ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

25 მაისი, 2021 • 2618
რეგიონი უფრო სახიფათო ხდება – სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მაისის თვეში კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიზეზი, ამჯერად, სიუნიქის რეგიონში მდებარე შავი ტბის მონაკვეთია, რომელიც ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანს ეკუთვნის, ერევნის განცხადებით კი, ტერიტორია სომხეთის ნაწილია, აზერბაიჯანი კი მის უკანონოდ დაკავებას ცდილობს.

სასაზღვრო დაპირისპირებისას სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მოხდა ხელჩართული ჩხუბიც, რის შედეგადაც, სომხური მხარის ცნობით, 11 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა.

ნეტგაზეთი სასაზღვრო ინციდენტის შესახებ, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების შესაფასებლად და დაპირისპირების კიდევ ერთხელ განახლების შემდეგ რეგიონში შექმნილი ვითარების გასააზრებლად, ესაუბრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორს, კავკასიის საკითხებზე მომუშავე შტეფან მაისტერს.

[შტეფან მაისტერი წარსულში გახლდათ საგარეო ურთიერთობების გერმანული საბჭოს რობერტ ბოშის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრის დირექტორი].


აზერბაიჯანული მხარის პოზიციის თანახმად, ისინი სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას ახორციელებენ, სომხეთის თანახმად, ბაქო ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. რა მოტივები და მიზნები შეგვიძლია დავინახოთ განვითარებული მოვლენების მიღმა?

მთავარი პრობლემა სასაზღვრო ხაზის დემარკაციაა. საბჭოთა კავშირის დროს დემარკაცია არ არსებობდა, რადგან ამ დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შიდა საზღვარი ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვქონდა ყარაბაღის კონფლიქტი, მოგვიანებით კი, მუდმივი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რის გამოც ვერასდროს მოხერხდა საზღვრის დემარკაცია. ეს ახლა პრობლემაა.

მოვლენათა ახალი განვითარება არ არის მხოლოდ ყარაბაღთან დაკავშირებული. ეს უკვე არის სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანს სურს, გამოიყენოს თავისი დომინაცია, რათა დემარკაციის პროცესი თავისთვის საკეთილდღეოდ გამოიყენოს და რაც შეიძლება მეტი მიიღოს. მეორე პრობლემა, რაც დგას, ეს არის რუსეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში არსებული ინტერესი, რათა აშენდეს ახალი სატრანზიტო ხაზი, და ამ პროცესში, ის, თუ ვინ რა ტერიტორიას ფლობს, ითამაშებს მნიშვნელოვან როლს. შესაბამისად, არსებობს უფრო დიდი ინტერესები, ვიდრე მხოლოდ საზღვრის დემარკაცია, აქ დგას ასევე, ეკონომიკური ინტერესებიც.

სომხეთზე არის ზეწოლა, რომ დათანხმდეს ნახიჩევანის კორიდორისა და სავაჭრო გზების შექმნას, ასევე დათანხმდეს ახალ წესებს. აზერბაიჯანული მხარე, სომხეთის ტერიტორიაზე შებიჯებით, მოლაპარაკებებში ზრდის საკუთარ უპირატესობას დიპლომატიური ვაჭრობისას.

სომხეთმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, [ОДКБ] მოგვიანებით კი უშუალოდ ფაშინიანმა სთხოვა რუსეთს დახმარება 1997 წელს რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის პოზიცია არ აღმოჩნდა მკვეთრად პროსომხური, როგორც შესაძლოა ამას ავალდებულებდეს დადებული შეთანხმებები, სანაცვლოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ მას შეეძლო ,ორ მხარეს შორის მედიატორის როლი შეესრულებინა. რა შეგვიძლია ვთქვათ რუსეთის ქცევის მოტივებზე?

ვფიქრობ, ეს აჩვენებს, ერთი მხრივ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უფუნქციობას, რადგან ის არის არა ფუნქციონირებადი მულტილატერალური ორგანიზაცია, არამედ რუსეთის მიერ დომინირებული ორგანიზაცია, სადაც რუსეთი წყვეტს, თუ სად უნდა ჩაერიოს და სად – არა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის ინსტრუმენტი ან ინსტიტუტი, რომლის გამოყენებითაც სომხეთს შეუძლია ამ დაპირისპირების დასრულება.

რუსეთის პოზიციაა, რომ ისინი [სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად] შექმნიან სამმხრივ კომისიას საზღვრის დასადგენად.

ამჯერად ძალიან უცნაური ვითარებაა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რა მოილაპარაკეს მხარეებმა, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი შეასრულებს როლს და ეს როლი საკუთარ ინტერესებს მოემსახურება. ის ასევე გამოიყენებს ამ საკითხს ორივე სახელმწიფოსთან მიმართებაში. რუსეთი იქნება მთავარი გადამწყვეტი, თუ როგორ მოგვარდება საზღვრის საკითხი. ეს არის ძალიან ტიპური რუსული ქცევა. გადაწყვეტილებას იღებს არა მულტილატერალური ორგანიზაცია, არამედ თავად რუსეთი ორივე მხარესთან ვაჭრობის შედეგად.

რუსეთის ასეთი ინერტული პოზიცია სომხეთის მოთხოვნაზე, რომ რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე ინციდენტში, შეიძლება თუ არა აიხსნებოდეს იმით, რომ ეს კავშირშია სომხეთში დაგეგმილ არჩევნებთან და რუსეთი ამ გზით ცდილობს ნიკოლ ფაშინიანის დასუსტებას?

სომხეთი არის რუსეთის განსაკუთრებული ინტერესი. ის “ახლო საზღვარგარეთის” ნაწილია. რუსეთი მხარს უჭერს და, ამავდროულად, თავს ესხმის ნიკოლ ფაშინიანს, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტები თან არიან მხარდაჭერილნი და თან -არა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს.

ვინ იქნება საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი, ამას ვნახავთ მოგვიანებით, მაგრამ რუსეთი პირდაპირ ერევა და ვფიქრობ, რომ ეს სასაზღვრო ინციდენტიც არის საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენისა და გარე ძალების მიერ შიდა საკითხებში ჩარევის გამოვლინება.

მე იმასაც ვიტყოდი, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, გაამწვავოს სიტუაცია, რათა თავს დაესხნენ პიროვნულად ნიკოლ ფაშინიანს, რადგან აზერბაიჯანში იგი არ არის პოპულარული. შესაძლოა ესეც თამაშის ნაწილია.

თუმცა არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ფაშინიანის შეცვლა უნდა. პუტინს არაფერი აქვს ფაშინიანის საწინააღმდეგო. იგი არის სუსტი და რუსებს მისი კონტროლი შეუძლიათ. ეს არ არის ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის, ეს უფრო ხდება არჩევნებით მანიპულაციისა და შიდა აქტორების დასუსტებისთვის.

იმ შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანი რომ არ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, რუსეთის ქცევა იგივე იქნებოდა?

დიახ, მე ვფიქრობ, რომ ისინი კვლავ ასე მოიქცეოდნენ, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ სომხეთს, მაგრამ ასევე -აზერბაიჯანის კონტროლსაც. აზერბაიჯანს აქვს ინტერესები, შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ამით ითამაშოს. აზერბაიჯანიც პრიორიტეტია რუსეთისთვის. შესაბამისად, დიახ, სხვა პიროვნების შემთხვევაშიც რუსეთი კვლავ ასე მოიქცეოდა.

მინდა გადავიდე ე.წ. ანკლავების საკითხზე. სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში, მიკაელ მინასიანმა, როგორც თავად განაცხადა, გამოაქვეყნა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ სასაზღვრო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმების სამუშაო ვერსია, სადაც, მისივე თქმით, სომხეთი აზერბაიჯანს უთმობდა იმ ანკლავებს, რომელზეც კონტროლი სომხეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მინასიანის განცხადებას ერევანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა.  თუ ეს მართლაც ასე მოხდება, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს სომხეთის შიდა პოლიტიკაზე? 

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული წინა მმართველთან [იგი არის სერჟ სარქისიანის სიძე]. მას აქვს ინტერესი, რომ თავს დაესხას ნიკოლ ფაშინიანს. თუ ფაშინიანი ხელს მოაწერდა ამგვარ შეთანხმებას, ეს იქნებოდა პოლიტიკური სუიციდი.

მე ვფიქრობ, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს ომის ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ იგი შეძლებს ამ ადამიანების არჩევნებამდე უკან დაბრუნებას, ეს გაზრდის მის რეიტინგს. მაგრამ თუ ხელს მოაწერს ამგვარ შეთანხმებას, ეს იქნება პოლიტიკური სუიციდი.

ახლა მიმდინარეობს ოპოზიციური ბანაკის კამპანია, რომ თავს დაესხნენ ფაშინიანს და, ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ რა არის მართალი და რა არა. ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციული ომი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გასცდა მთიანი ყარაბაღის საკითხს და უკვე სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო კრიზისშიც გადაიზარდა. დამატებით, რა შეიძლება ამაზე ვთქვათ?

ეს დაპირისპირება აღარაა მხოლოდ ყარაბაღი. ეს შესაძლოა, გახდეს უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე აქამდე იყო, რადგან დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს სახელმწიფოთაშორის ომში.

ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, ასევე, რუსეთს გააჩნია საკუთარი ინტერესები. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოთაშორისი ომი, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია საგარეო აქტორებიც, რომელთაც საკუთარი ბენეფიტების მიღება სურთ, ეს კი კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ვითარებას, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ამ შემთხვევაში უფრო მეტი საგარეო აქტორი შემოდის რეგიონში, უფრო მეტი დაძაბულობაა და, ვფიქრობ, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებისა და ტრანზიტის მიმართულებით, ფრიად რთული ვითარებაა.

თქვენ ახსენეთ ეკონომიკური განვითარება. ბოლოდროინდელი დაპირისპირების გათვალისწინებით, რამდენად რეალურად გამოიყურება მხარეების მიერ დადებული ის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომის დასრულების შემდეგ უნდა აღმდგარიყო სავაჭრო და სატრანსპორტო გზები? 

გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის შესახებ გარკვეულწილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

არსებობს არაერთი პოზიტიური მოსაზრება, რომ ეს პოტენციურად სასარგებლო იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.

არაერთი კითხვა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, კვლავ პასუხგაუცემელია. არსებობს უფრო მეტი სიძულვილი მხარეებს შორის. სომხეთში ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც შესაძლოა ადგილობრივმა მთავრობამ განახორციელოს, პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება. ამის გამო ძალიან ძნელია რაიმე კომპრომისი.

მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ რეგიონი ხდება მშვიდობიანი სივრცე, სადაც შეგიძლია ააშენო ინფრასტრუქტურა და განავითარო ვაჭრობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლო ომის გათვალისწინებით, რეგიონი უფრო სახიფათო ხდება.

შესაბამისად, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ახალი სატრანზიტო გზების, უცხოური ინვესტიციების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად უსაფრთხოების მიმართ.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა როლი შეუძლია ითამაშოს დასავლეთმა მხარეებს შორის მედიაციის კუთხით. რჩება თუ არა დასავლეთისთვის ადგილი რეგიონში?

დასავლეთს შეეძლო დახმარებოდა მხარეებს საზღვრების დემარკაციაში. მას შეეძლო შეექმნა ფუნქციონირებადი მრავალმხრივი ფორმატი, რომელიც იპოვიდა კარგ კომპრომისულ გზას საზღვრების დემარკაციისთვის. ეს არის ძალიან მნიშნველოვანი ახლა.

ამჟამად ამას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ. არის ძალიან ბევრი განცხადებები და კრიტიკა დასავლეთის დედაქალაქების მხრიდან, მაგრამ, პირველ რიგში, ვხედავ რუსეთს, რომელიც რეალურად მოქმედებს.

დასავლეთს შეეძლო მრავალმხრივი ფორმატის შექმნა, რომელიც იმუშავებდა ნამდვილ მშვიდობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ისეთი ლიდერები, როგორიცაა, მაგალითად, მაკრონი, იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ განცხადებებია.


12 მაისს სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სიუნიქის რეგიონში, რომელიც სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს, “შავი ტბის” მიდამოებში, აზერბაიჯანული ძალები ქვეყნის ტერიტორიის 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

სომხურმა მხარემ მომხდარი დაუყონებლივ არ დაადასტურა, თუმცა იმავე დღეს, საღამოს დაინიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მომდევნო დღეს,სომხეთმა ოფიციალურად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რათა ორგანიზაციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, დაწყებულიყო ინციდენტთან დაკავშირებული განხილვები. 13 მაისს ნიკოლ ფაშინიანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ხოლო 14 მაისს ოფიციალური წერილით მიმართა მხარდაჭერის აღმოჩენის თხოვნის შესახებ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 მაისს აღნიშნული საკითხი წარმოადგინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დუშანბეს სამიტზე, მანამდე კი, ორი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ იყო საჭირო დამატებითი დაძაბულობა და რუსეთი მზად იყო შეესრულებინა მედიატორის როლი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში.

20 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობდა შეთანხმების სამუშაო ვერსია, ხოლო იგი “ხელს მოაწერდა ახალ შეთანხმებას, რადგან ეს უკანასკნელი 100 პროცენტით თანხვედრაში იყო სომხეთის ეროვნულ ინტერესებთან”. სომხური საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის თანახმად, ფაშინიანს არ უნდა მოეწერა ხელი არანაირ შეთანხმებაზე, რადგან იგი არჩევნებამდე არის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია, რათა გადაწყვიტოს ამგვარი საკითხები.

ოფიციალური ბაქო რამდენიმე დღე თავს იკავებდა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ “სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ზოლის გასწვრივ სამუშაოები არსებული რუკების მიხედვით ხორციელდებოდა.”

“სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს ვურჩევთ, პანიკას არ აჰყვნენ, მიიღონ რეალობა და რეგიონში ვითარება არ დაძაბონ”, – აცხადებდა მაშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოგვიანებით, 21 მაისს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზადაა, რათა ახალი შეთანხმება გააფორმოს სომხეთთან, რომელიც მთლიანად დაასრულებდა სამხედრო მეტოქეობასა და მინიმუმამდე დაიყვანდა სამომავლო რისკებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი