პროკურატურის ცნობით, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელიც არასრულწლოვან გერს აწამებდა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, მისი მითითებებიას და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.
„ასევე, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია“, – აცხადებს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.
