ახალი ამბები

“პუტინთან ვისაუბრე პალესტინაში საერთაშორისო ძალების გაგზავნის შესახებ” – ერდოღანი

12 მაისი, 2021 • 2441
“პუტინთან ვისაუბრე პალესტინაში საერთაშორისო ძალების გაგზავნის შესახებ” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რა დროსაც მხარეებმა ისაუბრეს კორონავირუსის რუსული ვაქცინის თურქეთისთვის მიწოდებისა და პალესტინაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ერდოღანის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბრა ისრაელში გაეროს ფორმატით საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნის შესახებაც.

“სატელეფონო საუბრის დროს ჩვენ გავნიხილეთ სპუტნიკი V-ის მიწოდების საკითხი და პალესტინაში განვითარებული მოვლენები.

მე დავაფიქსირე, რომ ისრაელსუნდა მიეცეს მკაცრი მაგალითი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

მე ხაზი გავუსვი იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ჩაერიოს მანამ, სანამ კრიზისი კიდევ უფრო გაიზრდება და საბჭომ უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია ისრაელის მიერ თავდასხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მე ასევე წამოვაყენე იდეა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნა რეგიონში დაიცავდა პალესტინელ სამოქალაქო პირებს. მე ასევე დავაფიქსირე, რომ ყველა ამ საკითხის ირგვლივ თურქეთი და რუსეთი აჩვენებენ მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში”, – ნათქვამია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ყავს, რომლებიც საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებით სარგებლობენ. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ისრაელში პალესტინელ მოსახლეობასა და ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო ჯგუფებსა და ისრაელის საპოლიციო და თავდაცვის ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც თავდაპირველად იერუსალმიში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო, მოგვიანებით კი ორმხრივ დაბომბვებში გადაიზარდა.

დაძაბულობების წინაპირობებზე ვრცლად იხილეთ სტატია:

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი