ახალი ამბები

სასამართლომ უარი მითხრა ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე – სანიკიძე

8 აპრილი, 2023 •
სასამართლომ უარი მითხრა ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე – სანიკიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ 7 აპრილს „ტვ პირველთან“ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილის ცილისწამებისთვის უჩიოდა. სანიკიძის თქმით, იცოდნენ, რომ ამ სარჩელის განხილვა ხმაურიანი იქნებოდა და ამიტომ „ჩააქრეს“.

„სარჩელი შევიტანეთ და 3 დღეში მოგვივიდა პასუხი. სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე, არასაკმარისი მტკიცებულებააო. 3 მილიონმა კაცმა უყურა იმას ეთერში, როგორ ცილი დამწამა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თან სამი CD დისკი დავურთეთ ამას ფაქტოლოგიად და პასუხში წერია, რომ ფაქტოლოგია არ არის საკმარისიო. მოსამართლე არის ვინმე არჩილ კოჭლამაზიშვილი[…]

გარდა ამისა, წერია, რომ დასაბუთება არ არის. კიდევ წერია, რომ რას ვითხოვ გაუგებარია. არადა, ვითხოვ, რომ მან ოფიციალურად და აღიად უარყოს თავისი ნათქვამი და მოიხადოს ბოდიში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს კონვენციური უფლება ჩამომართვეს, რომ სასამართლო გამოვიყენო და უბრალო მოქალაქეს რას უზამენ?! ღარიბაშვილმა გამოაცხადა ღია და სრული კაპიტულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ნეტგაზეთთმა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სასამართლოსთანაც სცადა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

24 მარტს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუბაზ სანიკიძეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ 100 000 დოლარი აქვს აღებული, რის შემდეგაც სანიკიძემ „დაიგინა“. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გასულ სანიკიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი