაციებისა, რომლებსაც ცენტრი წარმართავდა. მისი თქმით, ფორმალურ განაჩენებს თან სდევდა  პოლიტბიუროსა და უშუალოდ იოსებ სტალინის სანქცია სასჯელის ზომაზე: დახვრეტასა თუ გადასახლებაზე.

“ეს არის აწყობილი სისტემა, რომელიც დგას ზუსტად ამ ტიპის მექანიზმზე. მისი არქიტექტორი არის სტალინი. ამით შეძლო მან თავისი ძალაუფლების მოპოვება, განმტკიცება და აბსოლუტურობამდე მიყვანა. ეს მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს, ინერციით მოჰყვებოდა საბჭოთა რეჟიმს არსებობის ბოლომდე, თუმცა ფორმები და მასშტაბები, რა თქმა უნდა, შეკვეცილი იყო”, — აღნიშნავს მკვლევარი.

მისივე თქმით, წმენდის ყველა ეტაპი, ჯამში, ნათელი გამოხატულებაა პრინციპებისა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მსგავსი რეჟიმების საქმიანობა ემყარება:

“ამის მაგალითზე ცხადად ჩანს, რასთან გვაქვს საქმე, როცა ტოტალიტარული რეჟიმის  ბუნებაზე ვსაუბრობთ. ეს არის მისი ერთ-ერთი ორგანული დამახასიათებელი ნაწილი, წმენდების გარკვეული ციკლურობა, როდესაც მტრები აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ ყველგან და ყველაფერში.

ადამიანები, რომელთაც თავისი ფუნქცია შეასრულეს, უნდა ჩანაცვლდნენ ახალი, უფრო ერთგული და ლოიალური კადრებით, ხოლო გარკვეული ავტორიტეტის, გამოცდილების, განსხვავებული მოსაზრებების ან პოტენციურად საკუთარი აზრის მქონე პოლიტიკოსები უბრალოდ უნდა გაქრნენ ასეთი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი