ახალი ამბები

“ჩვენს დანგრეულ სახლებში დავბრუნდით” — რა ხდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ

22 მაისი, 2021 • 2123
“ჩვენს დანგრეულ სახლებში დავბრუნდით” — რა ხდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ

ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ღაზის სექტორი ჰუმანიტარული დახმარების პირველ კოლონებს იღებს, იძულებით გადაადგილებული ათობით ათასი ადამიანი კი საცხოვრებელს უბრუნდება. არაერთ მათგანს თავისი სახლი დანგრეული ხვდება. ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ დიდძალ თანხაზე, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენის ხანგრძლივი პროცესისთვის იქნება საჭირო.

ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 11-დღიან კონფლიქტს, სულ მცირე, 248 პალესტინელი შეეწირა, რომელთა შორის 100 – ქალი და ბავშვია. თავის მხრივ, ისრაელი ამბობს, რომ გასული დღეების მანძილზე 225 შეიარაღებული მებრძოლი მოკლა. ისრაელის მხარეს დაღუპულია 13 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

“სრულიად დანგრეულ სახლებში დავბრუნდით”

ისედაც გაღარიბებული ღაზის სექტორის ინფრასტრუქტურა კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა არაერთი ნაგებობა, მათ შორის, მაღალსართულიანი კორპუსები, დაზიანდა გზები და წყალმომარაგების სისტემა. Unicef-ის თანახმად, 100 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

პალესტინელი ოფიციალური პირები ინფრასტრუქტურის აღსადგენად ათეულობით მილიონი დოლარის საჭიროებაზე საუბრობენ. ღაზის განსახლების სამინისტროს მონაცემებით, 1 800 სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა, 1 000 კი — მთლიანად დაინგრა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დასძენენ, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენას დასჭირდება “წლები, თუ არა ათწლეულები”.

“დავბრუნდით ჩვენს სახლებში და არ გვაქვს ადგილი, რომ დავსხდეთ, არ გვაქვს წყალი, არ გვაქვს ელექტროენერგია, არ გვაქვს საწოლები… არაფერი გვაქვს. ჩვენს სრულიად დანგრეულ სახლებში დავბრუნდით”, — ციტირებს Reuters სამირა აბდალლაჰ ნასერს ღაზის სექტორის ქალაქ ბაით ჰანუნიდან, რომელიც ამბობს, რომ 2-სართულიანი სახლი ნანგრევებად ექცა.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, გაერომ ღაზაში საკვებით, მედიკამენტებითა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დატვირთული 13 მანქანა გაგზავნა. ამასთან, AP-ს ცნობით, ორგანიზაციამ გამოყო $18.6 მილიონი, გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სახით.

ღაზის სექტორი წარმოადგენს პალესტინელებით მჭიდროდ დასახლებულ ექსკლავს, რომელსაც  2006 წლიდან პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფება “ჰამასი” მართავს. ამ უკანასკნელის მიერ ძალაუფლების აღებას მოჰყვა ბლოკადა მოსაზღვრე ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან.

დღეს ღაზა განიცდის როგორც ელექტროენერგიის, ისე საკვებისა და წყლის პრობლემას, რასაც ბოლო 1 წელიწადში პანდემიის კრიზისიც დაემატა.

ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ბოლო კონფლიქტი 10 მაისს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან.

ამის შემდეგ ღაზიდან ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყეს, ისრაელმა კი საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაზე.

რა ხდება ისრაელში?

ისრაელის თავდაცვის ძალებში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თქვეს, რომ ხსნიან გადაადგილებაზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ღაზის მოსაზღვრე დასახლებებში.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 23 მაისიდან სრული დატვირთვით განაახლებენ მუშაობას სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც კონფლიქტის გამო სათანადოდ ვერ ფუნქციონირებდნენ.

ისრაელის თანახმად, გასულ დღეებში ღაზის მხრიდან 4 300 რაკეტა ისროლეს, რომელთა 90%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა. რაკეტების ნაწილმა მიწამდე მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

დარტყმები, ძირითადად, ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის ქალაქებზე ხორციელდებოდა.

გამარჯვებაზე ორივე მხარე საუბრობს

ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ცეცხლი 20 მაისის ღამით შეწყდა. ამის შემდეგ ორივე მხარე აცხადებს, რომ 11-დღიან კონფლიქტში წარმატებას მიაღწია და გაიმარჯვა.

“ჰამასის” ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ხსენებულმა კონფლიქტმა “გახსნა კარი ახალი ფაზისკენ, რომელიც მრავალ გამარჯვებას იხილავს”. Reuters-ის თანახმად, 11-დღიანი დაპირისპირება მან შეაფასა წარმატებულ წინააღმდეგობად ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით მეტად ძლიერი მტრისადმი.

ღაზის ქუჩებში შეთანხმების მიღწევა ათასობით პალესტინელმა იზეიმა. ერთ-ერთმა 20 მაისი “გამარჯვებისა და თავისუფლების დღედ” შეაფასა. პალესტინელებმა საზეიმო შეკრებები გამართეს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზეც.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დასძენს, რომ მისი ქვეყნის ძალებმა “ჰამასს” მიაყენეს “მაქსიმალური ზიანი მინიმალური დანაკარგებით ისრაელში”. მისი თქმით, მოკლულია 200-ზე მეტი შეიარაღებული, მათ შორის, 25 მეთაური.

შეიარაღებული დაჯგუფებები “ჰამასი” და “ისლამური ჯიჰადი” 20 დაღუპულ მებრძოლზე საუბრობენ.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან, კვლავ მოხდა შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის, თუმცა ზემოხსენებული შეთანხმება არ დარღვეულა.

ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც კვლავ თქვა, რომ ორი სახელმწიფოს მოდელი(ისრაელი და პალესტინა) კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა და მშვიდობა ვერ დამყარდება, სანამ რეგიონი არ აღიარებს ისრაელის უფლებას, იარსებოს.

მისივე თქმით, აშშ დააორგანიზებს საერთაშორისო დახმარების პაკეტს ღაზის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

გასულ დღეებში ბაიდენი საკუთარ პარტიაშიც გააკრიტიკეს როგორც ისრაელთან დამოკიებულების, ისე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოწოდების უარყოფის გამო.

რა ხდებოდა შეიარაღებულ კონფლიქტამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

კონფლიქტამდე რამდენიმე კვირით ადრე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბული იყო. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდებოდა. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა გადადო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი