ახალი ამბებიეკონომიკა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 54 ქართველია დასაქმებული – სააგენტო

17 მაისი, 2021 • 4253
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 54 ქართველია დასაქმებული – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი 27 ვაკანსიაა 632 ვაკანტური სამუშაო ადგილით, რაზეც სააგენტომ დაახლოებით 730 განაცხადი გაგზავნა და მათგან პასუხს ელის.

კითხვაზე, დაახლოებით რა პერიოდში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამგზავრებას, სააგენტოდან წერილობით გვიპასუხეს, რომ მათი გამგზავრების სავარაუდო თარიღი სხვადასხვა იქნება და მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე, შემოდგომის სეზონურ სამუშაოებს.

“საინფორმაციო შეხვედრები ამ ეტაპზე გაიმართა ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, ზემო იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული რეგიონების წარმომადგენელთა განაცხადები გაიგზავნა უკვე მოწოდებულ ვაკანსიებზე.

აქვე განვმარტავთ, რომ გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო ამ ეტაპზეც აგრძელებს გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან სათანადო ვაკანსიების მიღებას, რომელსაც მოაწვდის ქართულ მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ვაკანსიის პირობები იქნება თანხვედრაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების პრინციპებთან”,-აცხადებენ სააგენტოში.

14 აპრილს სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე პირველი ჯგუფი გაემგზავრა. ჩვენ დავინტერესდით, ამ ეტაპზე სააგენტომ, ჯამში, რამდენი მოქალაქის დასაქმება შეძლო გერმანიაში. უწყებაში აცხადებენ, რომ 14 მაისის მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმდა დამატებით სამი ჯგუფი (სულ ოთხი ჯგუფი), რაც 54 ადამიანია.

“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა გამგზავრებულ ჯგუფთან, პრობლემური საკითხების/გაუგებრობების არსებობის შემთხვევაში კი მათი გადაჭრისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება ხდება გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსთან კოორდინაციით, რომელიც არის ძირითადი პარტნიორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებათა მხრიდან, გერმანული მხარის მიერ”,-აცხადებენ სააგენტოში.

საწყის ეტაპზე სააგენტომ აპლიკანტები აჭარა-გურიის რეგიონიდან შეარჩია. აქედან გამომდინარე, ვკითხეთ, ამ ეტაპზე რომელ რეგიონებში მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, რაზეც სააგენტომ წერილობით გვიპასუხა, რომ უახლოეს პერიოდში საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლში ჩატარდება:

“რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ამ კუთხით ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) კრიტერიუმი არის რეგიონი, სათანადოდ არსებული ადამიანური რესურსების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა აჭარაში, გურიაში, ზემო იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქვემო ქართლი. შესაბამისად, ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

აქვე განვმარტავთ, რომ შეთანხმების მოქმედების ვადები არ არის შეზღუდული დროში და გაგრძელდება არა მხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც. შესაბამისად, რეგიონების დაფარვა მოხდება როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლებშიც”.

გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნაცვლად 500-ადამიანის კვოტისა, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე შეძლებდნენ დასაქმებას, 2021 წელს 5000 ადამიანის კვოტა დაწესდა.

“ქართული მხარის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კვოტა გაფართოვდა. 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.


საქართველოდან სატაცურის საკრეფად გერმანიაში ჩასულ მუშახელზე საკმაოდ ბევრი იწერება გერმანულ მედიაში. გერმანელი ფერმერები მედიასთან აცხადებენ, რომ ისინი კმაყოფილი არიან ქართველების შრომით. ფერმერების თქმით, შემდეგ წლებში მუშახელ,ს სავარაუდოდ, საქართველოსთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც – მაგალითად, უკრაინიდან და მოლდოვიდან მიიწვევენ.

კმაყოფილები არიან ქართველებიც, რომლებიც სატაცურს კრეფენ. ერთ-ერთი ქალი Ost West-ის ჟურნალისტს ქართულად უყვება, რომ გერმანიაში გამომუშავებული ფულით ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას აპირებს.

Ost West-ის ჟურნალისტი თავის მაყურებელს მოუყვა იმის შესახებაც, თუ რა უთხრა ერთ-ერთმა ქართველმა კამერის მიღმა: ეს ადამიანი ადრე თურქეთში მუშაობდა – მუშაობდა 12 საათს, გერმანიაში კი ხელშეკრულებაში უწერიათ მხოლოდ 8 საათი ერთსაათიანი შესვენებით. მას სურდა ემუშავა მეტი, ისე როგორც მის სხვა ყველა კოლეგას, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებაში წერია 8 სამუშაო საათი.

გერმანელებისთვის საყვარელი ბოსტნეულის – სატაცურის ფასი წელს 30-40 პროცენტით გაიზარდა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ პანდემიის გამო გასულ წელს ვერ მოხერხდა მუშახელის ჩაყვანა რუმინეთიდან: ერთი მხრივ, ძალიან გაძვირდა მგზავრობა, მეორე მხრივ კი, ფერმერებს კოვიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე მუშებისთვის საცხოვრებლის აშენებაც მოუხდა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია სატაცურის ფასზე.

კადრი Ost West-ის სიუჟეტიდან

საზღვრების ჩაკეტვის გამო ფერმერებმა სცადეს თავად გერმანელების დაქირავებაც – მაგრამ, როგორც ერთ-ერთი ფერმერი აცხადებს, ისინი მინდვრებიდან გაიპარნენ.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველ მუშახელს საათში 9.5 ევროს უხდიან.

გერმანიაში დასაქმების სურვილი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ეს საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტია.

მთავარი ფოტო: კადრი tagesschau-ს სიუჟეტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი