ახალი ამბები

“ჩვენ შევუერთდით EU-ს განცხადებას” – ზალკალიანი ბელარუსზე

26 მაისი, 2021 • 740
“ჩვენ შევუერთდით EU-ს განცხადებას” – ზალკალიანი ბელარუსზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მინსკში “რაინეარის” თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის დაკავებაზე საქართველოს საგარეო უწყებას მყისიერი რეაგირება ჰქონდა.

მისი თქმით, საქართველო შეუერთა ევროკავშირის განცხადებას “ინციდენტთან” დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ რეაგირება და დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მაშინ იქ უკანონოდ იყო დაკავებული, ყოფილიყო გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც იქნა მიღებული ამ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ დაცული იყოს ფუნდამენტური უფლება, რაც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 23 მაისის ღამით გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

“მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება გააკრიტიკეს ოპოზიციისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევრებმა. კრიტიკოსების აზრით, განცხადება არარელევანტური, ბუნდოვანი და “შიშნარევი” იყო.

როგორი იყო/უნდა ყოფილიყო საქართველოს რეაქცია ბელარუსის სკანდალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი