ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა

25 მაისი, 2021 • 3389
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, გეღარნუქის რეგიონში აზერბაიჯანული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 1989 წელს დაბადებული პირია, რომელიც არმიაში უმცროს სერჟანტად მსახურობდა.

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად საზღვარზე სიმშვიდეა.


12 მაისს სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სიუნიქის რეგიონში, რომელიც სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს, “შავი ტბის” მიდამოებში, აზერბაიჯანული ძალები ქვეყნის ტერიტორიის 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

სომხურმა მხარემ მომხდარი დაუყონებლივ არ დაადასტურა, თუმცა იმავე დღეს, საღამოს დაინიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მომდევნო დღეს,სომხეთმა ოფიციალურად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რათა ორგანიზაციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, დაწყებულიყო ინციდენტთან დაკავშირებული განხილვები. 13 მაისს ნიკოლ ფაშინიანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ხოლო 14 მაისს ოფიციალური წერილით მიმართა მხარდაჭერის აღმოჩენის თხოვნის შესახებ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 მაისს აღნიშნული საკითხი წარმოადგინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დუშანბეს სამიტზე, მანამდე კი, ორი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ იყო საჭირო დამატებითი დაძაბულობა და რუსეთი მზად იყო შეესრულებინა მედიატორის როლი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში.

20 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობდა შეთანხმების სამუშაო ვერსია, ხოლო იგი “ხელს მოაწერდა ახალ შეთანხმებას, რადგან ეს უკანასკნელი 100 პროცენტით თანხვედრაში იყო სომხეთის ეროვნულ ინტერესებთან”. სომხური საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის თანახმად, ფაშინიანს არ უნდა მოეწერა ხელი არანაირ შეთანხმებაზე, რადგან იგი არჩევნებამდე არის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა გადაწყვიტოს ამგვარი საკითხები.

ოფიციალური ბაქო რამდენიმე დღე თავს იკავებდა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ “სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ზოლის გასწვრივ სამუშაოები არსებული რუკების მიხედვით ხორციელდებოდა.”

“სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს ვურჩევთ, პანიკას არ აჰყვნენ, მიიღონ რეალობა და რეგიონში ვითარება არ დაძაბონ”, – აცხადებდა მაშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოგვიანებით, 21 მაისს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზადაა, რათა ახალი შეთანხმება გააფორმოს სომხეთთან, რომელიც მთლიანად დაასრულებდა სამხედრო მეტოქეობასა და მინიმუმამდე დაიყვანდა სამომავლო რისკებს.


დღეს ნეტგაზეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირების შესახებ გამოაქვეყნა ინტერვიუ შტეფან მაისტერთან, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს რეგიონში შესაძლო სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეზეც.

რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

მასალების გადაბეჭდვის წესი