ახალი ამბები

სანიკიძის თქმით, “ისეთი პირი უჩანს”, რომ პარლამენტში ყველა შევა და ის გარეთ დარჩება

7 მაისი, 2021 • 11586
სანიკიძის თქმით, “ისეთი პირი უჩანს”, რომ პარლამენტში ყველა შევა და ის გარეთ დარჩება

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს “ისეთი პირი უჩანს”, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ, თავად კი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩება. ამის შესახებ სანიკიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვითარდება თუ არა მოვლენები ისე, რომ ყველა ოპოზიციონერი შევა პარლანეტში და ის გარეთ დარჩება, სანიკიძემ უპასუხა, რომ “ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს”.

“ჩემთვის სამწუხაროა ძალიან და ქვეყნისთვისაც საზიანოა ის გაუგებრობები, რაც ოპოზიციაში წამოვიდა და ურთიერთდაპირისპირებას არ დავარქმევ, მაგრამ საყვედურებით საუბარი ერთმანეთთან.

მე არ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა იმიტომ, რომ მე არც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიჯექი, არც გადაწყვეტილებებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც ჩანს, იქ [ოპოზიციაში] ძალიან ბევრი რამ გაურკვეველი იყო და ამიტომ, როცა უპრეცედენტო ერთობაზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, მართლაც უპრეცედენტო ერთობა იყო ეს იმიტომ, რომ მსგავსი ერთობა მე არ გამიგია. არც საერთო ორგანო შექმნეს, არც საერთო იერარქია ჰქონდათ, არც ფუნქციები ჰქონდათ გადანაწილებული. მგონი, ვერ ხვდებიან, როგორ ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის თვალში”, – განაცხადა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის წევრია, თუმცა 2 ნოემბერს “მთავარი არხის”-ის პირდაპირ ეთერში მას და პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სანიკიძე გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად აღარ იყო ჩართული.

“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არცერთ ვარიანტში არ ვაპირებ”, – განაცხადა სანიკიძემ 2020 წლის 4 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი