ახალი ამბები

ნიკა მელიას პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა

10 მაისი, 2021 • 596
ნიკა მელიას პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი